ნატალია ჯვარიძე
29.09.2026

სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მომხმარებლის მიერ ვრცელდება „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (აირაი") მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. თავად „აირაის" ამ ინფორმაციის ავთენტურობა ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა გავრცელებულ მონაცემებს ოპოზიციაში უკვე მოყვა შეფასებები და დაპირისპირებაც.

ამ შედეგების თანახმად, მმართველი პარტიის რეიტინგი ორჯერ აღემატება ყველა ოპოზიციური პარტიის ჯამურ რეიტინგს. თუმცა, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ეჭვქვეშ აყენებს ამ შედეგების რეალურობას, რადგანაც თავად „აირაის" ამ კვლევაზე რაიმე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: „აირაის" რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა."

მათ ასევე საეჭვოდ მიაჩნიათ ის გარემოება, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც კვლევის შედეგები სოციალურ ქსელში გაავრცელა, „თავისუფალი ხალხის პარტიის" (ყოფილი „გირჩი") ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი იყო, რომელიც არ მალავს თავის კონტაქტებს მმართველი პარტიის ლიდერთან.

კვლევის ავთენტურობა და მისი შედეგები ასევე საეჭვოდ მიაჩნია ანალიტიკოსთა უმრავლესობასაც, რომლებიც „აირაისგან" საგანგებო განცხადებასა და ვითარებაში გარკვევას ელოდებიან.

გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე - „შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 36%, აქვს „ქართული ოცნებას".

მას 5%-ით მოსდევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - სტრატეგია აღმაშენებელი - მიხეილ სააკაშვილი".

2-2% მიიღეს პარტიებმა: „გირჩი - იაგო ხვიჩია", „ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი", „საქართველოსთვის - გიორგი გახარია" და „ახალი - ნიკა მელია, ნიკა გვარამია".

1-1%-იანი შედეგი აქვთ პარტიებს: „ხალხისთვის - ანა დოლიძე", „გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ ჯაფარიძე", „სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე" და „ხალხის ძალა - სოზარ სუბარი".

სხვა პარტიებს ჯამში 3% ერგოთ.

გამოკითხულთა 20%-მა განაცხადა, რომ არ იცის რომელ პარტიას მისცემდა ხმას; 10%-მა აღნიშნა, რომ ბიულეტენს გააფუჭებდა; 8% არ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში, ხოლო 8%-მა პასუხზე საერთოდ უარი თქვა.

პოლიტიკური შეფასებები

„თავისუფალი ხალხის პარტიის" (ყოფილი „გირჩი") ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის აზრით, კვლელვა აჩვენებს, რომ იმ ამომრჩევლებმა, რომლებმაც 2024 წლის არჩევნებზე „კოალიციას ცვლილებებისათვის", „ნაცმოძრაობას", „ლელოს" და გახარიას პარტიას მისცეს ხმა, ახლა აზრი შეიცვალეს და „სწორი არჩევანის გაკეთება" სურთ.

  • ქეთევან ბაკარაძე: „მე პირადად, ძალიან მიკვირს, რატომ ჩაუვარდა ხელში ეს კვლევა ისეთ პოლიტიკოსს, ალექსანდრე რაქვიაშვილს, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ აქვს ხოლმე კომუნიკაციები ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან".

„ჰოდა, ამდენი ხანი ამომრჩეველი რომ ტყუილში აცხოვრე, „გაყალბდაო" ყვიროდი და ვერაფერი დაამტკიცე, პროტესტის პირველი და მოერე ფაზებიო, ჯარიმებით დავღლითო, ცხელი გაზაფხულიო და ასე ტყუილი ტყუილზე და არაფერზე ბოდიში, არაფერზე მონანიება, არაფერზე აღიარება... და რა უნდა მომხდარიყო, რეიტინგი გაიზრდებოდა? მაგი კი არა, ისიც კი ვერ გაურჩევია ოპოზიციურ მედიას, თუ ვინ ვინაა ოპოზიციაში და ახლა უკვირთ, რომ ის, ვინც ნაღდი ოპოზიციონერები ჰგონიათ, რეიტინგებში არც კი ჩანან. ჰოდა, თუ ისევ სირაქლემას პოზაში იქნება მედია და შავისა და თეთრის გარჩევას არ დაიწყებს, კიდევ ბევრი არასასიამოვნო სიურპრიზი ელოდება წინ.

„თუმცა, მთავარი არა „ლელოს" ან გვარამიას თანდათანობითი გაქრობაა, არამედ ის, რომ ბევრი ადამიანი, ვინც 2024 შეცდა და „4-5-9-25 კამპანიას" აჰყვა, ახლა ხვდება შეცდომას და სწორი არჩევანის გაკეთება სურს", - წერს რაქვიაშვილი.

