რეზონანსი
27.09.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

„სოხუმის დაცემის დღეს, ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ. ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც აფხაზეთის ომს შეეწირა. ვიხსენებთ იმ სისასტიკეს, რომელიც მაშინ ქართველმა ხალხმა და ჩვენმა ქვეყანამ განიცადა.

ამავე დროს, ამ დღეს, ჩვენ ვიხსენებთ იმ ომებისა და დაპირისპირებების სპირალს, რომელშიც საქართველო 90-იან წლებში შევიდა და რომელმაც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარება შეაფერხა. და რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის მნიშვნელობა გავიაზროთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 90-იან და 2000-იან წლებში არსებულმა დაპირისპირებებმა და გადატანილმა ომებმა ჩვენი ქვეყანა ათეულობით წლებით უკან დახია თავისი განვითარების გზაზე.

„ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ბოლო 14 წელია უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ოთხი ხელისუფლებიდან, სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაა ის ხელისუფლება, რომელმაც საქართველოში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება შეძლო.

ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, არ არის ბუნებრივი მოცემულობა. საკმარისია გავიხედოთ ჩვენს გარშემო, რა ხდება და მივხვდებით - ხელისუფლების სწორი პოლიტიკისა და ქართული საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. სამწუხაროდ, ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ ჩვენთვის უფრო ბუნებრივი მდგომარეობა იყო კონფლიქტები და ომები და ჩვენ ამ კალაპოტიდან - საქართველოს განადგურების კალაპოტიდან, ჩვენი ქვეყანა მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×