
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი გაბუნიას თქმით, ლევილის მამულის რეაბილიტაცია იყო არა მხოლოდ ქონების, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობის დაბრუნებაც.
მისივე განცხადებით, ლევილის ისტორია დღეს მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, რამდენადაც ის ორ ქვეყანას - საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა.
„კოლეგებო, მე მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ იმ მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას, რომლის მომსწრენიც ჩვენ გავხდით. საფრანგეთში, ლევილში დასრულდა ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაცია.
ეს იყო არა მხოლოდ ქონების დაბრუნება, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობის დაბრუნებაც — იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ჩვენ მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ. ის მატერიალური თუ სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა ემიგრანტებმა შექმნეს, შემოინახეს და დაიცვეს.
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება. სივრცე, სადაც მუზეუმი, არქივი, ბიბლიოთეკა, აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობა ერთიან, თანამედროვე კულტურულ და სამეცნიერო გარემოს შექმნის.
ეს იქნება ადგილი, სადაც მკვლევრებს, ხელოვანებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ემიგრანტებს, ექნებათ შესაძლებლობა, რომ უკეთ გაეცნონ ჩვენს ისტორიას, ჩვენი კულტურის ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს და ამ მემკვიდრეობასთან უშუალო კავშირი დაამყარონ.
ლევილის ქართველთა მამული არის არა მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი, საფრანგეთში მას აქვს, ასევე უნიკალური შესაძლებლობა, იქცეს კულტურული დიალოგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილად ევროპაში. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც კულტურული დიპლომატია სულ უფრო მეტად ხდება ქვეყნებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების, თანამშრომლობის და მეგობრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი.
მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ძვირფას კოლეგას, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც იყო სულისჩამდგმელი ამ მნიშვნელოვანი და ისტორიული პროცესისა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს კულტურის სამინისტროს და ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროცესში, ასევე ოჯახებს, რომელთაც ეკუთვნოდათ ეს მამული და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა გამხდარიყო საერთო, სახალხო, საზოგადო საკუთრება.
ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობის და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ, ვიფიქროთ, რომ ქართული კულტურის, განათლების, მეცნიერების მნიშვნელოვან ცენტრად როგორ იქცეს ეს უმნიშვნელოვანესი ადგილი და ჩვენ ვიზრუნოთ, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ლევილის ქართველთა მამული აი ამ ცენტრად მოაზრებული მომავალში.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც იყო მონაწილე ამ მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესისა. ვუსურვებ ლევილის ქართველთა მამულს მრავალ ახალ თაობას, ახალ აღმოჩენებს, ახალ შემოქმედებით შეხვედრებს და საქართველოს ისტორიის და კულტურის კიდევ უფრო მეტად ფართოდ წარმოჩენას,“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.