თამთა ჩაჩანიძე
30.09.2026

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს" პირადად ულოცავს და მოსკოვის მხრიდან სოხუმის მხარდაჭერის გაგრძელებაზე საუბრობს. პარალელურად, ე.წ. ლიდერის მტკიცებით, საქართველოს მხრიდან "საფრთხეა", ამიტომ ე.წ. ხელისუფლება "მზადყოფნას" ინარჩუნებს და რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ავითარებს.

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაა, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით სურს და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას დეოკუპაციის საკითხის გარეშე არ განიხილავს.

ოფიციალური თბილისის პოზიციით, რუსეთთან ურთიერთობის რეალური გაუმჯობესება და კონფლიქტის მოგვარება დაკავშირებულია დეოკუპაციასთან, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასთან და დიალოგის გაგრძელებასთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საქართველო რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ამ პროცესის მთავარ ფორმატად განიხილავს.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, რუსეთი ე.წ. ბასრი ძალის ინსტრუმენტებს იყენებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უშუალო პოლიტიკური და მმართველობითი გავლენის გაძლიერებას ცდილობს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებთან აქტიური ურთიერთობა ახალი არ არის და მსგავსი გზავნილები განსაკუთრებით ხშირად საქართველოსთვის მტკივნეულ თარიღებს უკავშირდება.

"რბილი ძალიდან ბასრ ძალამდე"

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გავლენის გასაძლიერებლად ე.წ. ბასრ ძალას იყენებს - უკვე უშუალო პოლიტიკური და მმართველობითი ბერკეტების ფორმირებას ცდილობს.

მისი შეფასებით, ცხინვალში რუსეთის პირდაპირი კონტროლი გაძლიერდა, ხოლო მსგავსი პროცესის გააქტიურებას აფხაზეთზეც ცდილობს. მაისაიას თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები კრემლისთვის ერთგვარი „რუხი ზონაა", რომლის მეშვეობითაც, საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის გაძლიერებაზე იმუშავებს.

  • ვახტანგ მაისაია: "ბასრი ძალის" ელემენტია, როდესაც უშუალოდ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების დონეზე ხდება სეპარატისტებთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარება"

"რუსეთი ამ შემთხვევაში "ბასრ ძალას" იყენებს - საგარეო და უსაფრთხოების ახალ ინსტრუმენტსა თუ ბერკეტს, რომლის გამოყენებაც კრემლმა საკმაოდ ეფექტურად დაიწყო. "ბასრი ძალის" ელემენტია, როდესაც უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლების დონეზე ხდება სეპარატისტებთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარება.

"ცხინვალში უკვე პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტის მართველობაა, იმიტომ, რომ კამბოლოვი პუტინის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელია - ტიმჩენკოსა და ძმები კოვალჩუკების კლანის წევრი, რომლებიც უშუალოდ პუტინის დაფინანსებლები არიან. პუტინის ე.წ.შავი სალარო მაგათ ხელშია.

"პუტინმა ფაქტობრივად პირდაპირი "მმართველი" შემოიყვანა ცხინვალში და ახლა ცდილობენ იგივე გააკეთონ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებითაც. პროცესი "რბილი ძალიდან" უკვე "ბასრი ძალის" ფორმატში გადავიდა. როგორც ჩანს, ცდილობენ, რომ მთელი საქართველო თავიანთ "შიდა ეზოდ" აქციონ. სომხეთი და აზერბაიჯანი ფაქტობრივად გადიან მათი გავლენის სფეროდან და რჩება მხოლოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და საქართველოს ის ნაწილი, რომელიც არ არის ოკუპირებული.

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული აფხაზური და ოსური სეპარატისტული ე.წ. ლიდერშიფი მათი ერთადერთი რეალური დასაყრდენია. საქართველოს ხელისუფლებას ისინი მთლად სატელიტად არ განიხილავენ. თუმცა, საქართველოს მიმართულებით ჰყავთ პრორუსული პოლიტიკური ძალები.

"კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებს იყენებს, როგორც ერთგვარ "რუხ ზონას", რათა საქართველოში შემდგომში პოლიტიკურად იმოქმედონ. ისინი ცდილობენ პოლიტიკური ბერკეტები მოძებნონ, რომ საქართველო პოლიტიკურად ისე ჩაიგდონ ხელში, როგორც თავის დროზე სომხეთი ჰყავდათ ჩაგდებული",- განაცხადა მაისაიამ.

