რეზონანსი
27.09.2026

მოვისმინეთ ხელისუფლებისგან, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, მაგრამ ერთადერთი ბოდიში ვისთვისაც გვაქვს მოსახდელი აფხაზეთში დაღუპული ბიჭები არიან, რომლებიც აფხაზეთის მიწაში არიან და მათ საფლავებზეც კი ვერ ჩავდივართ. არ უნდა ვთქვათ რა საშინელება ხდებოდა, მხოლოდ იმიტომ რომ იქით მხარეს ეწყინება? - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა “პოლიტ -ქალაქი” განაცხადა, სოხუმის დაცემიდან 33 წლის გასვლის შესახებ ისაუბრა და მიმდინარე საოკუპაციო პოლიტიკა შეაფასა.

მისივე თქმით, დღეს საოკუპაციო საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკა არ გვაქვს.

“მე ამ თემასთან დაკავშირებულ ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავ, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს”, - აცხადებს კაპანაძე.

გენერალ-მაიორის თქმით, აფხაზებს შეუძლიათ ე.წ. საზღვარზე გადმოვლა და უსასყიდლოდ სამედიცინო დახმარების მიღება, რაც ძალიან დადებითი ნაბიჯია, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, “შთაბეჭდილება რჩება, რომ მათ ჰგონიათ, ჩვენ მათთან ვალდებულება გვაქვს, რადგან ვართ დამნაშავეები”.

კაპანაძემ ისაუბრა სოხუმის დაცემის დღეზე და ხაზი გასუვა, რომ ეს იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი საომარი ოპერაცია.

“არავის სჯეროდა, რომ შეიძლებოდა სოხუმი დაცემულიყო. შემართებით ვიყავით და ველოდებოდით, როდის შემოვიდოდა ჯარი და პოზიციებს დავიბრუნებდით. მე ვთვლი, რომ ბევრმა ერთმანეთზე დადებულმა პირობამ შექმნა ის ვითარება, რამაც შემდგომში გამოიწვია სოხუმის დაცემა. ეს არ იყო სეპარატისტებისა და ქართველების შეტაკება. ეს იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი საომარი ოპერაცია, სადაც მონაწილეობდა მთელი ჩრდილოკავკასია, რუსეთის მოხალისე კაზაკობა და რუსეთის ოფიციალური შეიარაღებული ძალები. მათ გარდა კიდევ იყვნენ გერმანიიდან გამოყვანილი ჩვენი ჯარები, რომლებიც ოჯახებით იყვნენ კარვებში და ვერ მისცეს საცხოვრებლები აღმოსავლეთ გერმანიიდან გამოსვლის შემდეგ. მიდიოდნენ მათთან აფხაზები და ჰპირდებოდნენ საცხოვრებელ სახლსა და ფულს, ლამაზ სურათს უხატავდნენ, თორემ აფხაზებს არც არტილერისტები, არც მედესანტეები და მფრინავები არ ჰყავდათ.

დღეს საოკუპაციო საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკა არ გვაქვს. მე ამ თემასთან დაკავშირებულ ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავ, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს და რა პოლიტიკაა ეს არ ვიცი. აფხაზებს შეუძლიათ გადმოვიდნენ „საზღვარზე“ და ჩვენთან უფასოდ იმკურნალონ. ეს ძალიან დადებითია ჩვენი ურთიერთობებისთვის და რბილი ძალის ნაწილია, მაგრამ მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ მათთან ვალდებულება გვაქვს, რადგან ჩვენ ვართ დამნაშავეები. მახსოვს, არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებდნენ პროგრამებს ადრე ახალგაზრდებს ახვედრებდნენ ერთმანეთს მაგრამ ახლა ესეც გაჩერებულია. მოვისმინეთ ხელისუფლებისგან, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, მაგრამ ერთადერთი ბოდიში ვისთვისაც გვაქვს მოსახდელი აფხაზეთში დაღუპული ბიჭები არიან, რომლებიც აფხაზეთის მიწაში არიან და მათ საფლავებზეც კი ვერ ჩავდივართ. არც იმის დამალვა არაა საჭირო, რომ ჩვენ უკან ვიხევდით, ჩვენ რომ უკრაინელებივით წინ წავსულიყავით იმდენ ცუდსა და საშინელებას ვნახავდით, რაც რუსებმა ბუჩაში გააკეთეს, არანაკლები იყო გაკეთებული გაგრაში, ბიჭვინთაში, განთიადში და სხვა მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე.... არ უნდა ვთქვათ რა საშინელება ხდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ იქით მხარეს ეწყინება?“, - განაცხადა კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×