
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, 28-29 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში სახელწოდებით – „გზები მშვიდობისკენ: მეორე საერთაშორისო კონფერენცია უკრაინელი ბავშვების, დაკავებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხზე“.
ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრებიც.
კანადაში საქართველოს ელჩის, სალომე ქურასბედიანის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით მიმართავს კონფერენციის მონაწილეებს, გაიმართება შეხვედრა ანადელ კოლეგასთან.
„დღეს ტორონტოში, კანადის ორგანიზებით, იმართება საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის საკითხზე, რომელსაც ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, კონფერენციას ესწრება ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. კონფერენციის ფარგლებში, იგი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და აგრეთვე, გაიმართება შეხვედრა მის კანადელ კოლეგასთან. ბუნებრივია, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მაღალი პოლიტიკური დიალოგისა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ზოგადად, ჩვენი ქვეყანა მტკიცე მხარდამჭერია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ასეთ უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ფაქტს“, – განაცხადა ქურასბედიანმა.