
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
უწყების განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს შემდეგ კი, შესაბამის კოორდინატებსა და აღმნიშვნელ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "კოკაინი", "მეტადონი", ე.წ. ბიო და "მარიხუანა".
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია განცხადებაში.