
ბოსტონი, ჩიკაგო, ლოს-ანჯელესი, პორტუ, ბუენოს-აირესი, რიო-დე-ჟანეირო და რამდენიმე კვირაში უკვე თბილისშიც - დედაქალაქის მეტროს, პირველად ისტორიაში, თანამედროვე და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე კარგად დატესტილი ვაგონები ეყოლება, რომელიც თბილისის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს მოემსახურება.
ახალი შემადგენლობებისა და ვაგონების სანახავად შანხაიშია წასული დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენისთვის შეძენილ სატრანსპორტო საშუალებებს ქარხანაში პირადად შეამოწმებს.
"ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები.
მე ხვალ ასევე მექნება შესაძლებლობა შევხვდე ქალაქ ნანკინის მერს. ქალაქი, რომელიც ერთ-ერთი თანამედროვე არის თავისი ისტორიული წარსულით, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან განვითარდა და საინტერესო იქნება მოვისმინოთ და გავიზიაროთ ის გამოცდილება, რაც აღნიშნულ ქალაქს გააჩნია.
გარდა ამისა, შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა და პირველი ეს ვინც შეძლო და გააკეთა, არის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", - აცხადებს კახა კალაძე.
მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-სთან თბილისის მერიამ თითქმის 150 მილიონი ევროს კონტრაქტი გააფორმა. ჩინურმა მხარემ დედაქალაქს ჯამში 111 ახალი ვაგონი უნდა გადმოსცეს. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პირველი ოთხ-ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც ჩინეთში შესაბამის ტესტირებას გადის, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი მატარებელი დამატებით უსაფრთხოების შემოწმებებს გაივლის, მათ შორის 5 000 კილომეტრიან სატესტო გარბენს თბილისის მეტროს ხაზზე. უმსხვილესი ჩინური კომპანიის გარდა, შანხაიში ვიზიტად მყოფ კახა კალაძეს ჩინეთში სხვა შეხვედრებიც აქვს.