
გამოცემა „პოლიტიკოს" ცნობით, ევროკავშირი გაწევრიანების ეტაპობრივ „საგზაო რუკებს" მხოლოდ ოთხ კანდიდატს შესთავაზებს. ევროკომისიის ორმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც წინადადებების პროექტზე მუშაობდნენ, გამოცემას განუცხადა, რომ მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის მიზნობრივი „საგზაო რუკების" შექმნა განიხილება.
„პოლიტიკოს" წყაროების განმარტებით, ეს „საგზაო რუკები" უფრო ნათელს გახდის, თუ კონკრეტულად რა მოეთხოვება თითოეულ კანდიდატ ქვეყანას; ამავდროულად, ისინი ვალდებულებებს დააკისრებს მოქმედ წევრებსაც, რომელთა თანხმობაც აუცილებელია პროცესის წინსვლისთვის.
გეგმები ასევე განსაზღვრავს სავარაუდო ვადებს რეფორმების ჯგუფების - ე.წ. „მოლაპარაკებების კლასტერების" - ოფიციალურად დასრულებისთვის, რაც გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპებს წარმოადგენს.
„პოლიტიკოს" ცნობით, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ პროცესის ადრეულ ეტაპზე მყოფ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ამ ეტაპზე საგზაო რუკებს არ შესთავაზებენ. გამოცემა წერს, რომ მათ ასევე არ შესთავაზებენ საქართველოს, თურქეთსა და სერბეთს, "რომელთა განაცხადებიც დემოკრატიულ და სასამართლო სისტემაში უკუსვლის შესახებ არსებული შეშფოთების გამო შეჩერებულია".
„პოლიტიკოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ათწლეულებია, ქვეყნები კანდიდატებად ითვლებიან, იგივე თურქეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა.
„ახლა გამოაცხადეს, რომ ევროკავშირის წევრობა, რომელიც 2030 წელს შეიძლება, შეიცვალოს, იმას გულისხმობს, რომ ახალი წევრები ჩუმად უნდა იყვნენ და მათ ხმის უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ. ევროკავშირში გაწევრიანებას თემას ნეგატიურად თუ ვინმე იხილავს, ეს განცხადებები ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან თუ მოგვისმენია.
ბრიუსელის სტრუქტურებსა და საქართველოს შორის დაპირისპირება არ არის განპირობებული იმით, აქვს თუ არა საქართველოს მონაცემი. საქართველო ყველანაირი მონაცემით წინაა, მაგრამ, ინტერესი აბსოლუტურად სხვაა და ეს წევრობის თემას არ უკავშირდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, ევროკავშირს საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი აქვს? ვიცე-სპიკერი პასუხობს, რომ „ამას ორმაგი სტანდარტი არ ჰქვია, ამას ჰქვია კონკრეტული ბნელი იდეები და გეგმა, რომელიც არანაირ მონაცემს არ ითვალისწინებს".
„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საკვანძო პოზიციაზეა, მაშინ როდესაც დერეფნების და სატრანზიტო მიმოსვლის საკითხი მწვავედ დგას მსოფლიოში. ალტერნატიული გზები, ენერგორესურსების მიწოდები და ქვეყნებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურამდეა შეზღუდული. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოში მართვის სადავეების ჩაგდების დიდი სურვილი და იმედია. რევოლიციური მცდელობებიც ამიტომ მოხდა და ეს განცხადებებიც ბოლო პერიოდშიც ამიტომ კეთდება.
საქართველოს კანდიდატობაზე ამიტომ ეთქვა უარი, შემდეგ ვითომ სალომე ზურაბიშვილმა, რომ ჩააწყო საქმე. ამიტომ იყო უკვე დაგეგმილი, რომ მოლაპარაკების სტადიაზე გადასვლისთვის უარი ეთქვა, როდესაც პრევენციულმა განცხადებამ ასეთი ისტერიკა გამოიწვია. ყველაფერი ამიტომ ხდება. ეს არა თუ ორმაგი სტანდარტია, არამედ გარკვეული სტრატეგიული გეგმაა, რომელიც საქართველოს არანაირად არ აწყობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის თქმით, როდესაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს მინისტერიალზე იწვევენ, საქართველოს არ პატიჟებენ, თითქოს ის შავ ზღვას არ ესაზღვრება.
„ადრე თუ გვიან, რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. რაც შეეხება უშუალოდ გაფართოებას და ახალი წევრების მიღებას, ევროკავშირის ოფიციალური პოზიციაა, ეს 2030 წლამდე არ მოხდება. ჩვენ გარანტირებულად შეგვიძლია, ვთქვათ, 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება გასაწევრებლად", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ „ეს არის ევრობიუროკრატების უგუნური პოლიტიკის შედეგი".
„მხოლოდ „ქართული ოცნება" არ ვართ იმ რეჟიმში, რომ დღეს ურთიერთობა ბრიუსელის ბიუროკრატიასთან არ გვქონდეს. მათ არანაკლებ გაფუჭებული ურთიერთობა აქვთ ამერიკასთან, ვიდრე საქართველოსთან. არ მგონია, საქართველოს და აშშ-ის ერთად ისეთი რამ დაეშავებინათ, რომ დღეს ბრიუსელთან ფაქტობრივდ ურთიერთობა არ არსებობს.
ვიმედოვნებთ, რომ მმართველი კლასი გადახედავს თავის უგუნურ პოლიტიკას და ურთიერთობა დალაგდება, როგორც ჩვენსა და ბრიუსელს შორის, ასევე ბრიუსელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ევროკავშირის მოსახლეობისთვის, ისე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ნატო სთვაზობს ევროკავშირს და ამის მთავარი გარანტორი ამერიკის შეერთებული შტატებია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
„ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ: „ის ფაქტი, რომ საქართველო აღარ არის იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც სთავაზობენ დაჩქარებული სამოქმედო გეგმით ევროკავშირში გაწევრიანებას, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი დასტური უნდა იყოს იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ დიდი ხანია, რომ რუსეთის დავალებით და რუსეთის მოთხოვნით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს წაართვა ისტორიული შანსი გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. რამდენი ტყუილიც არ უნდა გითხრან ივანიშვილის სპიკერებმა იმაზე, რომ თითქოს ევროკავშირმა თავად შეწყვიტა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი, სიმართლე არის ის, რომ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობით ბიძინა ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება.
შემდეგ საკუთარი ერთ-ერთი მოლაპარაკე თავი ირაკლი კობახიძე გამოიყვანა და გამოაცხადებინა რეალურად უარი ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ეს არის რეალური საბოტაჟი საქართველოს სახელმწიფოსი, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ქართული სახელმწიფო თუ გადარჩა, ამ სამარცხვინო რეჟიმს აუცილებლად მოუწევს დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება, ამ ისტორიულ სახელმწიფო დანაშაულზე", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.