
იმის გამო, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავი გაძვირდა, ფერმერები ხილ-ბოსტნეულის გაძვირებასაც ვარაუდობენ. ახლა მთავარია, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო, როგორც ადგილობრივი ბაზრის, ასევე ფერმერების დასაცავად. სპეციალისტების შეფასებით, გამოსავალი არსებობს - სიტუაციის დასარეგულირებლად აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, როგორც დიზელის საწვავის აქციზის დროებით შემცირება, ასევე თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების შემოტანა, პარალელურად ალტერნატიული საწვავის გამოყენებაც.
ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ვახტანგ ბეჟიტაშვილის ინფორმაციით, ვინაიდან დიზელის ფასი სოფლის მეურნეობის წარმოების ხარჯებზე პირდაპირ აისახება, არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ხილ-ბოსტნეული შესაძლოა, 20%-ით გაძვირდეს.
„რა თქმა უნდა, საწვავის გაძვირება ძალიან მტკივნეულია. არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, არამედ ზოგადად, ნებისმიერი მომსახურება გაძვირდება და გვინდა თუ არა, ეს ყველაფერი კავშირშია პროდუქციის მწარმოებლებთან. ამ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის წარმოების დანახარჯებში დიზელის საწვავის ხვედრითი წილი საკმაოდ მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ ხვნა-თესვიდან დაწყებული, შემდეგ პროდუქციის მოყვანის თუ საბოლოო ადრესატამდე მიტანის ჩათვლით, ყველგან გამოიყენება საწვავი.
რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, დაზარალდება მოსახლეობა და მომხმარებელი. პროდუქციის მწარმოებელი საწვავში ძვირს რომ გადაიხდის, იძულებული გახდება ძვირად გაყიდოს, ვერ იზარალებს და მაღალი ფასის გადახდა უკვე უშუალოდ მოსახლეობას მოუწევს. ზუსტად რამდენით შეიძლება გაძვირდეს, ამის თქმა ახლა შეუძლებელია, რადგან ბაზარი მაინც მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება. ამიტომ შეიძლება გარკვეული მიმართულებით იაფმა იმპორტმა ჩაანაცვლოს ადგილობრივი ნაწარმი“, - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
შესაძლოა, იმპორტზე დამოკიდებულება საგრძნობლად გაიზარდოს. თანაც სამეზობლოში, საწვავის პრობლემა არ აქვს არც ირანს და არც აზერბაიჯანს.
„სახელმწიფო იმ ქვეყნებში ძალიან ეხმარება აგრარულ სექტორს, მათ შორის, თურქეთშიც. როდესაც ფასის ნაზტომისებური მატებაა, გარკვეულ ზომებს მიმართავენ, როგორც საექსპორტო პროდუქციაზე, ისე შიდა მოხმარების ნაწარმზე, ეხმარებიან ფერმერებსაც. მთელი რიგი რეალური პროგრამებია და მიზანს აღწევენ.
ჩვენთან, სამწუხაროდ, ის სუბსიდიები, რაც არსებობს, სოციალური დახმარების ხასიათს უფრო ატარებს და არანაირი ხელშესახები შედეგი არ გვაქვს. წლების განმავლობაში ვუყურებთ დაკარგულ თანხებს. ამიტომ, გაიზრდება იმპორტის წილი და ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო შემცირებას უნდა ველოდოთ, თუ რაიმე ზომები არ მიმართა მთავრობამ“, - განაცხადა "ბიზნესპრესნიუსთან" ბეჟიტაშვილმა.
პრობლემას ადასტურებენ სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები. კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია გერმანიის მაგალითს მიბაძოს, სადაც დიზელის საწვავის აქციზის გადასახადი დროებით შეამცირეს. თუმცა, ეს საკმარისი არ იქნება და აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარებაც.
