რეზონანსი
01.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მომავალ თვეში დაგეგმილ ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოკავშირე არ მიიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ადრე ე.წ. „ცუდი და კარგი ქვეყნების სიის“ შედგენასაც კი განიხილავდა, რომლებიც პრეზიდენტის პრიორიტეტებს არ ემორჩილებოდნენ.

ნატოს შეხვედრა პოლონეთში გაიმართება და მისი ინიციატორი პენტაგონის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ელბრიჯ კოლბია. დაგეგმვის პროცესთან დაახლოებული ექვსი დიპლომატის ინფორმაციით, შეხვედრა ფაქტობრივად ნატოს სამომავლო სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში ჩატარდება.

თუმცა მიწვეულთა შორის არ არიან ისეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები. ამ ქვეყნების დიპლომატები კითხულობენ, რატომ დატოვეს ისინი შეხვედრის მიღმა, მაშინ როდესაც ისინი ნატოს მნიშვნელოვანი წევრები არიან და თავდაცვაზე დიდ თანხებს ხარჯავენ.

დიპლომატები ასევე შიშობენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მოკავშირეებს ერთმანეთისგან არჩევს, რამაც შესაძლოა ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი ალიანსი კიდევ უფრო დაყოს. ნატო რუსეთის მზარდი აგრესიისა და შეიარაღების მარაგების შემცირების პირობებში დამატებითი გამოწვევების წინაშე დგას.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც ჩვენგან ითხოვენ. ვცდილობთ გავიგოთ, რა არის კრიტერიუმები და რა არის ამ შეხვედრების მიზანი. ჯერჯერობით ბევრი ინფორმაცია არ მიგვიღია“, - განაცხადა ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა, რომელიც შეხვედრაზე არ დაპატიჟეს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წამყვანი წარმომადგენლები ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ნატოს არაერთხელ აკრიტიკებდნენ. მათ შორის, წევრი ქვეყნების მიერ ირანის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაზე უარის თქმისა და ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ თავდაცვისთვის მშპ-ის 5%-ის გამოყოფის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, წერს გამოცემა.

„ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნატო ცალმხრივი გზაა. ჩვენ ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ამ ქვეყნების დასაცავად, მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს აკეთებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება მათი დახმარება“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

როგორც გამოცემა იუწყება, გასულ თვეში ტრამპმა კიდევ ერთი მოკავშირე, სამხრეთ კორეა, გააკრიტიკა და მასთან დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო სწავლების მასშტაბი მოულოდნელად შეამცირა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტრამპის უკმაყოფილება იმის გამო, რომ სამხრეთ კორეა ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე უარს ამბობდა.

ტრამპის ამ მიდგომას თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტიც იზიარებს. ის „სამაგალითო მოკავშირეების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ის ინტერესებს არ უჭერენ მხარს, რომ ამას შესაძლოა შედეგები მოჰყვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×