
გლობალური ენერგოკრიზისის ფონზე, ფასების შემცირებისა და სტაბილიზაციის მიზნით, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„შეზღუდული გლობალური მიწოდებისა და ფასების მაღალი მერყეობის პირობებში, მოთხოვნის შემცირება შეიძლება ფასების შეკავების ეფექტურ ინსტრუმენტად იქცეს“, - წერს ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, დან იორგენსენი ევროკავშირის მინისტრებისადმი გაგზავნილ, 25 სექტემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც POLITICO-მ იხილა.
წერილში იორგენსენი მინისტრებს მოუწოდებს, გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შესამცირებლად ზომები მიიღონ „იმ ვადით, რაც საჭირო იქნება“.
იგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად „რთული“ ვითარებისა, „ამ ეტაპზე მიწოდების უსაფრთხოებას დაუყოვნებლივი საფრთხე არ ემუქრება“.
ევროპაში გაზის საცავების შევსების დონე ამჟამად ისტორიულ მინიმუმზეა, რადგან ირანში მიმდინარე ომი გაზის გლობალურ ნაკადებს აფერხებს, რამაც შესაძლოა კონტინენტი საკმაოდ ძვირადღირებული ზამთრის წინაშე დააყენოს.