
დღევანდელი დღე ყოველთვის ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია კონკრეტულ ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე , - ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა "ჯერ საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, სოხუმის დაცემის დღისთვის მიძღვნილი მარშის დაწყებამდე.
მისივე თქმით, დღეს "ისტორიის გადაწერა" ხდება. ამ ფონზე, ყიფიანის თქმით, დღეს უნდა გამოვხატოთ არამარტო ისტორიული მეხსიერების პატივისცემა, არამედ სურვილი, რომ მზად ვართ აფხაზებთან და ოსებთან პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობები წარმოებისთვის.
"დღევანდელი დღე ყოველთვის ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია კონკრეტულ ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე. ამას მეტად გაფერადება და სიტყვების მოძებნა არ სჭირდება, მაგრამ ახლა კიდევ სხვა დატვირთვა შეიძინა ამ დღემ, რადგან ისტორიის გადაწერა ხდება. როცა ჩვენ აქ შევიკრიბებით ჩვენი მთავარი სათქმელი ყველაფერთან ერთად იქნება, რომ ისტორიას ვცეთ პატივი შედეგის მიუხედავად. იმ მებრძოლებს ვცეთ პატივი, რომლებმაც თავი არ დაზოგეს. რითაც გარკვეულწილად საქართველოს გეოპოლიტიკურ შედეგსაც, ჯერჯერობით პოტენციურს, რომელიც რეალიზებული არ არის, ჩაუყარეს საფუძველი. მე ხშირად ვამბობ, რომ ვიდრე თბილისში არ შეიცვლება პოლიტიკური კონფიგურაცია ქვეყნის გარეთ დალაგება შეუძლებლად მიმაჩნია მსხვილ თემებზე, მით უმეტეს ისეთ საკითხებზე, როგორი არის ტერიტორიული მთლიანობა, მხოლოდ შიდა ქართული თემა არ არის.
ჩვენ დღეს უნდა გამოვხატოთ არამარტო ისტორიული მეხსიერების მიმართ პატივისცემა, არამედ სურვილი, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენ პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების წარმოებისთვის მზად ვართ, რომლებიც არ იქნება მხოლოდ სენტიმენტებით გაჯერებული. სურვილი მაქვს, რომ ამას დღეს ხაზი გავუსვათ", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.