
„ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ოპოზიციას ვრცელ პოსტს უძღვნის, სადაც პარტიებს ერთი საერთო ქსელის ნაწილად წარმოაჩენს და მათ სხვადასხვა პოლიტიკურ როლს მიაწერს, ხოლო ამ ყველაფრის უკან „გარე ძალებს" და „უცხოელ პატრონებს" მოიაზრებს.
ის საუბრობს ოპოზიციის შესაძლო ახალ გადალაგებებზე 2028 წლის არჩევნებამდე, გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონებზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე.
მისი მტკიცებით, 2028 წლის არჩევნებამდე „უცხოელი პატრონები" ოპოზიციის ახალი კონფიგურაციების შექმნასა და სხვადასხვა სეგმენტზე მათ განაწილებას კვლავ შეეცდებიან, თუმცა კონკრეტულ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს არ ასახელებს.
მისი თქმით, სწორედ ისინი ქმნიან და აძლიერებენ ახალ პოლიტიკურ ძალებს, განსაზღვრავენ მათ როლებს და ცდილობენ სხვადასხვა კონფიგურაციით „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ამომრჩევლის მობილიზებას.
მაჭავარიანის განცხადების მიზანი
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, „ქართული ოცნება" ოპოზიციის შესახებ საკუთარი პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს და ცდილობს ამომრჩეველს აჩვენოს ის სურათი, რომელიც მას რეალობად მიაჩნია, თუ რა ხდება ოპოზიციურ ბანაკში.
„ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ ოპოზიციაზე ახალი საინფორმაციო შეტევა განეხორციელებინა და ამომრჩევლისთვის კიდევ ერთხელ წარმოედგინა ის სურათი, რაც მას მიაჩნია რეალობად, თუ ოპოზიციის ბანაკში რა ხდება.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ ოპოზიციაზე ახალი საინფორმაციო შეტევა განეხორციელებინა და ამომრჩევლისთვის კიდევ ერთხელ წარმოედგინა, თუ ოპოზიციის ბანაკში რა ხდება"
„უნდოდა დაენახებინა, რომ ოპოზიცია მთლიანად გარედან იმართება, რომ ესენი არ არიან დამოუკიდებელი სუბიექტები, ქვეყნის ინტერესებით არ ხელმძღვანელობენ და მათი ინტერესები სრულ თანხვედრაშია გარე დამკვეთების ინტერესებთან.
„რაღაც ასპექტებში შეიძლება კაცი დაეთანხმო. აშკარად სურდათ „ლელოს" და გახარიას პარტია რაღაცნაირად გამოეცალკევებინათ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისგან".
„თუ გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით არაერთი მცდელობა იყო, რომ გახარია და „ლელო" გაერთიანებულიყვნენ, მაგრამ არ დასრულდა წარმატებით. ჩემი აზრით, ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მოქმედებდა სწორედ დასავლეთის დაკვეთით, რომ ოპოზიცია უფრო მიმზიდველად წარმოჩენილიყო ამომრჩევლის წინაშე"-განაცხადა მან.
კითხვაზე, რატომ გამოყოფს გახარიას პარტიას და ნაწილობრივ „ლელოს", გარკვეული შიში ხომ არ არის „ქართულ ოცნებაში", რომ თუნდაც პარტია წაართმევს ამომრჩეველს, ახლა წინასწარ იზღვევს თავს და ენმ-სთან აიგივებს, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„ამას გნებავთ შიში დაარქვით, გნებავთ სიფრთხილე, ან პოლიტიკური თავდაცვის ინსტიქტი, მაგრამ, გახარიას პარტიამ „ქართული ოცნების" ის ამომრჩეველი, რაც მას შეეძლო წაეყვანა, უკვე წაიყვანა. როდესაც ეს პარტია დაარსდა, არაერთი წყაროდან პირადად მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი საკუთარ თავს ამომრჩეველს წარუდგენდნენ, როგორც ბიძინა ივანიშვილის პროექტს, ანუ, „ქართული ოცნება 2" .
„გარკვეული ამომრჩეველი მათ მართლაც საკმაოდ წაიყვანეს „ქართული ოცნების" ელექტორატიდან და იმის შემდეგ ეს ამომრჩეველი დარჩა და დარჩა მათთან. ეს ის ამომრჩეველია, რომელმაც რაღაც მიზეზების გამო გული აიყარა „ქართულ ოცნებაზე" და გახარიას პარტიაში ნახა ის ძალა, რომელსაც მისცემდა ხმას, რადგან ასეთ ამომრჩეველს „ნაცებისთვის" ხმის მიცემა არ უნდა, არც „ლელო" ეპიტნავება და, შესაბამისად, ალტერნატივის სახით ხელში შერჩა გახარიას პარტია, როგორც ყოფილი სახელისუფლებო ძალა",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
- ნიკა ჩიტაძე: „მიზანია ოპოზიციური პარტიებისა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დისკრედიტაცია. (ამომრჩევლის დაკარგვის) შიშიც იკვეთება, რეიტინგი დაცემული აქვთ"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოსტის მიზანია ოპოზიციური პარტიებისა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დისკრედიტაცია. მისი თქმით, გარკვეული შიშიც იკითხება, რომ პარტიების ნაწილმა ელეტქრატი არ წაართვას.
