
უკრაინამ ოქტომბრისთვის შორი მანძილის დარტყმები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში ავრცელებს. ზელენსკის თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან, სამხედროებთან და უკრაინული იარაღის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირებთან თათბირის შემდეგ დამტკიცებულ იქნა შორი მანძილის ოპერაციები ოქტომბრისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას.
"პირველი: დავამტკიცეთ ჩვენი შორი მანძილის ოპერაციები ოქტომბრისთვის. მეორე: განვსაზღვრეთ წლის ბოლომდე ჩვენი F-16-ებისთვის საჭირო მიწოდებების მიმართულებები. არის კონკრეტული ქვეყნები, რომლებთანაც ვთანხმდებით კონკრეტულ საავიაციო პაკეტებზე. უახლოეს დროში იქნება გაძლიერება...
დღეს იყო შორი ოპერაციების შესახებ ჩვენი სამხედროების ანგარიშები - უახლოესი დროისთვის პრიორიტეტებზე, ოპერაციებზე, რომლებსაც ვამზადებთ. შორი მანძილი დარტყმების სფეროში უკრაინის ყველა საკვანძო ამოცანა სრულდება, და რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს, და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას," - წერს ზელენსკი.
სამხედრო და პოლიტიკურ ანალიტიკოსებს, ასევე, დასავლური კვლევითი ორგანიზაციების, მაგალითად ომის შესწავლის ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, უკრაინული დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების სისტემატურმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მწყობრიდან გამოიყვანა.
ეს რუსეთში იწვევს საწვავის დეფიციტს, ექსპორტის შეზღუდვას და ომის წარმოების გაძვირებას. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ოქტომბერი კრიტიკული თვეა. უკრაინა ცდილობს მაქსიმალურად შეასუსტოს რუსეთის ენერგეტიკული და ლოგისტიკური ბაზა მანამ, სანამ ფრონტზე უამინდობის გამო აქტიური სატანკო და ქვეითი მანევრები შეფერხდება.
მათი თქმით, რუსეთი იძულებულია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები (S-300, S-400) ფრონტის ხაზიდან სიღრმეში გადაისროლოს, რათა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო აეროდრომები დაიცვას. ეს ფრონტის წინა ხაზზე უკრაინულ ავიაციასა და დრონებს მოქმედების მეტ სივრცეს აძლევს.
ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ F-16-ების ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია შორი მანძილის დარტყმებთან. დასავლური ავიაგამანადგურებლები უკრაინას საშუალებას მისცემს, უკეთ დაიცვას საკუთარი ცა და პარალელურად განახორციელოს მაღალი სიზუსტის საჰაერო ოპერაციები.
დასავლელი სამხედრო ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ სანამ დასავლეთი (განსაკუთრებით აშშ) სრულად არ მოხსნის შეზღუდვებს თავისი შორი რადიუსის რაკეტების (ATACMS, Storm Shadow) რუსეთის სიღრმეში გამოყენებაზე, უკრაინა იძულებული იქნება ძირითადი აქცენტი საკუთარი წარმოების შეიარაღებაზე გააკეთოს.
ასე რომ, ანალიტიკოსების შეფასებით, ოქტომბრის ოპერაციების დამტკიცება ნიშნავს, უკრაინა ომის გადატანას უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე აგრძელებს, რათა კრემლს ომის გაგრძელების ეკონომიკური და მატერიალური ფასი მაქსიმალურად გაუძვიროს.