თამთა ჩაჩანიძე
28.09.2026

"ქართულ ოცნებაში" აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვას კვლავ აქტიურად ელიან, განსაკუთრებით ეს იკვეთება პრემიერ ირაკლი კობახიძის ნიუ-იორკში ვიზიტის შემდეგ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ვაშინგტონიდან პოზიტიური სიგნალები მოდის საქართველომ მზადყოფნა უკვე დააფიქსირა და ახლა „ბურთი ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზეა".

"ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის მიმართულებით ბოლო პერიოდში პოზიტიური სიგნალები იკვეთება და განსაკუთრებით იმედისმომცემად პრემიერ ირაკლი კობახიძის გაეროს ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან და მარკო რუბიოსთან ხანმოკლე კომუნიკაციას აფასებენ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ვაშინგტონთან ურთიერთობის რეალური გადატვირთვის კონკრეტული ნიშნები არ ჩანს და ხელისუფლება მოკლე კომუნიკაციებს პოლიტიკური გზავნილის გასაძლიერებლად იყენებს.

"პრეზიდენტ ტრამპთან და რუბიოსთან საუბრის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო იმგვარი, სადაც ფოტო იქნებოდა, ამ ფოტოს უკვე ვნახავდით. ის გასაჯაროებული იქნებოდა გამარჯვების ყიჟინასთან ერთად პროპაგანდისტებისგან", - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ არანაირი რეალისტური შესაძლებლობა იმისა, რომ ამერიკასთან ურთიერთობა გადატვირთონ, აღარ არსებობს.

ჩანს თუ არა ე.წ. გადატვირთვის რეალური ნიშნები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზინანსთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში რეალური "გადატვირთვის" ნიშნები არ ჩანს და ხელისუფლების მხრიდან ეს საუბრები უფრო საკუთარი ამომრჩევლისკენაა მიმართული.

"ტრამპი უკვე ორი წელია პრეზიდენტია და აშშ-სთან მაინცდამაინც ურთიერთობის რაღაც გადატვირთვა არ მომხდარა. სულ იმის მტკიცებას ცდილობენ, რომ ჩვენი ბრალი არ არის, ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და იმათ არ უნდათო და თუ არ უნდათ, მაშინ ნუ უნდათო.

  • ნიკა ჩიტაძე: "ტრამპი ორი წელია პრეზიდენტია და აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა არ მომხდარა. სულ იმის მტკიცებას ცდილობენ, რომ ჩვენი ბრალი არაა, ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და იმათ არ უნდათო"

"ამით თავიანთ ამომრჩეველს აჯერებენ, რომ თითქოს დასავლეთთან ყველაფერი კარგადაა. მაგრამ, ის ამომრჩეველიც რაღაც მიზეზთა გამო უჭერს მხარს, ვიღაცას ფინანსური სარგებელი აქვს და ა.შ",- განაცხადა ჩიტაძემ.

ჩიტაძემ, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებაზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ჰქონდა შეხვედრა.

"შეიძლება გაეროს მიღებაზე რომ იყო, იქ მიღებაზე ყველა წევრია და მარტო კობახიძეს არ შეხვდებოდნენ. მაგალითად, უბრალოდ ფონ დერ ლაიენმა გაუღიმა და ეს ცალკე დეტალი გამოაქვეყნეს და ალბათ ტრამპთან და რუბიოსთან ერთობლივი ტიპის გასაუბრებები იყო და ისეთი ტიპის შეხვედრა არ ყოფილა, რომ ცალკე ფოტოს გადაღების საშუალება ჰქონოდათ",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში გარკვეული დათბობა უკვე შეინიშნება და "ქართული ოცნების" მიერ ნახსენები პოზიტიური სიგნალები სწორედ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომებს უკავშირდება.

  • ედიშერ გვენეტაძე: "აშშ-დან შემხვედრი ნაბიჯები, ვფიქრობ, უკვე დაწყებულია და თანდათანობით ვითარდება"

"ვფიქრობ, "ქართული ოცნება" პოზიტიურ სიგნალებად იმას მიიჩნევს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ის ჩარევები, რომლებიც ხორციელდებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, აღარ იქნება. უპირველეს ყოვლისა, აღარ იქნება ისეთი უხეში ჩარევები და ცინიკური დამოკიდებულება სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი.

"აშშ-დან შემხვედრი ნაბიჯები, ვფიქრობ, უკვე დაწყებულია და თანდათანობით ვითარდება. აქ ჩამოსულები იყვნენ ამერიკელები სამხედრო სწავლებაზე, ამავდროულად, მიმდინარეობს ურთიერთობა ელჩებთან. ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლიდან დღემდე ბევრი ისეთი რამ გაკეთდა, რაც ჯერჯერობით სამზარეულოდან გარეთ ალბათ არ გამოტანილა, თუმცა, აშკარაა ის დამთბარი ურთიერთობა, რომლებიც ამერიკასთან დღეს არსებობს",- განაცხადა გვენეტაძემ.

მოლოდინები "ოცნებაში"

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დონალდ ტრამპთან და მარკო რუბიოსთან ხანმოკლე კომუნიკაციის შემდეგ სიგნალები პოზიტიურია, თუმცა, კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა დაველოდოთ.

"რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ მხოლოდ პოზიტიურ სიგნალებს ვაკვირდებით ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ საქართველოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, ძალიან კარგი შეხვედრები შედგა. ბატონმა პრემიერმაც აღნიშნა იმ ხანმოკლე კომუნიკაციის შესახებ, რომელიც მას ბატონ ტრამპთან და ბატონ რუბიოსთან ჰქონდა.

"სიგნალები პოზიტიურია, თუმცა, ბევრჯერ გვითქვამს, რომ "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ბურთი ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზეა. მათაც იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და გავწეროთ გზამკვლევი დროსა და სივრცეში, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის ინტერესები", - განაცხადა მაჭავარიანმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კი 27 სექტემბერს განაცხადა, რომ გაეროში ვიზიტის დროს მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.

"ვიზიტი იყო არა აშშ-ში, არამედ გაეროში, თუმცა, ამ ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების შესაძლებლობა, სადაც მოკლედ აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს იყო ჩემი გზავნილი ხანმოკლე გასაუბრების დროს.

"როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან.ხანმოკლე საუბარი მქონდა როგორც ამერიკის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, მიღების ფარგლებში და ხაზი გავუსვი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას. ჩვენი მხრიდან გამოთქმული იქნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი, ძალიან დადებითი განწყობა იყო, დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×