
ირანის ელჩი მორიგ სკანდალში ეხვევა - ალი მოჯანის მიერ ქეთევან დედოფლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციისა და სასულიერო პირების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. „ქართული ოცნებაში" საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას ელოდებიან და მიაჩნიათ, რომ ელჩის მიერ ისტორიულ საკითხებზე საკუთარი კვლევის წარმოდგენა მის დიპლომატიურ საქმიანობას არ შეესაბამება.
ელჩმა სკანდალური განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 26 სექტემბერს, ქეთევანობის (ქეთევან დედოფლის ხსენების) დღესთან დაკავშირებით, თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ წამებული დედოფლის ფრესკის ირანის საელჩოს შენობაზე მინათება მანიპულირება და ქართული ეროვნული სენტიმენტის პროვოცირებაა.
ირანის ელჩი განცხადებაში კი ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში ის მკითხველს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც ეხება „როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს". მისი თქმით, „მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს".
ირანის ელჩი მანამდეც გახდა კრიტიკის ობიექტი, მას შემდეგ, რაც რაც საქართველოს ხელისუფლებამ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა და 21 სექტემბრიდან ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ელჩმა ალტერნატიული ტურისტული მიმართულებების რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი არ იყო დატანილი, რასაც ქართულ საზოგადოებასა და მედიაში კრიტიკა მოჰყვა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ინტერვიუში მიიჩნევს, რომ ირანის ელჩის განცხადება ამ ეტაპზე დიპლომატიურ სკანდალს არ წარმოადგენს, თუმცა მის პოზიციაში „უტაქტობის ელემენტი" იკვეთება, რადგან ქეთევან დედოფალი საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანადაა აღიარებული და მისი მოწამეობრივი ისტორია არაერთ ისტორიულ წყაროშია აღწერილი.
საყვარელიძის შეფასებით, არ არის გამორიცხული, ელჩის დაბარების საკითხიც დადგეს, ხოლო მისი მსგავსი განცხადებები შესაძლოა ირანის ხელისუფლების სურვილს ასახავდეს, რომ საქართველოსთან „დადებითი ხიდები" გააბას და ამავდროულად, ირანისთვის არასასურველი აშშ-საქართველოს დაახლოების ფონზე საკუთარი პოზიცია გამოხატოს.
„ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური დარწმუნებულია, რომ „ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას". მისივე თქმით, „ჩვენი ისტორიის სწორ ხაზს, რაც არის და რაც ვიცით, ვერავინ ვერც შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს".
- ირაკლი ქადაგიშვილი: „ის წიაღსვლები, რაც ირანის ელჩს გააჩნია, არარელევანტურია და არც შედის ელჩის საქმიანობაში - ელჩმა კეთილი უნდა ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს თავისი ფუნქციის აღსრულება".
უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა კი განაცხადა, რომ „ის წიაღსვლები, რაც ირანის ელჩს გააჩნია, არარელევანტურია და არც შედის ელჩის საქმიანობაში - ელჩმა კეთილი უნდა ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს თავისი ფუნქციის აღსრულება".
„ლელო - ძლიერი საქართველოს" საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ „დედოფალი ქეთევანის ფრესკის ირანის საელჩოს შენობაზე მინათება, არის მანიპულირება და ქართული ეროვნული სენტიმენტის პროვოცირება", ხოლო „ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა გადააქცია ბიძინას ბოსტნად, რომელსაც ყველა უყურებს როგორც დაბალ ღობეს".
„რეზონანსი": როგორ შეაფასებთ ირანის ელჩის განცხადებას, სადაც სეიედ ალი მოჯანი ქეთევან წამებულის შესახებ მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აანონსებს. ელჩმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა...
რ.ს.: როგორც მახსოვს, უფრო ადრე კიდევ იყო ასეთი პასაჟები - ირანის ელჩი იძახდა, რომ შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოს და ირანს და პატივში ჰყავდათ ქეთევან დედოფალიო. შეიძლება მაგ თემის გაგრძელებაა ახლა და მაგ მხრივ მიაჩნია, რომ თუ ამ ვერსიას დაუჭერს მხარს, ეს გაუმჯობესებს ურთიერთობას.
„რ": თუმცა, ამ განცხადებით ერთნაირად შეშფოთებულები არიან როგორც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე სასულიერო პირები. მათ ეს შეაფასეს, როგორც ისტორიის შეცვლის მცდელობა და ელჩს კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებაზე მიუთითეს...