"სიახლე იქნება, თუკი რეალურად გადაიდგმება ნაბიჯები დეოკუპაციისკენ"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებთან აქტიური კომუნიკაცია ახალი არ არის და განსაკუთრებით სიმბოლურ, საქართველოსთვის მტკივნეულ თარიღებს ემთხვევა. მისი შეფასებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის რეალური გაუმჯობესების მაჩვენებელი დეოკუპაციისა და რეალური დიალოგისკენ გადადგმული ნაბიჯები იქნება.

"არ ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით ახლა გააქტიურდა. ყოველთვის იყო აქტიური ასეთი ურთიერთობა ოკუპანტი კრემლის მხრიდან საქართველოს დროებით მიტაცებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებების მიმართ, განსაკუთრებით იმ დღეებში, როდესაც ეს ემთხვევა საქართველოსთვის მტკივნეულ თარიღებს - აფხაზეთიდან დევნილების გამოდევნას, სოხუმის დაცემასა და სხვადასხვა ტრაგედიის მძიმე წლისთავებს, რომლებსაც აფხაზები აღნიშნავენ ზარ-ზეიმით და მათ კრემლიდან ულოცავენ.

  • გია აბაშიძე: "თუ მოსკოვში სურთ ურთიერთობის სრულფასოვნად მოგვარება, ეს არის სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის ე.წ. საელჩოების დახურვა და ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა"

"სიახლე იქნება ის, თუკი რეალურად გადაიდგმება ნაბიჯები დეოკუპაციისა და რეალური დიალოგისკენ. ლავროვისა და პრესმდივან ზახაროვას ცინიკური განცხადებები, თითქოს საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობაა, არ შეესაბამება იმ რეალობას, მხოლოდ გვაქვს ჩვეულებრივი ხალხთაშორისი და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა.

"თუმცა, თუ მოსკოვში სურთ ურთიერთობის ძირფესვიანად და სრულფასოვნად მოგვარება, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის მიერ არაერთხელ ითქვა: ეს არის სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის ე.წ. საელჩოების დახურვა და ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა.

"ეს რა ფორმით მოხდება, რეალურად განხორციელდება თუ არა, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები მშვიდობიან თანაცხოვრებაზე და არა მავთულხლართებიან გამყოფ საოკუპაციო ხაზებზე - ეს უკვე დიპლომატების მუშაობიდან გამოჩნდება.

"თუმცა, ნება იმისა, რომ რეალურად დათბეს და გამოსწორდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, თავად მოსკოვზეა დამოკიდებული. ეს განცხადებები, ვითომ აღიარებები და ჯილდოები დე ფაქტო მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებისადმი არაფერს ნიშნავდა უწინ და არც ახლა წარმოადგენს რაიმეს ქართველი ერისთვის",- განაცხადა აბაშიძემ.

პუტინი და გუნბა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს" ულოცავს.

ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბასთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ „რუსეთი გააგრძელებს აფხაზი პარტნიორებისთვის აქტიური მხარდაჭერის გაწევას სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით".

პუტინი აღნიშნავს, რომ „რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს".

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული აფხაზი ხალხის სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რომელმაც თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების თავისი კანონიერი უფლება დაიცვა", - ნათქვამია პუტინის წერილში.

ბადრა გუნბა ამტკიცებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს "ომი არ სურს", საქართველოში კი "კვლავ რჩებიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნების იდეაზე უარს არ ამბობენ".

„დღეს აფხაზეთში მშვიდობიანი ცხოვრებაა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გარშემო ვითარება კვლავ რთული რჩება. ვხედავთ, რომ საქართველოში კვლავ რჩებიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნების იდეაზე უარს არ ამბობენ. ეს ჩვენი მხრიდან სამშობლოს დასაცავად მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს. ჩვენ აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს ვაძლიერებთ და რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ვავითარებთ", - განაცხადა ბადრა გუნბამ.

მისი თქმით, „გამარჯვების დღიდან 33 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ახალი თაობა გაიზარდა, რომელიც თავისუფალ აფხაზეთში დაიბადა".

„ჩვენ ომი არ გვსურს. ჩვენ მშვიდობა გვსურს, თუმცა ჩვენი მიწის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად მზად უნდა ვიყოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ასეთ დიდ საფასურად მოპოვებული მშვიდობა შენარჩუნდეს, აფხაზეთი განვითარდეს და გაძლიერდეს, ხოლო მომავალმა თაობებმა თავიანთ სამშობლოში თავისუფლად იცხოვრონ", - აღნიშნა გუნბამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×