თამთა ჩაჩანიძე
27.09.2026

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ნიუ-იორკში ვიზიტი და 24 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა იმ ფონზე შედგა, როდესაც საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები კვლავ რთულ ეტაპზეა. ხელისუფლების მთავარი გზავნილი კი კვლავ დასავლეთთან ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვას და განსაკუთრებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას უკავშირდება.

კობახიძის განცხადებით, საქართველოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ახლა თბილისი ვაშინგტონის „შემხვედრ ნაბიჯებს" ელოდება. რა ნაბიჯებზე საუბრობს პრემიერი და რა შეიძლება იყოს აშშ-ს მხრიდან მოსალოდნელი პასუხი - „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ ისაუბრა.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებთ პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტს ნიუ-იორკში და სიტყვით გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე? "ოცნების" ოპონენტები უკმაყოფილოები არიან, რომ მან არ ახსენა ზოგადად ევროინტეგრაცია და ქვეყნის როლი განიხილა, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი...

ზაალ ანჯაფარიძე: ვიზიტი იყო ისეთი, როგორი მოლოდინებიც შეიძლებოდა ჰქონოდა იმ საერთაშორისო პოზიციებიდან და იმ ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც საქართველოს დღეს აქვს როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან და სხვა ცალკეულ სახელმწიფოებთან. ვიზიტი შეიძლება მეტ-ნაკლებად წარმატებულად ჩაითვალოს. ამის მთავარი კრიტერიუმი ისაა, რომ საქართველომ თავის სათქმელი თქვა, როგორც პატარა სახელმწიფომ, რომელსაც გეოგრაფიული მასშტაბებით და გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე თავისი ადგილი უკავია მსოფლიოში. მან თქვა ის, თუ რა არის მისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი, რომ მისი გეოსტრატეგიული მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ დაკავშირებადობის საკითხის დადებით ჭრილში გადასაწყვეტად. ბოლო პერიოდში დაკავშირებადობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად გადაიქცა და ამ საკითხის წინ წამოწევა მოხდა მაქსიმალური ხარისხით, რამდენადაც შეიძლებოდა ჩატეულიყო გაეროს გენასამბლეის გამოსვლის ფორმატში.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყო ევროინტეგრაციაზე ნაკლები საუბარი, რაზედაც ოპონენტებმა გაამახვილეს ყურადღება - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირის მიერაა შეჩერებული და ჩემი აზრით, ამაზე აქცენტის გაკეთება ცოტა არ იყოს უადგილო იქნებოდა. მაშინ ირაკლი კობახიძეს უნდა ეხსენებინა, რომ ეს ევროინტეგრაცია ევროკავშირმა შეაჩერა. ეს გამოიწვევდა მათთან დამატებით დაძაბულობას და ამიტომაც სავსებით გონივრული იყო ის, რომ ამ ეტაპზე მაინც ამ საკითხისთვის დელიკატურად გვერდი აეარათ.

„რ": თქვენი აზრით, დაკავშირებადობის საკითხის წინ წამოწევის მიზანი რა არის, შესაძლოა თუ არა, ჩანაფიქრი იყოს ის, რომ ამის გამო დასავლეთი ხელისუფლებასთან დიალოგზე წამოვიდეს?

ზ.ა.: საქართველოს მთავარი სტრატეგიული კოზირი ამ ეტაპზე სწორედ ამ საკითხის აქტუალიზაცია და წინ წამოწევაა. რაც შეიძლება ფართო აუდიტორიისთვის ამის შეტყობინება იყო საჭირო და ეს, მე მგონი, გაკეთდა გამოსვლის ფარგლებში.

სავსებით შესაძლებელია იყოს ეს მიზანი, თვითონ დასავლეთის ქვეყნები ამჟღავნებენ ცოცხალ და აქტიურ დაინტერესებას ამ საკითხზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა ბოლო გამოსვლაში ხაზგასმით განაცხადა არა მარტო ევროკავშირის ინტერესებზე, არამედ იმაზე, რომ მზადაა ამ პროექტში ინვესტიციებიც კი ჩადოს. მართალია, ევროკავშირის მესვეურებს ხშირად, სრულიად უსამართლოდ ავიწყდებათ ხოლმე საქართველო, მაგრამ როგორ დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ, გეოგრაფიას ვერაფერს ვერ უზამენ და საქართველოს გვერდს ვერ აუვლიან.

„რ": კობახიძემ განაცხადა, რომ ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრებოდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. მისი თქმით „ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს". როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯებს გულისხმობს კობახიძე ქართული ხრიდან?