ამ განცხადებას „ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გამოქვეყნებული მონაცემების ნამდვილობას:

„სანამ საქმე დამეწყება:

„1. „აირაის" რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა.

„2. გავრცელებულ სლაიდზე ის ხდება, რასაც ათი წელია, გავიძახი - მეინსტრიმ ოპოზიცია ჩარეცხილია და მხოლოდ მესიამოვნება, თუ ეს მართალია, ჩემს 10-წლიან მოლოდინს ამტკიცებს;

„3. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ რეჟიმის „არჩევნებში" მონაწილეობა და ტელემედიის კონტროლი „ლელოს" გაქრობად დაუჯდა - ეს თუ მართალია, ჩემს მოლოდინს ამტკიცებს;

„4. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ გახარიას საპარლამენტო ტრიბუნა და სისტემურ ოპოზიციად ყოფნა ოხრად რჩება;

„5. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ ყველა ნაციონალურ ეთერში გამომჯდარი „გირჩი", რომელიც გაპარტახებულ ოპოზიციაზე კაპიტალიზაციას ცდილობს, ცდომილების ზღვარშია, ანუ სულ რომ შუაზე გაიხნენ და უთოშიც ილაპარაკონ, მათი ჭერი ცდომილების ზღვარია ნათელაშვილივით;

„6. რაც შეეხება ფედერალისტებს - უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ფედერალისტები ბოკერიათი არ იზომება და არცერთი პროფესიონალი პოლსტერი, რომელსაც რეალობის გაზომვა სურს, ჩერგოლეიშვილის დასახელების გარეშე ფედერალისტებს არ გაზომავს, რადგან მე ვარ პარტიის სპიკერი (ბოკერიასვე გადაწყვეტილებით) და არა ბოკერია, რომელიც ორ კვირაში ერთ პოსტს დებს და ამით ამოიწურება მისი საჯარო კომუნიკაცია. რა ჩერგოლეიშვილი გიჟს ჰგავს, მეგობრებო, დასცინეთ ამ ორპროცენტიანს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაშიც ასევე ეჭვქვეშ აყენებენ ამ მონაცემების ავთენტურობას. პარტიის წარმომადგენლის, ქეთევან ბაკარაძის თქმით, გარკვეულ ეჭვებს იწვევს ის გარემოებაც, რომ ცნობები „აირაის" კვლევაზე პირველად „თავისუფალი ხალხის პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გამოაქვეყნა.

„ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვქონდა არამხოლოდ „აირაისთან", არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ცნობილი კანონის მიღებამდე ოპერირებდა. ყველა ჯერზე ჩვენ ვიყავით საქმის კურსში. ამ შემთხვევაში, ეს არ მომხდარა და მე პირადად, ძალიან მიკვირს, რატომ ჩაუვარდა ეს კვლევა ისეთ პოლიტიკოსს, ალექსანდრე რაქვიაშვილს, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ აქვს ხოლმე კომუნიკაციები ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან, გახსოვთ, ვერ დამალა", - აცხადებს პარტიის „საქართველოსთვის" წევრი ქეთევან ბაკარაძე.

„ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს ამ კვლევაზე.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „ის შედეგებიც კი, რომელიც სათუოა და კითხვის ქვეშ დგას, პირადად ჩემთვის მაინცდამაინც შორს არ არის რეალობისგან. თუმცა, საიდან მოიტანა რაქვიაშვილმა, არ ვიცი".

„წარმოდგენა არ მაქვს ამ კვლევაზე, თვალით არ მაქვს ნანახი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მართლა ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ არ ვიცი ეს კვლევა ვინ ჩაატარა, როდის ჩატარდა, სად, ვინ არიან კვლევის ავტორები", - განაცხადა სამადაშვილმა.

თბილისის მერის და მმართველი პარტიის გენმდივნის კახა კალაძის თქმით კი, გამოქვეყნებული შედეგები მეტნაკლებად შეესაბამება საზოგადოების განწყობებს.

„კვლევაც არ სჭირდება, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ და რეალურად დაინახონ ის ვითარება, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება და თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. ყველაფერი ნათელია.

„როდესაც შენ არ ემსახურები შენს ქვეყანას, შენს ხალხს და შენი ქმედებები განპირობებულია გარე დავალებებით, კონკრეტული მითითებებით და არ იცავ ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ხალხის მხარდაჭერა", - განაცხადა კალაძემ.