რ.ს.: ეს უპირველეს ყოვლისა სასულიერო პირებს ეხებათ, იმიტომ, რომ წმინდანია ქეთევან დედოფალი და გამოდის, რომ ყალბი წმინდანია? საფუძველი ხომ ჰქონდა წმინდანად აღიარებას და სწორედ ეს იყო საფუძველი, რომ ქრისტეს რჯულისთვის ეწამა და თუ ელჩი ამაზე თვალს დახუჭავს, რა თქმა უნდა, გაუგებარ პოზიციაში დატოვებს ქართულ მხარეს ხელისუფლებიან საეკლესიო პირებიანად და ამას ექნება რეაქცია, რადგან გამოდის, რომ ქართულმა მხარემ რაღაც ტყუილი თქვა.
- რამაზ საყვარელიძე: „იმედია არ ვიფიქრებთ, რომ ირანის ელჩი თავისით, დამოუკიდებლად მოქმედებს. გერმანიის ელჩიც არ მოქმედებდა მარტო, მისი ინიციატივით და ის გერმანიის ხელისუფლების განწყობებს ახმოვანებდა."
ამ დროს მარტო ქართულ მხარეს არ აქვს აღნიშნული ეს ფაქტები, იტალიელებმა აღწერეს, სურათებიც არის გალერეებში და ასე შემდეგ. ასე რომ, ამ მხრივ მემგონი უტაქტობის ელემენტია.
„რ": თქვენი აზრით, ამას მოჰყვება თუ არა დიპლომატიური სკანდალი? მაგალითად, დაიბარებენ თუ არა ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადასცემენ თუ არა საპროტესტო ნოტას?
რ.ს.: არ არის გამორიცხული სამინისტროში დაბარება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის სკანდალი.
„რ": ირანის ელჩი მანამდეც გაეხვა სკანდალში. როცა საქართველოს ხელისუფლება შეუერთდა აშშ-ს სანქციებს და რის გამოც 21 სექტემბრიდან ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს, ელჩმა გამოაქვეყნა ალტერნატიული ტურისტული ლოკაციების რუკა, რომელზეც საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილი მოჭრილი იყო, რასაც ქართულ საზოგადოებასა და მედიაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. რას ნიშნავს ელჩის ასეთი მოქმედება?
რ.ს.: იმედია არ ვიფიქრებთ, რომ ირანის ელჩი თავისით, დამოუკიდებლად მოქმედებს. გერმანიის ელჩიც არ მოქმედებდა მარტო, მისი ინიციატივით და ის გერმანიის ხელისუფლების განწყობებს ახმოვანებდა. ამ შემთხვევაშიც შეიძლება ირანის ხელისუფლების განწყობას ასახავს მისი ელჩი. შესაძლოა ირანის ხელისუფლების განზრახვაა, რომ რაღაც დადებითი ხიდები გააბას საქართველოსთან.
„რ": დადებითი ხიდები რის საფუძველზე? ექნება თუ არა გააზრებული ირანის ხელისუფლებას, რომ ელჩის გარკველ პასაჟებს მწვავე რეაქცია მოჰყვება ქართული მხარისგან?
რ.ს.: არ მგონია აქაც გააზრებული იყოს და არც იქ იყო გააზრებული გერმანიის შემთხვევაში. ადამიანი ბოლომდე რომ იაზრებდეს რა შედეგები მოყვებოდა მის ქმედებებს, შეცდომებსაც ხომ არ ექნებოდა ადგილი.
ირანს ექნება ეს სურვილი, რომ საქართველო არ იყოს ასე დაახლოებული აშშ-სთან. ამერიკასთან კავშირი ხომ დღეს დაწყებული პროცესი არაა. ზოგადად, ჩვენი ამერიკასთან კავშირი ირანს გულზე რომ არ ეხატებოდეს, გასაკვირი არაა. თან ირანი რუსეთის პარტნიორია და შესაძლოა მისი ეს უტაქტო მოქმედებები რუსეთისთვის მაამებლობის შედეგიც იყოს.
„რ": ირანის ელჩის ეს განცხადება დროში ემთხვევა პრემიერ კობახიძის აშშ-ში ვიზიტს და შემდეგ გადატვირთვაზე საუბრებს...
რ.ს.: პოლიტიკაში ხშირია, რომ დროში რა მოვლენებიც ერთმანეთის მეზობლადაა, ისინი რაღაცნაირაც ერთმანეთთან კავშირშიც არის. თუკი ამ კუთხით შევხედავთ, მაშინ კიდევ უფრო მივუახლოვდებით იმ ვერსიას, რომ ირანს ნერვებს უშლის ჩვენი ამერიკასთან ურთიერთობა.