ზ.ა.: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ასეთი პატარა 10-15-20-წუთიანი შეხვედრები იმართება ყველა ლიდერს შორის, სადაც კი ამის შესაძლებლობა არის, თუნდაც კულუარებში. მაგალითად, ლავროვი დიდი ხნის შემდეგ, პირველად შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, 15 წუთი ისაუბრეს, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ერთმანეთისთვის პრინციპული მოსაზრებები გაეზიარებინათ.

დეტალებში არ ვარ გარკვეული, აშშ-ის ლიდერებთან კობახიძის შეხვედრები რა ფორმატში იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოკლევადიანი შეხვედრა იქნებოდა, სადაც იქნებოდა ძირითად საკითხებზე აზრების გაცვლა-გამოცვლა.

  • „მართალია, ევროკავშირის მესვეურებს ხშირად, სრულიად უსამართლოდ ავიწყდებათ ხოლმე საქართველო, მაგრამ როგორ დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ, გეოგრაფიას ვერაფერს ვერ უზამენ და საქართველოს გვერდს ვერ აუვლიან."

კონკრეტულად არავის არ გაუჟღერებია, თუ რას ელოდება აშშ საქართველოსგან, მაგრამ რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო იგივე რუბიოს გამონათქვამებიდან, ისინი საქართველოსგან ელოდებიან იმას, რომ მან სტრატეგიულად არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც იქნებოდა დამაზიანებელი აშშ-ის ინტერესებისათვის რეგიონში. შესაძლოა იმ ნაბიჯებს შორის, რასაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი გულისხმობდა, არის ის, რომ მაგალითად აშშ-ის წუხილი, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მთლიანად ჩინური ინვესტორების ხელში გადავიდოდა, ეს საკითხი მოიხსნა - ეს უკვე გარკვეული შემხვედრი ნაბიჯია.

აშშ-სგან კი ერთ-ერთი პირველი შემხვედრი ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს, ესაა ის, რომ აღდგეს საქართველო-შშ-ის შორის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაუქმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. ამის შემდეგ უკვე შესაძლოა გადაიდგას სხვა ნაბიჯებიც. მაგალითად, დაინიშნოს ელჩი მოვალეობის შემსრულებლის ნაცვლად, აღდგეს ის პროგრამები, რაც ადრე შეჩერებული იყო, შეიცვალოს ის რიტორიკა, რითიც საქართველოს მიმართ ცალკეული ამერიკელი პოლიტიკოსები გამოდიან. საბოლოოდ ჩაბარდეს ისტორიას „მეგობარი აქტის" მიღება და ა.შ.

„რ": ანუ, ირაკლი კობახიძე უფრო ეკონომიკურ საკითხებს გულისმობს შემხვედრ ნაბიჯს ქართული მხრიდან და არა პოლიტიკურს?

ზ.ა.: არ ვიცი, აშშ-დან არის თუ არა კონკრეტული მოთხოვნები პოლიტიკურ საკითხებზე. ყოველ შემთხვევაში, რომ ყოფილიყო ასეთი პოლიტიკური მოთხოვნა, დავუშვათ, ახალი არჩევნების ჩატარება, ან რაღაც კანონების შეცვლა, ამის თაობაზე აუცილებლად იქნებოდა ნათქვამი ან გაჟღერებული საჯაროდ. შესაძლოა კულუარებში რაღაცა ითქვა ამ საკითხებზე, მაგრამ საჯაროდ ეს საკითხები არ გაჟღერებულა.

ის, რომ რუბიო და ტრამპი ხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ისინი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აღიარებენ, თორემ არაღიარებულ ხელისუფლებას აშშ-ს მთავრობა არ ელაპარაკება.

„რ": თქვენი აზრით, რატომ არ გავრცელდა ტრამპთან და რუბიოსთან შეხვედრის ვიდეო და ფოტომასალა?

ზ.ა.: შესაძლოა დახურული ტიპის შეხვედრა იყო, მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ, ვთქვათ, არ გავრცელებულიყო. ეს უკვე შეთანხმების საგანია. ირაკლი კობახიძე საჯაროდ ხომ არ იტყოდა ისეთ რამეს, რაც არ მომხდარა? ამერიკული მხარე ხომ აუცილებლად გამოეხმაურებოდა ამას და იტყოდა, რომ არავითარი შეხვედრა არ ყოფილაო.

„რ": იქნება თუ არა უახლოეს პერიოდში აშშ-დან გამოხმაურება?

ზ.ა.: ალბათ გონივრული ვადა იქნებოდა, მაგალითად, 6 თვე. ახლა აშშ-ის მთელი ყურადღება ირანის თემატიკაზეა მიპყრობილი, კიდევ სხვა უფრო პრიორიტეტული საკითხები აქვს, ვიდრე საქართველო, ამიტომაც ახლა ძალიან სწრაფ გამოხმაურებას, პირდაპირ გეტყვით, არ ველოდები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×