
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება. ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაშია აღნიშნული.
შედეგად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება.
აღნიშნულის ფარგლებში იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მთლიანად პარლამენტის წევრების ხელფასი.
პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო. ყველაზე დაბალი, 8 კოეფიციენტით კი, პარლამენტის წევრების ანაზღაურება გამოითვლება.
ამასთან აღსანიშნავია, რომ კოეფიციენტით გამოთვლა საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ხდება. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგო მრავლდება შესაბამის თანამდებობაზე განსაზღვრულ კოეფიციენტზე და ასე მიიღება იმ კონკრეტულ თანამდებობაზე განსაზღვრული თვიური ანაზღაურება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამ გადაანგარიშებით მიღებულ თანხას გამოვაკლებთ 20%-იან საშემოსავლოს, გავიგებთ რამდენია თანამდებობის პირთა დარიცხული წლიური ხელფასი (ე.წ. ხელზე ასაღები წლიური ანაზღაურება).
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, რამდენი იქნება თანამდებობის პირების და მათ შორის, პარლამენტის წევრების ხელფასი 2027 წელს (გაანგარიშება გაკეთებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საბაზო ხელფასის მიხედვით):
- პრეზიდენტი ( კოეფიციენტი 10) - თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი;
- პრემიერ-მინისტრი (კოეფიციენტი 10) - თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი;
- მინისტრი ( კოეფიციენტი 8.5) - თვეში 14 747 ლარი, წლიურად 176 970 ლარი;
- მინისტრის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 7.5) - თვეში 13 012 ლარი, წლიურად 156 150 ლარი;
- მინისტრის მოადგილე (კოეფიციენტი 7.25) - თვეში 12 578, წლიურად 150 945 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 9.2) - თვეში 15 962 ლარი, წლიურად 191 544 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 9) - თვეში 15 615 ლარი, წლიურად 187 380 ლარი;
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.6) - თვეში 14 921 ლარი, წლიურად 179 052 ლარი;
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.5) - თვეში 14 747 ლარი, წლიურად 176 970 ლარი;
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 8.3) - თვეში 14 400 ლარი, წლიურად 172 806 ლარი;
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 8.3) - თვეში 14 400 ლარი, წლიურად 172 806 ლარი;
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.2) - თვეში 14 227 ლარი, წლიურად 170 724 ლარი;
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.1) - თვეში 14 053 ლარი, წლიურად 168 642 ლარი;
- პარლამენტის წევრი (კოეფიციენტი 8) - თვეში 13 880 ლარი, წლიურად 166 560 ლარი.
ცნობისთვის, აღნიშნული თანამდებობრივი სარგო მითითებულია საშემოსავლოს ჩათვლით.
იმ შემთხვევაში თუ მაგალითად, პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებას გამოვაკლებთ 20%-ს, მათი დარიცხული თვიური სარგო (ე.წ. ხელზე ასაღები ანაზღაურება) 13 880 ლარი, ხოლო წლიური 166 560 ლარი იქნება.
მინისტრების ყოველთვიური დარიცხული სარგო 11 797, ხოლო წლიურად - 141 571 ლარი იქნება.
რაც შეეხება პარლამენტის წევრების თანამდებობრივ სარგოს, 2027 წლიდან საშემოსავლოს 20%-ის გამოკლებით, დეპუტატის შემოსავალი თვეში 11 104 ლარი გახდება, წლიური დარიცხული ანუ ხელზე ასაღები ხელფასი კი 133 248 ლარს გაუტოლდება.
ბიზნესპრესნიუსი