
„ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებას უწოდებს. სააკაშვილმა დღეს სასამართლოში 2008 წლის აგვისტოზე საუბრისას რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები ძალიან პატარა სოფლებად მოიხსენია.
მათიკაშვილის თქმით, სააკაშვილსა და მის მოღალატეობრივ პარტიას საკუთარი ღალატი რამდენჯერმე აქვს აღიარებული.
„ეს არის 2008 წელს, ომის დამთავრებიდან ძალიან მალევე ცნობილ რეზოლუციაზე ხელმოწერა, სადაც საკუთარ ჯარს დააბრალა ცხინვალის დაბომბვა, ეს არის ტალიავინის დასკვნა, რომელზედაც მოაწერეს ხელი მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ბოლოს, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი საგამოძიებო კომისიის მასალები, თუ რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წელს ომის დაწყებამდე, რამ განაპირობა ეს სამწუხარო მოვლენები. არნაირი გამართლება არ აქვს ინტერვენციას, რაც განახორიციელა რუსეთმა, ეს არის უდიდესი დანაშაული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაგრამ ამ ყველაფერს წინ რა უძღოდა? სააკაშვილის ღალატი, მისი მილიტარისტული განზრახვები და ის ნაბიჯები, რამაც 2008 წლის 8 აგვისტოს ეს ინტერვენცია გამოიწვია. აქ წერტილია დასმული და საზოგადოებამ ყველაფერი კარგად იცის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.