რეზონანსი
29.09.2026

ჩვენი გუნდი უკვე დიდი ხანია მუშაობს სოციალურ პაკეტზე, შესაბამისად, ქონების გადასახადისთვის დაწესებული ბარიერის ზრდა ჩვენს გეგმასა და პაკეტშიც შედიოდა. როგორც ჩანს, ეს „ოცნებამაც“ კარგად იცოდა და დასწრების პრინციპით თავად გამოვიდა ამ ინიციატივით, თუმცა მთავარია, საქმე გაკეთდეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეს კანონპროექტი გათვლილია იმაზე, რომ მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა გარკვეული შეღავათი იგრძნოს, დიდი ალბათობით, მათი გუნდი მხარს დაუჭერს.

„კარგად იცით, რომ ჩვენი გუნდი უკვე დიდი ხანია მუშაობს სოციალურ პაკეტზე. ამ თემას კომპლექსურად ვუყურებთ, რადგან ცალკე აღებული რომელიმე ცვლილება ჩვენს მოქალაქეებს განსაკუთრებულ შეღავათს ვერ მოუტანს. შესაბამისად, ქონების გადასახადისთვის დაწესებული ბარიერის ზრდა ჩვენს გეგმასა და პაკეტშიც შედიოდა. როგორც ჩანს, ეს „ოცნებამაც“ კარგად იცოდა და დასწრების პრინციპით თავად გამოვიდა ამ ინიციატივით, თუმცა მთავარია, საქმე გაკეთდეს. ვინაიდან ამ კანონპროექტს ჯერჯერობით კარგად არ გავცნობილვართ, თუ იგი გათვლილია იმაზე, რომ მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა გარკვეული შეღავათი იგრძნოს, ვინაიდან 40 000-ლარიანი ბარიერი კრიტიკას ვერ უძლებდა და დღევანდელ რეალობას არ შეესაბამებოდა, დიდი ალბათობით, მას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. „პროექტი ეხება ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას და მხოლოდ 100 000-ლარიანი ზღვრის დატოვებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×