
"ნაციონალური მოძრაობა" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას 1-ელ ოქტომბერს, რიყის პარკში მაინც გამართავს. პარტიაში ისევ ძველ პოზიციაზე არიან და მიუხედავად შსს-ს მიერ ორგანიზატორებისთვის ლოკაციის შეცვლის რეკომენდაციისა, დაგეგმილ დროსა და ადგილზე შეიკრიბებიან.
29 სექტემბერს ენმ-ში განაცხადეს, რომ 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის გამართვაზე შსს-სგან უარი მიიღო. უწყება მალევე გამოეხმაურა და აქციის ჩატარებაზე უარის მიზეზად ორი გარემოება დაასახელა. მათი ინფორმაციით, ენმ-ის ოფიციალური განცხადება/გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი.
გარდა ამისა, 3-4 ოქტომბერს თბილისობის ტრადიციული დღესასწაულია დაგეგმილი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაც რიყის პარკია. შესაბამისად, 1-ელ ოქტომბერს იქ აქციის გამართვა ხელს შეუშლის თბილისობისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, შსს აქციის ორგანიზატორებს შეკრების ადგილის ან შეკრების თარიღის შეცვლას სთხოვს.
ენმ-ის "რეფორმატორთა საბჭოს" აღმასრულებელი მდივანი ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს, მხარდამჭერებს მოუწოდებს აქციას შეუერთდნენ და დასძენს, რომ შეკრების მასპინძელი თავიდან ბოლომდე "ნაცმოძრაობაა".
"ვფიქრობ, სწორი იქნება 1-ელ ოქტომბერს 5 საათზე, რიყეზე სიმბლურ აქციაზე მისვლა, რომლის მასპინძელიც თავიდან ბოლომდე "ნაციონალური მოძრაობაა",- ამბობს ჟორჟოლიანი მიმართვაში.
"ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, როგორც გვინდა, სადაც გვინდა იქ შევიკრიბოთ - როგორიც არ უნდა იყოს ივანიშვილის მცდელობა, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია ხვალ მაინც ჩატარდება",- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხვალ, რიყის პარკში დაგეგმილ აქციაზე იქნებიან საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისა.
რა იქნება 1-ელი ოქტომბრის აქციაზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ პროტესტის დროს ადგილზე მოსალოდნელია გარკვეული დაძაბულობა, ხალხის მობილიზება ძირითადად თბილისელების ხარჯზე მოხდება და აქციას, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი ადამიანი შეუერთდება.
- ნიკა ჩიტაძე: "გარკვეული დაძაბულობა გამორიცხული არ არის. რიყის დოქებთან აქციის ჩატარებას სიმბოლური დატვირთვა აქვს"
"შეიძლება ხვალ რიყის დოქებთან გარკვეული დაძაბულობა იყოს, რადგან მერიამ და შს სამინისტრომ აქციის ჩატარების ნება იმ ადგილას არ დართეს, სადაც ორგანიზატორებს სურდათ. თუმცა, ნაწილმა განაცხადა, რომ მათი კონსტიტუციური უფლებაა, დემონსტრაცია თავიანთი სურვილისამებრ გამართონ.
"საერთო ჯამში, გარკვეული დაძაბულობა გამორიცხული არ არის. რიყის დოკებთან აქციის ჩატარებას სიმბოლური დატვირთვა აქვს - ეს ობიექტი ცხრაწლიანი აღმშენებლობის ერთ-ერთი სიმბოლოა, რომელიც ახლა დემონტაჟს ექვემდებარება.
"რაც შეეხება ხალხის მობილიზებას, რეგიონებიდან ორგანიზებული ჩამოყვანა არ იგეგმება, უფრო ადგილობრივები - თბილისელები იქნებიან.
"ნაციონალური მოძრაობისთვის" 1 ოქტომბერს აქციის გამართვას ორი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ სწორედ ამ დღეს მოვიდა ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" ცრუ დაპირებებით, ციხის კადრების გავრცელებითა და ა.შ. მეორე კი ის არის, რომ რიყის დოქები იმის მაგალითია, თუ როგორ მიმდინარეობდა აღმშენებლობა „ნაციონალური მოძრაობის" დროს, ხოლო დღეს, „ქართული ოცნების" მართველობის პერიოდში, ნგრევის პროცესია.
"ვფიქრობ, აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი მივა",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ენმ-ს ეკითხება, კონკრეტულად რის აღნიშვნას აპირებს 1-ელ ოქტომბერს. მისი თქმით, ამ შეკრებით პარტია საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებს საკუთარ „სახეს".
"მინდა ვკითხო "ნაცმოძრაობას" - მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1-ელ ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი? როგორ შემოიპარა ქურდულად საქართველოში რევოლუციის მოსახდენად, როგორ გაფარჩაკდა და პირდაპირ ვირის აბანოში აღმოჩნდა.
"იქნებ იმის აღნიშვნა გინდათ, თუ როგორ მიატოვა სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს სულ მარტოდ, როგორც "მეფე ლირი," მისსავე პარტიამ და დასაკავებლად გაწირა. ჰკითხეთ თქვენს თავს,
- ზაალ ანჯაფარიძე: "მინდა ვკითხო "ნაცმოძრაობას" - მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1-ელ ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი?"
"სინდისი ხომ არ გქეჯნით ხანდახან? თუმცა ვინ მოგცათ ეს თვისება... იმის აღნიშვნა ხომ არ გინდათ, რა სამარცხვინო სიმულაცია - აგრავაციებს მიმართავდა თქვენი ბელადი ჯერ ციხეში, მერე პალატაში, თავს რომ იმკვდარუნებდა? და ა.შ. და ა.შ. სია შემიძლია გავაგრძელო.
"მე პირადად ძალიან მინდა რომ შეიკრიბოთ და თქვენთვის საკრალური თარიღი აღნიშნოთ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახოთ თქვენი სახე, რომ IRI--ს შემდგომ კვლევაში ის 5%-ც აღარ გქონდეთ", - წერს ანჯაფარიძე.