
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი შველიძეს თელავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულმა შველიძემ სიტყვის უფლებით ისარგებლა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ელიკო ასაბაშვილი მას არ მოუკლავს. დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას 3 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.
"23 წლის ბიჭი ვარ, მინგრევენ ცხოვრებას, მომავალს მინგრევენ. ყველამ იცის, რო უდანაშაულო ვარ. მთელი სოფელი ხელწერილს დაწერს, რომ არაფერი დამიშავებია. ეს ამბავი რომ მოხდა, არ ვიცოდი. მკვლელობა როდის მოხდა, არ ვიცი. სიძესთან ვიყავი და გამომიყვანეს სახლში. ღამის 3 საათი იყო, როცა სახლში მივედი. ვიყავი მთვრალი და მეძინა. დილით გამოიარა სახანძრომ და სასწრაფომ. მაშინ მითხრეს, ბაბო მოუკლავთო. „დამიგულეს" უპატრონო ბიჭია, გაჭირვებულიაო, მე მტენიან", - განაცხადა პროცესზე შველიძემ.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ დაკავების დროს პოლიციამ სცემა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურორმა გიორგი გაგნიძემ მოსამართლეს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა. ბრალდების მხარე აცხადებს,რომ ახალგაზრდა მამაკაცმა 21 სექტემბერს ელიკო ასაბაშვილს მისსავე საძინებელში ხის ჯოხითა და დანით, სახისა და კისრის არეში, მრავალჯერადი დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლი დაწვა.
საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობ, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.