რეზონანსი
01.10.2026

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" 24-საათიან საპროტესტო აქციის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქციელი „სირცხვილი და თავის მოჭრა იყო", რადგან 24-საათიან საპროტესტო აქციის მიუხედავად არავინ გამოხმაურებია და სტანდარტული პასუხიც კი არ მისწერეს.

„პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" ზვიად ცეცხლაძემ განაცხადა, რომ ერთადერთი გამოსავალია ძალიან ხალხმრავალი აქცია, სადაც იქნება ისეთი აქტივობები, რაც მათ აიძულებს, რომ გამოვიდნენ, დაელაპარაკონ აქციის მონაწილეებს და პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ.

„შევიტანეთ განცხადება და ერთადერთი, რაც გააკეთეს, ამ განცხადებას ნომერი მიანიჭეს და გვაცნობეს, რა ნომრის ქვეშ იყო. ამჯერად წერილობითი, სტანდარტული პასუხიც კი, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ და არ შეიძლება პრეტენზია გვქონდეს მათთან, არ მოგვწერეს. საერთოდ არ გამოგვეხმაურნენ, საერთოდ საინფორმაციოშიც არ ახსენეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კარებთან არის ვინმე მოსული და რაღაც აქციას მართავენ. ამჯერად სრული სირაქლემას პოზიცია იყო, თითქოს პრობლემა არ არსებობს.

ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ მშობლებმა, ქარში, ავდარში,წვიმაში, თოვაში, ჩვენ არ მოვრიდებივართ და არ შეგვშინებია არავისი, არც ხელისუფლების ზეწოლის,არც ჯარიმების, არც დაპატიმრების, არც დევნის. 45 ჯარიმა მარტო მე მაქვს და 7 ჩემს მეუღლეს, სამსახურიც დავკარგე, ყველაფერი გაგვიკეთეს, მაგრამ ჩვენ, მშობლებმა გადავდეთ თავი იმისათვის, რომ ამ მიმართულებით შედეგს მიგვეღწია. აშკარად ამ მომენტში ჩვენს ძალებს აღემატება ამის მიღწევა. აქედან გამომდინარე იყო მიმართვა საზოგადოებისადმი, რომ ახლა თქვენი ჯერია. მე ვფიქრობ, რომ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და გვერდში დგომა გვინდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გუშინდელი საქციელი სირცხვილი და თავის მოჭრა იყო. 24 საათის განმავლობაში ისეთი რაღაცები იკადრეს, ისეთი იგნორი, რომ ეს ლაქა რომ ჩამოირეცხონ, მრავალი წელი დასჭირდებათ. საზოგადოებრივი კონსოლიდაციის გარეშე არ არ ხდება ის, რომ იქ შევაღწიოთ, აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალია ძალიან ხალხმრავალი აქცია. იქვე გვექნება ისეთი აქტივობები, რაც მათ აიძულებს, რომ გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ და პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ", - განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×