
„ნაციონალურმა მოძრაობამ" 1-ლ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის გამართვაზე შსს-სგან უარი მიიღო, თუმცა შეკრებას მაინც გეგმავს. ეს ზაფხულის შემდეგ ენმ-ის ორგანიზებით გამართული პირველი აქცია იქნება. ანალიტიკოსთა შეფასებით, „ნაცმოძრაობა" იმის შემოწმება სურს, თუ რამდენი ადამიანის გამოყვანის რესურსი აქვს და როგორი იმოქმედებს ხალხის რაოდენობაზე აქციის მთავარი მოთხოვნა - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება პატიმრობიდან.
აქციის დროც და ადგილიც სიმბოლურადაა შერჩეული. თავად ორგანიზატორთა შეფასებით, რიყის დოქები და მათი დემონატჟი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ქვეყნის გაპარტახებისა და გაძარცვის სიმბოლოს წარმოადგენს. ხოლო 1-ლ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებიდან 5 წელი სრულდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დღეს ემთხვევა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მე-14 წლისთავიც.
აქციის ჩატარებაზე უარის მიზეზად შსს ორ გარემოებას ასახელებს. მათი ინფორმაციით, ენმ-ის ოფიციალური განცხადება/გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი. გარდა ამისა, 3-4 ოქტომბერს თბილისობის ტრადიციული დღესასწაულია დაგეგმილი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაც რიყის პარკია. შესაბამისად, 1-ლ ოქტომბერს იქ აქციის გამართვა ხელს შეუშლის თბილისობისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, შსს აქციის ორგანიზატორებს შეკრების ადგილის ან შეკრების თარიღის შეცვლას სთხოვს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა" ამით ტესტავს, თუ რა რაოდენობით მხარდამჭერი ჰყავს პარტიას და კერძოდ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მათი ნაწილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ აქციაზე სიტუაცია დაიძაბოს კიდეც სამართალდამცავებსა და პარტიულ აქტივს შორის, თუმცა ხალხის დიდ რაოდენობას არ ელიან.
„ნაცმოძრაობის" განცხადება და შსს-ს პასუხი
„ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, რიყის პარკში, 1-ლ ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღეს, თუმცა, ამის მიუხედავად, 1-ლ ოქტომბერს, 17:00 საათზე რიყის დოქებთან მაინც შეიკრიბებიან.
„გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ლ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან ხუთი წლის თავზე, აქცია რომ ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით. თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნება შსს-სა და მერიას.
„ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერი გახლავთ. შეუძლებელია, რომ საჯარო სივრცეებში, თუნდაც პარკებსა და სკვერებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს, იმის გამო, რომ ივანიშვილს დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის ეშინია; იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმს დღემდე ყველაზე მეტად ეშინია „ნაციონალური მოძრაობის". კარგად იციან, რომ აღმშენებლობის 9-წლიანი პერიოდი აუცილებლად გაგრძელდება ამ ქვეყანაში და შეწყდება ნგრევის 14 წელი. კარგად იციან ის როლი, რომელსაც ითამაშებს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა" და ქართველ ხალხთან ერთად, ამ რეჟიმის დემონტაჟის საქმეში.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახებისა და გაძარცვის სიმბოლოდ. აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, აუცილებლად შევიკრიბებით 1-ლ ოქტომბერს 17:00 საათზე", -განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შს სამინისტროს განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილია სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან მათ მოძრაობას აფერხებს. შესაბამისად, სავალდებულოა პასუხისმგებელმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიტანოს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონით განსაზღვრულ მონაცემებსა და საჭირო ინფორმაციას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის მიერ, 2026 წლის 25 სექტემბერს, წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი, კერძოდ:
„- განცხადებაში (გაფრთხილება) არ იყო აღნიშნული შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;
„- ასევე, გაფრთხილებას ხელს არ აწერდა შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირი ბესარიონ გედენიძე, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს.
„გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის მიერ, ირაკლი ფავლენიშვილს წერილობით განემარტა, რომ 2026 წლის 3-4 ოქტომბერს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება „თბილისობა 2026"-ის ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი ძირითად ლოკაციას წარმოადგენს ევროპის მოედანი და რიყის პარკი.
„ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები. შესაბამისად, იმისათვის, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აქციის ორგანიზატორებს მიეცათ მითითება განეხილათ შეკრება/მანიფესტაციის გამართვის ადგილისა ან/და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციის სავარაუდო მიზანი
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ალბათ ენმ ტესტავს იმას, თუ ხალხის რა რაოდენობის მობილიზებას შეძლებს მხოლოდ პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის სახელით.
- ვახტანგ ძაბირაძე: „შეიძლება ეს ერთგვარ ტესტადაც ჩაითვალოს, მაგრამ არ მგონია „ნაცმოძრაობის" აქტივის გარდა ვინმე გამოჩნდეს. მხედველობაში მაქვს პოლიტიკური ლიდერები ოპოზიციიდან."
„ალბათ აინტერესებთ, თუ რა რაოდენობის ხალხის მობილიზებას შეძლებენ. ამ მხრივ შეიძლება ეს ერთგვარ ტესტადაც ჩაითვალოს, მაგრამ არ მგონია „ნაცმოძრაობის" აქტივის გარდა ვინმე გამოჩნდეს. მხედველობაში მაქვს პოლიტიკური ლიდერები ოპოზიციიდან. ოპოზიციის ალიანსიდან თუ მივა ვინმე, თორემ არ მგონია „ლელომ" და გახარიას პარტიამ ამაში მიიღონ მონაწილეობა. თუ მიიღებენ, ეს მათთვის იქნება კიდევ ერთი მძიმე შეცდომა", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ენმ-ს საზოგადოებისათვის თავის შეხსენება სურს იმ სარჩელის ფონზე, რაც „ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა პარტიების აკრძალვაზე.
- ედიშერ გვენეტაძე: „უნდათ ხალხს თავი შეახსენონ მოახლოებული სამართლებრივი გაუქმების ფონზე... ალბათ 1000-1500 კაცი შეიკრიბება და ეს იქნება მათი პოტენციალი"
„ამით გარკვეულწილად ტესტავენ და უნდათ ხალხს თავი შეახსენონ მოახლოებული სამართლებრივი გაუქმების ფონზე, რომელიც მათ კართანაა მომდგარი. რაღაც გაფაფხურება უნდათ, მაგრამ იქ მხლოდ და მხოლოდ ისინი მივლენ, ვინც ფანატიკურად არიან რაღაც აბსურდიზმზე შეყვარებული და კერძოდ მიშა სააკაშვილზე. ალბათ ასე 1000-1500 კაცი შეიკრიბება, ეს იქნება მათი პოტენციალი", - განაცხადა გვენეტაძემ.
რა არის მოსალოდნელი აქციაზე
ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ პოლიციასთან დაპირისპირება იყოს აქციაზე და შესაძლოა სწორედ ამაზე ჰქონდეს ენმ-ს გათვლა.
„დაპირისპირება შეიძლება მოყვეს პოლიციასთან. შესაძლოა ეს „ნაციონალური მოძრაობის" გათვლაა, რათა აჩვენოს, რომ მათ არ ეშინიათ პოლიციის. კიდევ ერთი მომენტია, რომ ასე მიძინებული საპროტესტო სივრცე უფრო გააღვიძონ. თუმცა, თუ იქ ხალხის შესაბამისი რაოდენობა არ იქნა, ეს იქნება დამღუპველი სააკაშვილისთვისაც და „ნაციონალური მოძრაობისთვისაც", - განაცხადა ძაბირაძემ.
ედიშერ გვენეტაძე გვეუბნება, რომ ენმ-ს აღარ აქვს ის პოტენციალი, რომ დაძაბულობა შექმნას.
„ნაციონალურ მოძრაობას" უმძიმესი დღეები უკვე ჩავლილი აქვს. ისინი, როგორც პოლიტიკური ძალა, საქართველოში უკვე აღარ არსებობენ", - განაცხადა გვენეტაძემ.