
კვლევა არ ვიცი ვისია და რა არის, მაგრამ მინდა, შევახსენო ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს, რომ ეს სერიოზულად აღიქვას - ერთი წლის წინ, ამ დროს, მაშინ, როდესაც კოლექტიური ცეცხლის ქვეშ ვიყავით არჩევნებზე გასვლის მოწინააღმდეგეთა მხრიდან, ჩვენ მაინც გავაკეთეთ ის, რაც, ჩვენი აზრით, სწორი იყო და დღეს ცალსახად სწორად მიგვაჩნია, დღეს უკვე ვნახეთ, რომ ის სწორი იყო. ასეთ პირობებში მაინც 100 000 ხმა მივიღეთ , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „თავისუფალი ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „IRI-ს კვლევით, „ქოცებს" 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლები, „ლელო" კი საერთოდ არ იზომება".
გეგელიამ აღნიშნული კვლევა ეჭვქვეშ დააყენა IRI-ის რეიტინგებს კულუარული და ბუნდოვანი უწოდა.
„ეს [კვლევა] ცოტათი კობახიძის ნახელავს ჰგავს, ეგეთი ელფერი აქვს. ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება რეიტინგებს, ჩვენ ვიცით ჩვენი რეიტინგიც, ჩვენი წონაც. ყოველდღე ვგრძნობ ამ რეიტინგსაც, წონასაც და იმას, თუ რა ადარდებს ჩემს ხალხს, როდესაც უამრავ ადამიანს ველაპარაკები.
კვლევები არ მჭირდება იმისთვის, რომ პულსი ვიგრძნო, მითუმეტეს, ცოტათი სასაცილო ნუმერაციაა, აქ რასაც ვკითხულობ. ამაზე არ ვკონცენტრირდები. ყველაზე მთავარი საზომი არის არჩევნები. განსხვავებით ბევრისგან, ჩემი პარტია წინა წელსაც გაიზომა და უდიდესი დარტყმის ქვეშაც კი 100 ათასი ხმა ჰქონდა ძალიან მყარად.
თუმცა, ძალიან საინტერესო იქნება ოფიციალური კვლევის ხილვა, თუ მართლა IRI-იმ ჩაატარა იმიტომ, რომ IRI-ის ჩაეტარებინა, ასე კულუარებში დარჩენილიყო და ამდენი ბუნდოვანება ყოფილიყო, ასეთი რამ არ მახსოვს.
"ქოცები" არიან უმცირესობაში, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, თუმცა ქვეყანაში მაინც ბევრი "ქოცია", იმაზე, მეტი, ვიდრე უნდა იყოს ამ ისტორიულ მომენტში და ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია, მაგრამ დემოკრატია ასეთია, ვერაფერს ვიზამთ", - განაცხადა გეგელიამ