თამთა ჩაჩანიძე
01.10.2026

ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ფუნქცია უმთავრესად ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი, სატრანზიტო ქვეყნის კონტექსტში წარმოაჩინა. თუმცა, სწორედ ამ გზავნილმა გააჩინა კითხვები, მათ შორის ოპოზიციაშიც - რატომ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ევროინტეგრაციის პოლიტიკური დღის წესრიგი და ხომ არ ცდილობს ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობისთვის ახალი არგუმენტის შექმნას, სადაც საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა შესაძლოა დიალოგის აღდგენის ერთ-ერთ საფუძვლად განიხილებოდეს?

„თუ არჩევნები ისევ ისე წარიმართა ოპოზიციის მხრიდან, როგორც 2024-2025 წლებში იყო, ევროკავშირი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დაიწყებს თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან". სწორედ ამაზე აქვს გათვლა „ოცნებას" - აცხადებს პოლიტიკური მიმომხილველი პაატა ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსები ძირითადად თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოს სატრანზიტო და რეგიონული დაკავშირებადობის ფუნქცია შეიძლება დასავლეთთან თანამშრომლობის ერთ-ერთ პრაქტიკულ მიმართულებად იქცეს. მაგრამ, ამასთანავე, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანამშრომლობა ავტომატურად არ ნიშნავს პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენას. მათი შეფასებით, ამან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკა შეიძლება შეამციროს და ურთიერთობები კონკრეტულ, მათ შორის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანამშრომლობის ფორმატში გაგრძელდეს.

ამას გარდა, ხაზს უსვამენ იმასაც, რომ სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო მიმართულებების მნიშვნელობა იზრდება და „შუა დერეფნის" განვითარება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას არ უკავშირდება, არამედ აზერბაიჯანის, ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ინტერესებსაც მოიცავს. აქ გადამწყვეტი 2028 წლის არჩევნები იქნება - თუ „ქართული ოცნება" კვლავ ხელისუფლებაში დარჩება და ოპოზიცია ეფექტურ პოლიტიკურ კონკურენციას ვერ შეძლებს, ევროპამ შესაძლოა არსებული პოლიტიკური რეალობა მიიღოს და თბილისთან პრაქტიკული თანამშრომლობა გააგრძელოს.

დაკავშირებადობა, როგორც პოლიტიკური დიალოგის დაწყების შანსი?

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დაკავშირებადობის პროექტები ნამდვილად შეიძლება გახდეს დასავლეთთან თანამშრომლობის სფერო და გარკვეული დიალოგის საფუძველი, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენას. მისი თქმით, შესაძლებელია მხარეებმა, პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, ორმხრივად მომგებიან ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ითანამშრომლონ.

„ნამდვილად შეიძლება, ოღონდ დიალოგი უნდა დავაზუსტოთ. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, ქალბატონ პრაისის განცხადებას გავეცანი, ისაუბრა ასეთ დიდ პროექტზე, რომელმაც მომავალში ძალიან დიდი მოგება და შედეგები უნდა მოიტანოს. ეს გაკეთდება და ამაზე თანამშრომლობა იქნება. თუმცა ასეთი პროექტების განხორციელება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური მეგობრობა აღდგება.

  • პეტრე მამრაძე: „დიალოგი დაკავშირებადობაზე ნამდვილად შეიძლება თუმცა, ასეთი პროექტების განხორციელება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური მეგობრობა აღდგება"

„დღეს მსოფლიოში ტექნიკური, ფინანსური თუ ეკონომიკური პროექტები ცალკეა და პოლიტიკური ურთიერთობები - ცალკე. ეს არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაცია იტყვის - „შეცდომა დავუშვით, თურმე არჩევნები არ გაყალბებულა, ბოდიში გვაქვს მოსახდელი იმის გამო, რაც ხდებოდა, როცა კელი დეგნანი საქართველოს აბრალებდა ადამიანის უფლებების დარღვევას და ყვიროდა, რომ ვალდებული ხართ აჩვენოთ, ვის მხარეს ხართ - უკრაინის თუ რუსეთისო." ამის აღიარებას და სტრატეგიული პარტნიორობის ძველი სახით აღდგენას ნამდვილად არ ველი არც შეერთებული შტატებიდან და არც ევროკავშირიდან.

„მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს მხარეებს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ითანამშრომლონ იმ საკითხებში, რაც ორმხრივად მომგებიანია - მიუხედავად იმისა, თუ რა მასშტაბის პოლიტიკური უთანხმოება და შეფასებები აქვთ. ვფიქრობ, შესაძლოა გაჩუმდნენ, აღარ იყოს საქართველოს ხელისუფლების ასეთი მწვავე კრიტიკა და წარიმართოს თანამშრომლობა მათთვის ხელსაყრელ სფეროებში."

