რეზონანსი
02.10.2026

პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს -  ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს -  ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული. 

გიორგი დავითაძე, რომელიც "ოცნების" ყოფილი დეპუტატის,  ავთანდილ დავითაძის შვილია, დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის ორ ეპიზოდზე საუბრობს, ასევე ამბობს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ციხეში სუიციდის მცდელობაც ჰქონდა. 

მსჯავრდებული ამბობს, რომ არსებობს უმძიმესი დანაშაულის ამსახველი კადრებიც, რომელიც მისი თქმით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმაც ნახა, როდესაც  მეექვსე პენიტენცირი დაწესებულებაში მასთან შესახვედრად იმყოფებოდა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური კი კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობა დავითაძის მიმართ არ ყოფილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×