
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 5.6% შეადგინა.
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ყველაზე დიდი გავლენა ფასების ზრდაზე საწვავის გაძვირებამ მოახდინა - ბენზინი წლიურად 30%-ით, დიზელი კი 54%-ით არის გაძვირებული.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.4%-ით გაიზარდა.
ფასები გაძირებულია ტრანსპორტზეც 18.7%-ით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე - 6.2%-ით. სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.3%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 9.2%-ით, ჯანდაცვა - 8%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 2.9%-ით, ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა - 0.6%-ით.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9%), პური და პურპროდუქტები (6.9%), ზეთი და ცხიმი (4.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.4%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (10.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.8%);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8%-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.5%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.8%);
განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.5%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.55 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9%). ამასთან ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (7%), დონით განუსაზღვრელი განათლება (6.8%) და საშუალო განათლება (6.6%).