ამასთან, როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსს" ეუბნება, შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდის ფონზე ევროკავშირს საქართველოსთან თანამშრომლობის ინტერესი პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავადაც შეიძლება დარჩეს. ფიქრობს, რომ 2028 წლის არჩევნების შემდეგ, თუ „ქართული ოცნება" კვლავ ხელისუფლებაში დარჩება, ევროპა შესაძლოა არსებულ რეალობას შეეგუოს და თბილისთან პრაქტიკულ თანამშრომლობაზე გადავიდეს.

„სამხრეთ კავკასია ხდება სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულებების მკაფიოდ გამოკვეთილი ქსელი. რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა და მის მიმართ ყველას ექნება მიუღებლობა დიდი ხნის განმავლობაში - სულ ცოტა 10 წელი მაინც, საომარი მოქმედებებიც რომ დამთავრდეს. ირანთანაც ვხედავთ, რა პრობლემებიც არის - ის სერიოზულად დაზიანებულია და წინ კიდევ უფრო სერიოზული ეკონომიკური კრიზისი ელის. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა და სომხეთმა მოასწრეს მშვიდობის დამყარება და მკაფიოდ გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება. თუ ადრე მხოლოდ საქართველოს გავლით არსებობდა გზა, ახლა ორი მკაფიო მიმართულება გამოიკვეთა: ერთია სომხეთის გავლით ე.წ. „ტრამპის გზა", ხოლო მეორე - ძველი გზა საქართველოს გავლით.

„აზერბაიჯანი ამ პროცესის ლიდერია. ალიევს სურს, რომ მთელი ცენტრალური აზიის ენერგეტიკა წამოიღოს რუსეთის გვერდის ავლით კავკასიისკენ და შექმნას სანდო სატრანსპორტო ქსელები. ამიტომ „ქართული ოცნება" აშკარად აჯდება შუა დერეფნის იდეას, რომელიც მას არ ეკუთვნის - ეს აზერბაიჯანისა და ევროკავშირის კონტექსტია.

ევროკავშირი ხედავს, რომ საქართველო არ მიდის ევროკავშირისკენ, ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობაა და არა დემოკრატია, ხოლო ოპოზიცია არაფრის მაქნისია და ბოიკოტის მეტი არაფერი შეუძლია. ამ ფონზე, რა ქნას ევროკავშირმა? უარი თქვას შუა დერეფანზე?

  • პაატა ზაქარეიშვილი: „თუ საქართველოს არ უნდა დემოკრატია, ხალხი ბოიკოტში მონაწილეობს და არ ესმით არჩევნების იდეა, ევროპა მიიღებს ისეთ საქართველოს, როგორიც არის „ქართული ოცნების" სახით"

„ჩემი აზრით, ევროკავშირი დაელოდება 2028 წლის არჩევნებს, თუ არჩევნების შედეგად გამოჩნდება, რომ ოპოზიცია ისევ ისე იდიოტურად მოიქცევა, როგორც აქამდე იცეოდა, ისევ დასავლეთს დაუყენებს პირობებს, რომ „დაგვეხმარეთო" და კვლავ არაბრძოლისუნარიანი დარჩება, ევროპა აღიარებს, რომ საქართველოში ერთადერთი რეალური, პოლიტიკური, ცოცხალი ძალა „ქართული ოცნებაა".

„მსოფლიოში ძალიან ბევრი ავტორიტარული რეჟიმია, უფრო მეტიც, ვიდრე დემოკრატიული. თუ საქართველოს არ უნდა დემოკრატია, ხალხი ბოიკოტში მონაწილეობს და არ ესმით არჩევნების იდეა, ევროპა მიიღებს ისეთ საქართველოს, როგორიც არის „ქართული ოცნების" სახით. თუ არჩევნები ისევ ისე წარიმართა, როგორც 2024-2025 წლებში იყო, ევროკავშირი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დაიწყებს თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან". სწორედ ამაზე აქვს გათვლა „ოცნებას".

„ამასთანავე, მიაქციეთ ყურადღება: „ოცნება" ცდილობს ეუთოს თავმჯდომარე გახდეს, რათა თავის ამომრჩეველს დააჯეროს, რომ ევროპასთან არათუ ვთანამშრომლობთ, თავმჯდომარეებიც კი ვართო, რადგან ამჟამად დიდი განსხვავება ეუთოსა და ევროკავშირს შორის ბევრისთვის არ არსებობს. „ქართული ოცნება" კარგად მუშაობს, რათა თავისი ავტორიტარიზმი შემოსოს პროევროპული და დემოკრატიული შტრიხებით. ეს შეიძლება გამოუვიდეთ კიდეც, თუ ოპოზიცია ისევ სახლში დარჩება, ბოიკოტს გამოაცხადებს და ბედნიერი იქნება იმით, რომ „ხელისუფლება არალეგიტიმურია", თვითონ კი მშვიდად იწვება ლუარსაბ თათქარიძის სახელობის ტახტზე",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×