რეზონანსი
25.09.2026

3 სექტემბრის ღამეს მიუნხენის აღმოსავლეთ ნაწილში, ტექნოლოგიური და თავდაცვითი კომპანიების, Rohde & Schwarz-ისა და Helsing-ის ოფისებთან მდებარე სამშენებლო მოედანზე მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლგამჩენი მოწყობილობები ისროლეს. ხანძარი მალევე ჩააქრეს, ხოლო კიდევ ერთი მოწყობილობა სპეციალისტებმა გააუვნებელყვეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მნიშვნელოვანი ზიანი არ დამდგარა. საქმეზე ბულგარეთის ორი მოქალაქე - 38 წლის კაცი და 28 წლის ქალი დააკავეს. 

Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის უკან შესაძლოა რუსეთის სამხედრო დაზვერვა - GRU იდგეს. გამოცემის უსაფრთხოების სფეროში წყაროების თანახმად, დაკავებულები შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ სლოვაკეთიდან მოქმედ ქსელთან.

Helsing, რომლის ობიექტიც თავდასხმის ერთ-ერთ შესაძლო სამიზნედ განიხილება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ტექნიკას, მათ შორის უპილოტო სისტემებს აწვდის. ამასთან, ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის, იყო თუ არა უშუალოდ ეს კომპანიები თავდასხმის სამიზნე.

FAZ წერს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპიდან ასობით რუსი დიპლომატის გაძევებამ რუსეთის სპეცსამსახურებს ევროპაში ოპერაციების ტაქტიკის შეცვლა აიძულა. გამოცემის თანახმად, GRU სულ უფრო ხშირად იყენებს შუამავლებს, რომელთა გადაბირებაც შესაძლებელია Telegram-ის მსგავსი მესენჯერებით და ანაზღაურება - მათ შორის კრიპტოვალუტით. გერმანიის უსაფრთხოების სამსახურები რუსეთის შესაძლო მონაწილეობას სხვა დივერსიულ აქტებშიც იძიებენ. Reuters-იც აღნიშნავს, რომ გერმანიაში ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე თავდასხმა და დივერსიის მცდელობა დაფიქსირდა, რომელთა ნაწილში ხელისუფლება რუსეთის კვალზე მიუთითებს; მოსკოვი მსგავს ბრალდებებს უარყოფს. Reuters

FAZ-ის მიხედვით, გამომძიებლები მიუნხენისა და ლაიფციგის შემთხვევებს რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების უფრო ფართო კონტექსტში განიხილავენ. გამოცემა წერს, რომ ასეთი ოპერაციების სავარაუდო მიზნებს შორისაა უკრაინისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდების მარშრუტების შეფერხება და ევროპულ ქვეყნებზე ზეწოლა, რათა მათ კიევის სამხედრო მხარდაჭერა შეამცირონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×