„რა თქმა უნდა, საწვავის გაძვირება ხილ-ბოსტნეულის ფასს გაზრდის, რადგან არ არსებობს სასოფლო-სამეურნეო ოპერაცია, რომელშიც არ მონაწილეობს ტექნიკა. აქ კი გადამწყვეტი როლი ენიჭება საწვავს და შედეგად, პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა მის ფასსა და საბოლოო პროდუქციის ფასს შორის. რამდენადაც მოიმატებს საწვავის ღირებულება, იმაზე მეტად გაძვირდება მიღბული მოსავლის საბოლოო ფასი. ფაქტობრივად, ეს ერთი ჯაჭვია, რომელიც რგოლებისგან შედგება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ რგოლს, რომელსაც საწვავი ეწოდება.
სიტუაციის დასარეგულირებლად, ყველაზე კარგი გერმანიის მაგალითია ქართველი ფერმერებისთვის. დიზელის საწვავის აქციზის შემცირებასთან ერთად, ბუნებრივია, დღის წესრიგში უნდა დადგეს შესაბამისი, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების შემოტანა საქართველოში და პარალელურად ალტერნატიული საწვავის გამოყენების საკითხებიც, ვგულისხმობ მწვანე წყალბადის გამოყენებას. მასობრივად უნდა წავიდეს ამის მიმართულებით კვლევები, რათა ქართველმა ფერმერებმა შეძლონ არა მარტო წყალბადის, ასევე ბიოდიზელის და ზოგადად, ბიოსაწვავის წარმოება“, - განუცხადა „რეზონანსს“კობალაძემ.
განსხვავებული პოზიცია აქვს ფერმერსა და ბიზნესმენს ბექა გონაშვილს, რომლის აზრითაც დიზელზე აქციზის შემცირება, თუნდაც დროებითი ღონისძიების სახით, უშედეგო იქნება. მისი თქმით, თუ ზუსტად გვეცოდინება, რომ მეზობელ ქვეყნებში, საიდანაც ხილ-ბოსტნეულის იმპორტი შემოდის საქართველოში, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ საწვავის გაძვირების გამო, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, ანალოგიური ღონისძიებები გავატაროთ საქართველოშიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, სუბსიდირებას აზრი არ აქვს.
„დიახ, ხილ-ბოსტნეულის გაძვირება გარდაუვალია და ეს დაკავშირებულია დიზელის და ბენზინის ფასის ზრდასთან. საწვავზე ვართ დაკავშირებული ყველაფრით და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობით. რაც შეეხება აქციზის შემცირებას, თუნდაც დროებით, არ მგონია, გამართლებული იყოს.
მოდით, სხვაგვარად შევხედოთ საკითხს. გრძელვადიან პერსპექტივაში ველოდებით, რომ მაგალითად, მომავალ წელს საწვავის ფასები დაიკლებს? ხომ ყველამ ვიცით, რომ აშშ-ირანს შორის ომის გამო არის გაძვირებული საწვავი და დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ წელს ომი აღარ იქნება? ამაში დარწმუნებული არავინ არის და აქედან გამომდინარე, დღეს თუ სახელმწიფო სუბსიდირებას დაიწყებს, ხვალაც ხომ იგივე საჭიროება იქნება? ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს, რომ ყველაფერი დაასუბსიდიროს.
სწორად გამიგეთ, რას ვამბობ: თუ სახელმწიფო ხედავს, რომ ხვალ და ზეგ ეს პრობლემა არ გამოსწორდება, რატომ უნდა ჩაყაროს ამაში ფული? მაგრამ თუ ის ქვეყნები, საიდანაც ჩვენთან შემოდის ხილ-ბოსტნეული, აპირებენ, რომ გარკვეული ღონისძიებები გაატარონ საწვავის გაძვირების გამო, მაგალითად, ექსპორტი წაახალისონ, ამ შემთხვევაში, ჩვენც გარკვეული ღონისძიებები უნდა გავატაროთ, სარკისებური პრინციპით. სხვა შემთხვევაში, თუ იქაც გაძვირდება, მაშინ, რა აზრი აქვს სუბსიდირებას?“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ბექა გონაშვილმა.