
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მოკლული 85 წლის ელიკო ასაბაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.
23 წლის ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება თავდაპირველად განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დღეს კი პროკურატურამ მას ბრალი ოფიციალურად ორი მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი არაერთგზის და სხვისი ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 21 სექტემბერს, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევმა პირმა, სოფელ ალმატში, ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მკვლელობის განზრახვით, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა. მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა.
ამის შემდეგ ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვისა და მტკიცებულებების განადგურების მიზნით, საძინებელ ოთახს ცეცხლი წაუკიდა.
ის სამართალდამცველებმა 27 სექტემბერს დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ, 29 სექტემბერს იმსჯელებს.
მთავარი ამბები კახეთიდან