რამდენად რეალურია გამოკითხვა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ასევე ეჭცქვეშ აყენებს გამოქვეყნებული კვლევის ავთენტურობას და ელოდება, რომ ამაზე თავად „აირაი" გააკეთებს განცხადებას.

„რამდენადაც მე ვიცი, „აირაი" გამოკითხვებს ატარებს ყველა საკითხზე. შესაბამისად, პოლიტიკურ ნაწილს უგზავნის ჯერ პარტიებს - ანუ კონფიდენციალურად და მერე უკვე, როცა პარტიები ამ პოლიტიკურ ნაწილს, ანუ საკუთარ რეიტინგებს გაეცნობიან, მას ასაჯაროებს.

„ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ის გამოკითხვა, რაც მე ვნახე, რაღაც არ ჰგავს მის („აირაის") ხელწერას. ამიტომაც ველოდები, რომ ალბათ, „აირაი" რაღაც განცხადებას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ვალდებულია გააკეთოს, ისევ და ისევ ორგანიზაციის რეპუტაციის დაცვიდან გამომდინარე, რომ ხალხში არ წავიდეს ეს ჭორები, ეს სპეკულაციები.

„თუმცა ის შედეგები, რაც დაიდო ორნაირად შეიძლება ადამიანმა შეხედოს. ერთი, რომ ეს არის, ვთქვათ, სპეკულატიური რაღაც გამოკითხვა და ვიღაცამ „აირაის" მიაწერა; და მეორეც - მე თუ მკითხავთ, მაინცდამაინც შორს რეალობისგან არ უნდა იდგეს.

  • ნიკა ჩიტაძე: „შეუძლებელია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს მარტო 17%. მიუხედავად იმისა, რომ „აირაი" ავტორიტეტული ორგანიზაციაა, ვფიქრობ რეალობას არ შეესაბამება",

ამბობენ, რომ 667 დღეა ვართ განუწყვეტელ პროტესტშიო. აი, რას მიაღწიეს? ვერაფერსაც ვერ მიაღწიეს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მოსახლეობის ნდობა მისდამი დაქვეითებული იყოს. მეორე მხრივ, თვითონ „ქართული ოცნების" 36% მიუთითებს იმას, რომ საზოგადოებას ხელისუფლებისგან რაღაც გარკვეული უკმაყოფილება დაუგროვდა და მისგან უფრო მეტს ელოდება. რასაკვირველია, თუ ეს კვლევა რეალურია.

„საჯარო სივრცეში „აირაი" რეიტინგს კონკრეტული პერსონების მიხედვით არ ზომავს. ეს არ არის მათი მუშაობის სტილი. ისინი პარტიების რეიტინგს ზომავენ. ამ შემთხვევაში რა და როგორ მოხდა, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ ის შედეგებიც კი, რომელიც სათუოა და კითხვის ქვეშ დგას, პირადად ჩემთვის მაინცდამაინც შორს არ არის რეალობისგან. თუმცა, საიდან მოიტანა რაქვიაშვილმა, არ ვიცი", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ გამოკითხვის შედეგები საზოგადოების რეალურ განწყობას არ ასახავს:

„ეს გამოკითხვა არ მიმაჩნია რეალურად, იმიტომ რომ 2024 წლის არჩევნებმა სხვა შედეგები აჩვენა. გამომდინარე აქედან, შეუძლებელია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს მარტო 17%. მიუხედავად იმისა, რომ „აირაი" ავტორიტეტული ორგანიზაციაა, ვფიქრობ რეალობას არ შეესაბამება".

იგი კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, ბოლო საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებიდან გამომდინარე, საეჭვოდ გამოიყურება.

„2024 წელს გვარამია-მელიას კოალიციამ 18% აიღო და ახლა აქ რაღაც 2%-ია. არა მგონია, რომ ასე უცებ დაეცა მათი რეიტინგი ორ წელიწადში."

ამასთან, ჩიტაძემ დანარჩენი პარტიების რეიტინგსა და ოპოზიციაში დაპირისპირებაზეც ისაუბრა:

„რაქვიაშვილის თქმით, ეს კვლევა აჩვენებს, რომ მათი რეიტინგი იზრდება, ხოლო ბარიერგადალახულების მცირდება. არ მგონია ეს რეალობას შეესაბამებოდეს. საერთოდ, ოპოზიციაში არსებობს დაპირისპირებები და ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის სურვილია, რომ თუ რაიმე დაპირისპირება და უთანხმოება აქვთ, ეს არ გახდეს ჩვენთვის ცნობილი და ერთმანეთში გაარკვიონ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×