სხვადასხვა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს შეღავათების დაწესება, საქართველოში მხოლოდ მხრებს იჩეჩავენ
თამარ ვეფხვაძე
29.09.2026

საქართველოში ბენზინი - 31 თეთრამდე, ხოლო დიზელი - 50 თეთრით გაძვირდა. სიტუაცია არასახარბიელოა და როგორც ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ფასის მატება მომავალშიც გაგრძელდება. ეს კი, დომინოს პრინციპით, სხვა სახის ყველა პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა გამოსავალი არსებობს. ექსპერტების შეფასებით, მთავარია აქციზის გადასახადის დროებით შემცირება, ქართული ნავთობის გადამუშავება და კონკურენციის სააგენტოს მკაცრი კონტროლი. 

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. სექტემბერში, ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში, სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 19-დან 50 თეთრამდე გაიზარდა.

ფასების ცვლილების ყველაზე მკვეთრი ზრდა დიზელზე აღინიშნა. მაგალითად, „გალფის“ ქსელში, სექტემბერში, საწვავის ფასები 8-ჯერ შეიცვალა და დიზელის ზოგიერთი სახეობა 50 თეთრით გაძვირდა. ამჟამად „სუპერის“ ფასი 4.55 ლარია, „პრემიუმის“ - 4.17 ლარი, „ევრო რეგულარის“ - 3.89 ლარი, ხოლო „ევრო დიზელის“ - 4.87 ლარი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში, საწვავის ფასის შემდგომი ზრდის მოლოდინი უკვე გამოითქვა. კომპანიების ნაწილი განმარტავს, რომ ახალი იმპორტის კონტრაქტებით საწვავის შესყიდვა უფრო ძვირი უჯდებათ, რის გამოც ამჟამინდელი საცალო ფასი შესაძლოა, საბოლოო არ იყოს.

რა თქმა უნდა, ბენზინისა და დიზელის გაძვირება სხვა სახის პროდუქტებსაც გააძვირებს, რადგან ტრანსპორტირების ხარჯი ფასწარმოქმნის სისტემაში ერთ-ერთი, მთავარი კომპონენტია. 

რასაკვირველია საწვავის ფასი მხოლოდ საქართველოში არ გაზრდილა, ანალოგიური მდგომარეობაა ევროპასა და აშშ-ში, მაგრამ იქ რეგულირების გზებს ეძებენ. მაგალითად, გერმანიაში ამ სიტუაციიდან გამოსავალი მოძებნეს და ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დიზელის საწვავის აქციზის გადასახადი დროებით, სამი თვით შეამცირეს. შედეგად, დიზელი 17 ცენტით გაიაფდება.

საწვავის აქციზის გადასახადის დროებით შემცირება ამ სიტუაციის დარეგულირების ერთადერთი ბერკეტი არ არის. ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარია ხელისუფლების კეთილი ნება, რომელსაც საკუთარი მოსახლეობის უფლებების დაცვა სურს. 

„როცა ნება არ არსებობს და ამასთან, ადამიანებს მიზანმიმართულად ვუქმნით პრობლემას, რომ ავტომობილით გადაადგილდნენ, იქ საუბარი ზედმეტია. ხელისუფლების ნება რომ არსებობდეს, ძალიან ბევრი ბერკეტი არსებობს ქვეყნის შიგნით იმისთვის, რათა მოხდეს საერთაშორისო შოკების მეტ-ნაკლები შერბილება. მაგალითად, როგორც მინიმუმ, შეგვიძლია, დიზელის აქციზის გადასახადი, რომელიც გავასამმაგეთ 2015 წელს, თუნდაც დროებით, ძველ ნიშნულს დავუბრუნოთ. ამას ჰქვია აქციზის მცურავი განაკვეთი, როდესაც ასეთ რთულ სიტუაციებში სახელმწიფოები აქციზის განაკვეთით, გარკვეულწილად, ლავირებენ, რათა მოსახლეობას ტვირთი შეუმცირდეს, მაგრამ ამისათვის, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობა უნდა გაინტერესებდეს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ეკონომისტმა.  

გარდა ამისა, როდესაც კრიზისული სიტუაციაა, არ შეიძლება, ხელისუფლებამ ალტერნატიულ საწვავს გამოუცხადოს ბრძოლა. პაატა ბაირახტარმა ამის მაგალითად, ბოლო ორ თვეში, თხევადი გაზის რამდენიმე ათეული გასამართი სადგურის დაჯარიმება მოიყვანა. 

„ბოლო ორ თვეში, თხევადი გაზის სადგურები სრულიად უაზრო მიზეზით დააჯარიმეს და ეს უკვე მიზანმიმართული ბრძოლაა! ვინაიდან რეგულაციებზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რამდენი უაზრო რეგულაცია იქნა მიღებული, რამაც ბოლო პერიოდში ბიზნესს ხარჯი გაუზარდა. რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვნია ფასის გენერირების დროს. აქედან გამომდინარე, როგორც დასაწყისში ვახსენე, ყოველთვის მოიძებნება გამოსავალი და კონკრეტული ბერკეტები, თუკი ამის ნება იარსებებს“, - აღნიშნა ბაირახტარმა. 

საწვავის აქციზის გადასახადის შემცირებას ერთ-ერთ ბერკეტად მიიჩნევს ეკონომისტი ნიკა შენგელია, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ვიდრე აქციზის გადასახადს შევამცირებთ, უმჯობესია, ჯერ იმ მარჟებს გადავხედოთ, რა მარჟებითაც დღეს ავტოგასამართი სადგურები მუშაობენ. ამ მიმართულებთ უნდა გააქტიურდეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. 

„დროებითი ღონისძიების სახით, ვიდრე აქციზის გადასახადს შევამცირებთ, უმჯობესია, გადავხედოთ მარჟებს, თუ როგორ მუშაობენ დღეს ავტოგასამართი სადგურები. გარდა ამისა, საქართველოში არის ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ამუშავებს ნედლ ნავთობს. ვინ თქვა, რომ საქართველოში ნავთობი არ მოიპოვება? რა თქმა უნდა, მოიპოვება, მაგრამ  ჩვეულებრივად ყიდიან ამ ნავთობს და ეს ბიზნესი ერთეულების ხელშია. არადა, ქართული ნავთობის გადამუშავებით, თავისუფლად შეიძლება ფასების დარეგულირება. 

რაც შეეხება აქციზის გადასახადის შემცირებას, ეს ბოლო ეტაპის ღონისძიებაა, თანაც დროებითი ხასიათის. როგორც გითხარით, სიტუაციიდან გამოსავალი ნამდვილად არსებობს. ამისთვის აუცილებელია, როგორც ქართული ნავთობის გადამუშავების დაწყება, ასევე კონკურენციის სააგენტოს მიერ ავტოგასამართი სადგურების მარჟების მკაცრი კონტროლი და აქციზის გადასახადის დროებით შემცირება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×