ანაზღაურების ზრდამ საქმეს დიდად ვერ უშველა, უცხოელმა მუშახელმა კი ქვეყანაში ფეხი ვერ მოიკიდა
ქეთო გოგოხია
28.09.2026

ბიზნესში კადრების დეფიციტის საკითხი კვლავ ვერ მოგვარდა. არც  სამშენებლო, არც სამეწარმეო სფეროებში ამ კუთხით მდგომარეობა  რეალურად ვერ გაუმჯობესდა. შესაბამისად, მუშახელი ბაზარზე კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. პრობლემაა არაერთ დარგში, მათ შორის, სამშენებლო ბიზნესში, მომსახურების სფეროში. ბაზარზე არსებული დაგეგმილი პროექტების მასშტაბები და ინფრასტრუქტურული ზრდის ტემპი ბევრად უსწრებს შესაბამისი კვალიფიციური სამუშაო ძალის მიწოდებას, რაც არცთუ ისე მარტივ რეალობას ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება ეტაპრივად რამდენიმეჯერ გაიზარდა და უცხოური მუშახელიც მეტ-ნაკლებად შემოდის ბაზარზე, ეს პრობლემის აღმოსაფხვრელად გადამწყვეტი ვერ აღმოჩნდა.  ბიზნესი კადრების დეფიციტზე ისევ წუხს. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტორიც, რომ ადგილობრივი რესურსის სიმცირის ფონზე, უცხოელების ჩამოყვანასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრებულია, რაც ბიზნესს დამატებით ბარიერებს უქმნის.

დეველოპერული კომპანია „არსის“ ხელმძღვანელის, ბესო ორთოიძის განცხადებით, ბაზარი და დაგეგმილი პროექტების მასშტაბები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შესაბამისი სამუშაო ძალის მიწოდება. პროფესიულ განათლებაზე ყურადღების გამახვილების მიუხედავად, სექტორში არსებული მოთხოვნა მაინც დაუკმაყოფილებელია. ამასთან, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს უცხოელი მუშახელის ჩამოყვანასთან დაკავშირებით გამკაცრებული რეგულაციებიც.

„სექტორი და ბაზარი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე შევსება ხდება. განვითარების ნაწილში მნიშვნელოვანია რა პროექტებია დაგეგმილი და ისინი გაცილებით უფრო მასშტაბურია დღეს. ეს იწვევს დისბალანსს. ამას ემატება ისიც, რომ არარეზიდენტების მიმართულებით რეგულაციებია გამკაცრებულია.

როდესაც პროექტების მოცულობა და ხარისხობრივი მოთხოვნები ასე სწრაფად მატულობს, მხოლოდ ანაზღაურების მატება დეფიციტს ვეღარ აღმოფხვრის, ფიზიკურად აღარ გვყოფნის ადამიანური რესურსი“, - განაცხადა ბესო ორთაიძემ  „საქმიანი დილის“ ეთერში.

პრობლემას ადასტურებს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ჭელიძეც, რომლის შეფასებითაც პრობლემა მწვავედ დგას ბიზნესის თითქმის ყველა სექტორში - იქნება ეს მშენებლობა, მომსახურება თუ წარმოება. 

"ეკონომიკის ზრდასთან ერთად მოთხოვნა მატულობს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე კვალიფიციური კადრების პოვნა სულ უფრო რთულდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი პროექტებისა და მასშტაბების პარალელურად, სამუშაო ძალის დეფიციტი ბიზნესის განვითარებას შემზღუდველ ფაქტორად ექცა, რასაც ემატება რეგულაციებთან დაკავშირებული გამოწვევებიც.

პროფესიული კადრების ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია ბიზნესისთვის. პრობლემა ისაა, რომ ტექნიკური კადრი არ ჰყავს ქვეყანას, რის გამოც პრაქტიკული და ტექნიკური პროფესიები გარკვეულ  დეფიციტს განცდის. ბაზარზე დიდი მოთხოვნაა ისეთ პოზიციებზე, სადაც საინჟინრო, ტექნიკური ან ე.წ. „ხელით მუშაობის“ უნარებია საჭირო, თუმცა საგანმანათლებლო სისტემა და საზოგადოებრივი ორიენტაცია, ძირითადად, აკადემიურ სპეციალობებზეა ფოკუსირებული. 

რაც შეეხება უცხოური მუშახელის შემოყვანასა და ახალ რეგულაციებს, ბიზნესი ცდილობს ადგილობრივი რესურსის მინუსი დააბალანსოს, თუმცა ბაზრის ზრდის ტემპიდან გამომდინარე, კადრების სიმცირე კვლავ გამოწვევად რჩება სხვადასხვა სექტორში“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ჭელიძემ და დასძინა, რომ სამუშაოს მაძიებელ ქართველს, თუ ის კვალფიციურია, სამსახურის შოვნა არ უჭირს, თუმცა მეტი ანაზღაურების გამო, ხალხი მაინც ცდილობს ქვეყნიდან წასვლას, რის ტენდენციაც, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაშია.

კომპანიებში აღიარებენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ცუდი დროება უდგათ და ზოგიერთი მათგანი ბოლო პერიოდში დაიხურა კიდეც.  ხის ხელნაკეთი საათებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდის "ოთანაძე დიზაინის" დამფუძნებელი შალვა ოთანაძე სექტორში არსებულ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და კადრების კლების მიზეზს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებით ხსნის.

,,ბიზნესს ნამდვილად უჭირს და არც მოლოდინია ოპტიმისტური. ვხედავთ, რომ მასიურია კადრების გადინება. ეს არა მხოლოდ რიგით თანამშრომლებს, უკვე დამსაქმებლებსაც შეეხოთ. მაგალითები გვაქვს, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა დახურა ბიზნესი და თვითონ წავიდა საზღვარგარეთ. ყველაზე მეტად ახლა მცირე ბიზნესს უჭირს - კადრებზე რომ არაფერი ვთქვათ, გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა. 

ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელსაც ჩვენს სფეროში პროფესიული განათლება აქვს მიღებული. სამეწარმეო კომპანიებში კვალიფიციური თანამშრომელი ყოველთვის არის პრობლემა. ამიტომ ჭირს ხოლმე განვითარებაზე ორიენტირებული, ახალი პროექტების განხორციელება. სამწუხაროდ, მოსახლეობის ემიგრაციამაც დიდი პრობლემა შეგვიქმნა", - აღნიშნა შალვა ოთანაძემ  ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 13.8% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირებულია. 

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად დასაქმების მაჩვენებლები უმჯობესდება და ზოგადი უმუშევრობა იკლებს, ბიზნესი მაინც კადრებისა და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტს უჩივის. ეს იმითაა განპირობებული, რომ ეკონომიკური ზრდისა და ახალი პროექტების მასშტაბები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შრომის ბაზარი შესაბამისი პროფესიული კადრებით ამარაგებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×