„ამის მიზანია ოპოზიციური პარტიებისა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დისკრედიტაცია, ეს პირველი არაა. იცის, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგი დაცემულია, ბევრი უკმაყოფილოა ახლა „ქართული ოცნების" მმართველობით, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ამდენი კორუფციული შემთხვევები გამოვლინდა, მაგრამ ცდილობს იმის ჩვენებას, რომ თითქოს ოპოზიციონერები მოღალატეები არიან და გარე ძალების მიერ იმართება, ამ დროს არ აკონკრეტებს ვინ არის ეს ძალა, არც არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს.
„აქ (ამომრჩევლის დაკარგვის) შიშიც იკვეთება, რეიტინგი დაცემული აქვთ და პროპაგანდაცაა, რომელმაც ამომრჩევლის ნაწილში გარკვეულწილად იმუშავა, რდესაც მშვოდობაზე საუბრობდნენ",- განაცხადა ჩიტაძემ.
რას ამბობს მაჭავარიანი
ლევან მაჭავარიანი ვრცელ პოსტში „ნაციონალურ მოძრაობას" „რადიკალური ოპოზიციის" მთავარ ბირთვად წარმოაჩენს; გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" - „ვითომ კონსტრუქციულ" ძალად; „ლელოს/ძლიერ საქართველოს" - „ნახევრად რადიკალურ" ძალად;
პარტია „ახალს" - რადიკალური ამომრჩევლის დამატებით მიმზიდველ ძალად;
ალიანსში მყოფ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, როგორც" კოლექტიური ნაცმოძრაობის" ნაწილს. არასამთავრობო ორგანიზაციებს კი - „ამავე ქსელის განუყოფელ ნაწილად" მოიხსენიებს.
მაჭავარიანი „გარე ძალებს" და უცხოელ პატრონებს ახსენებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ოპოზიციური პარტიების შექმნას, გადალაგებასა და სხვადასხვა ამომრჩეველზე მათ განაწილებას მართავენ. მისი თქმით, სწორედ ისინი ქმნიან და აძლიერებენ ახალ პოლიტიკურ ძალებს, განსაზღვრავენ მათ როლებს და ცდილობენ სხვადასხვა კონფიგურაციით „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ამომრჩევლის მობილიზებას. თუმცა, მაჭავარიანი კონკრეტულ სახელმწიფოებს, ორგანიზაციებს ან პირებს არ ასახელებს და მხოლოდ ზოგადად კონტექსტში ახსენებს.
ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „გარე ძალები" ოპოზიციური პარტიების ახალი გადალაგების მცდელობებს კვლავ განახორციელებენ. მისი შეფასებით, ოპოზიციური ძალების დიდი ნაწილი ერთი პოლიტიკური ვერტიკალის ქვეშ მოქმედებს და სხვადასხვა პარტიის შექმნა თუ გაძლიერება საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილ ერთიან სტრატეგიას წარმოადგენს.
მაჭავარიანი ამ კონტექსტში განსაკუთრებით გამოყოფს გიორგი გახარიას პარტიას, „ლელოსა" და „ახალს". მისი თქმით, 2021 წლის შემდეგ გახარიას პოლიტიკური გააქტიურება და 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის სხვადასხვა ძალად დაყოფა მიზნად ისახავდა „ქართული ოცნების" ამომრჩევლის სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილებას.
მაჭავარიანს მიაჩნია, რომ ამავე "სქემის" გაგრძელებაა 2025 წლის არჩევნებიც და 4 ოქტომბრის მოვლენებიც, „ლელოსა" და გახარიას პარტიას კი აქ განსხვავებული როლი ჰქონდათ - ერთს უფრო რადიკალური პოზიცია უნდა დაეკავებინა, მეორეს კი შედარებით კონსტრუქციული იმიჯი შეენარჩუნებინა. მისი თქმით, ამავე სტრატეგიის ნაწილი იყო მათი განსხვავებული დამოკიდებულება პარლამენტში შესვლისა და ოპოზიციურ ალიანსებში მონაწილეობის საკითხებზე.
„ქართული ოცნების" დეპუტატი განსაკუთრებით ხაზს უსვამს გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ კანონებს. მისი მტკიცებით, გამჭვირვალობის კანონმა „გარე ძალებს" ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციის დაფინანსების შესაძლებლობები შეუზღუდა, ლგბტ საკითხზე კი ამბობს, რომ „გარე ძალებისთვის" მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ლიბერალური დღის წესრიგის გავრცელება.
მაჭავარიანი ტექსტის ბოლოს აცხადებს, რომ 2028 წლამდე მსგავსი „გადალაგებები" კიდევ იქნება, თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს წინ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ელოდებათ.
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას" ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ. რა თქმა უნდა, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია ე.წ. მდიდარი NGO-ორგანიზაციებიც.
"მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის" სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს",- ამბობს მაჭავარიანი.