
ირანმა სამშვიდობო წინადადებაზე აშშ-ის პასუხი მიიღო, - ინფორმაციას „როიტერსი" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ირანმა კატარელი შუამავლების მეშვეობით აშშ-ის პასუხი მიიღო შვიდდღიან გეგმაზე, რომელიც მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. წყაროს თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის პასუხს თეირანში, ირანელ ოფიციალურ პირებთან განიხილავს.
ცნობისთვის, ირანმა სამშვიდობო წინადადება გასულ კვირას წარადგინა. წინადადება შვიდი დღის ვადაში ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბირთვული მოლაპარაკების განახლებას ითვალისწინებს, თუ აშშ ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადას მოხსნის, ნავთობზე დაწესებულ სანქციებს გააუქმებს და რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინადადება უარყო. საერთაშორისო ექსპერტები და დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონის მიერ ირანის შვიდდღიანი სამშვიდობო გეგმის უარყოფა არ ნიშნავს დიპლომატიური პროცესის სრულ ჩაშლას, არამედ ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის ტაქტიკური სვლა.
ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტი უარს ამბობს არა თავად მოლაპარაკებაზე, არამედ, იმ ნაბიჯების თანმიმდევრობაზე, რომელიც ირანმა შესთავაზა, რადგან თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლის შედეგად ძალთა ბალანსი ამერიკის სასარგებლოდ არის გადახრილი და ირანს უფრო ეჩქარება შეთანხმების მიღწევა, ვიდრე ვაშინგტონს.
ამავდროულად, დიპლომატიური არხების ღიად დატოვება კატარელი შუამავლების მეშვეობით მოწმობს, რომ ორივე მხარე ცდილობს უკანდასახევი გზა შეინარჩუნოს და დაძაბულობის ესკალაციას აარიდოს თავი.
პარალელურად, ყურადღება გამახვილებულია ირანის შიგნით არსებულ სერიოზულ აზრთა სხვადასხვაობაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დიპლომატიურ კომპრომისს ეძებს, ხოლო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის ბლოკადას უმთავრეს სტრატეგიულ ბერკეტად მიიჩნევს და პოზიციების დათმობას ეწინააღმდეგება.
ექსპერტები ასევე ხაზს უსვამენ გლობალურ ეკონომიკურ წნეხს, განსაკუთრებით ჩინეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ვაშინგტონსა და თეირანს მოუწოდებენ, ნავთობის ბაზრების სტაბილურობისა და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოებისთვის უახლოეს დღეებში მაინც მიაღწიონ გარკვეულ შეთანხმებას.
ანალიტიკოსების შეფასებით, ვაშინგტონის მიერ ირანის გეგმის საჯაროდ უარყოფისა და შემდგომ კატარული არხის მეშვეობით პასუხის გადაცემის მიღმა რამდენიმე ძირითადი სტრატეგიული გათვლა დგას.
ირანის საკითხების წამყვანი ანალიტიკოსების თქმით, თეირანში თავიდანვე იცოდნენ, რომ ტრამპი ამ პირობებს პირდაპირ არ დათანხმდებოდა. ირანის მთავარი მიზანი იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ჩინეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ეჩვენებინა, რომ იგი მზად არის დიპლომატიური კომპრომისისთვის, ხოლო შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად ვაშინგტონისთვის დაეკისრებინა.
თავის მხრივ, ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ საზღვაო ბლოკადითა და ირანულ პორტებზე წნეხით თეირანი მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ აშშ ითხოვს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე უპირობოდ გახსნას და ბირთვულ დათმობებზე წავიდეს, სანამ სანქციების შემსუბუქებაზე დაიწყება საუბარი.