
როგორც მოსალოდნელი იყო, პენსია 2027 წელსაც გაიზრდება. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის - 20 ლარით, ხოლო 70 წელზე ზევით პენსიონერებისთვის - 60 ლარით. მართალია, 2021 წლიდან პენსია ინდექსაციის წესით ყოველწლიურად მატულობს, მაგრამ 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20-ლარიანი ბიჯი დიდი შეღავათი არ არის. ეკონომისტებსაც მიაჩნიათ, რომ ეს არარეალურია, რადგან 5%-იანი ინფლაციის პირობებში, 20-ლარიანი მატება მინიმალურ საჭიროებას ვერ დააკმაყოფილებს.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით, 2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით - 390 ლარამდე, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია კი 60 ლარით - 555 ლარამდე გაიზრდება.
2021 წლიდან საქართველოში პენსია ინდექსაციის წესით იზრდება, რომელიც ინფლაციასა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ)-ის ზრდის ტემპზეა დამოკიდებული. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ხანდაზმულობის პენსიას 889 000 მოქალაქე იღებს. მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 60 ლარით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით (მაღალმთიან დასახლებებში - 665 ლარი), ხოლო 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის გაიზრდება 20 ლარით და 390 ლარს მიაღწევს (მაღალმთიან დასახლებებში - 468 ლარი).
რა თქმა უნდა, პენსიის ყოველწლიური ზრდა კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალურად, ეს სიკეთე მხოლოდ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვისაა, ხოლო უფრო დაბალი ასაკის პენსიონერები, რომელთა პენსიაც მხოლოდ 20 ლარით იზრდება, ნამდვილად ვერაფერს იგრძნობენ. ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ნურც თავს მოვიტყუებთ და ნურც პენსიონერებს მოვატყუებთ, რეალურად, ეს ზრდა კი არა, კომპენსაციაა, თანაც არასაკმარისი.
„ამ პროცესს პენსიის გაზრდას ნუ ვარქმევთ. ეს ნიშნავს, რომ ფულმა ღირებულება დაკარგა და მისი კომპენსირება ხდება. იმის გამო, რომ წინა წელს რაღაც პროდუქტების ყიდვა შეეძლო პენსიონერს, გაზრდილი ინფლაციის პირობებში, ახლა იმას ვეღარ ყიდულობს და ვითომ ამის კომპენსირება მოხდება ამ 20 ლარით, რაც ტყუილია. დავიწყოთ იქიდან, რომ ინფლაცია 3%-ზე იყო ნავარაუდევი, მაგრამ რეალურად, 5,6%-იანი გვაქვს. ახლა გეკითხებით, 20 ლარი როგორ მოახდენს ამის კომპენსირებას?
ძალიან რთულია ეკონომისტისთვის კონკრეტული ციფრების დასახელება, რადგან არაფერში სისტემური მიდგომა არ გვაქვს, არც მინიმალური საჭიროებები გვაქვს და არც ის არის დათვლილი, რამდენი უნდა იყოს პენსიონერის საარსებო მინიმუმი. შესაბამისად, პენსიონერები იღებენ დაბალ პენსიას, რომელიც წარმოუდგენელია, რომ დღევანდელ რეალობაში ეყოთ, თუნდაც საკვებსა და მედიკამენტებზე“, - განუცხადა „რეზონანსს“ მერაბ ჯანიაშვილმა.
მისი აზრით, იმის გამო, წლევანდელი ინფლაცია მიზნობრივ ინფლაციაზე ორჯერ მეტია, როგორც მინიმუმ, პენსიონერების კომპენსაციაც უნდა გაორმაგებულიყო ან გასამმაგებულიყო.
„პირველ რიგში, უნდა დავუთვალოთ საარსებო მინიმუმი პენსიონერებს, ოღონდ რეალური საარსებო მინიმუმი და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პენსიონერებს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება შეიძლება ჰქონდეთ, ამიტომ მათ მედიკამენტები და მკურნალობაც სჭირდებათ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ, რა პენსიას ვაძლევთ პენსიონერს და რამდენით უნდა გაიზარდოს ყოველწლიურად.
იმას, რასაც ახლა აკეთებენ, ეს ზრდა არ არის. გარდა ამისა, რა დისკრიმინაციაა, რომ 70 წლის ზემოთ პენსიონერებს 60 ლარით ვუზრდით პენსიას, ხოლო 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს მხოლოდ 20 ლარით. ვინმემ ამიხსნას, რა განსხვავებაა 69 წლის და 71 წლის პენსიონერს შორის?“ - აღნიშნა „რეზონანსთან“ მერაბ ჯანიაშვილმა.
ანალოგიური მოსაზრება აქვს ეკონომისტ რამაზ გერლიანს, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ პენსიონერებს, რომლებსაც 20 ლარით ეზრდებათ პენსია, მომავალ წელს იმაზე ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ, ვიდრე წელს აქვთ. მიზეზი მარტივია - რამაზ გერლიანის განცხადებით, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 5%-ზე მიტია.
„სამომხმარებლო კალათაში, რომელსაც პენსიონერები მოიხმარენ, ინფლაცია. გაცილებით მაღალია, რადგან ისინი, ძირითადად, მოიხმარენ საკვებს, მედიკამენტებს, სურსათს, ანუ იმ პროდუქტებს, რომლებიც მაღალ ინფლაციურ კალათაში ჯდება. შესაბამისად, 20 ლარით რომ ვუმატებთ, ეს ნიშნავს, რომ რეალურად, მათი პენსია კლებას განიცდის, რადგან მსყიდველობითუნარიანობა მათ პენსიას არ აქვს. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებში ეს ზრდა კი არა, პირიქით, კლებაა“, - განუცხადა „რეზონანსს“ რამაზ გერლიანმა და იქვე დასძინა, რომ გამორიცხული არ არის, სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში განხილვის დროს, 20-ლარიანი ბიჯი შეიცვალოს და პირობითად 30 ან 40 ლარით გაიზარდოს.
„შარშან ასეთი დონის ინფლაცია არ იყო და ბიუჯეტის განხილვის დროს, იმიტომ არ შეცვლილა 20-ლარიანი მატება, მაგრამ წელს ინფლაცია მაღალია და ვფიქრობ, გადაიხედება. ახლა სახელმწოფო ბიუჯეტს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, რომ ხარჯი გასწიოს. გარდა ამისა, ყოველდღიურ რეალობაში ვხედავთ, რომ მთავრობის წევრები ეკონომიკური ზრდით იკვეხნიან. ვინაიდან ეკონომიკური ზრდა არის, ნამდვილად შესაძლებელია, რომ 70 წელს ქვემოთ პენსიონერებს 20 ლარზე მეტად გავუზარდოთ პენსია, მინიმუმ 30-40 ლარით“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ რამაზ გერლიანმა.