
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლა და ოპოზიციაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები - „რეზონანსთან" ინტერვიუში ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე დღის მთავარ თემებზე საუბრობს. მისი შეფასებით, კობახიძემ გაეროს ტრიბუნიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეალობა დააფიქსირა, ხოლო ოპოზიციის კრიტიკა და მიმდინარე აქტივობები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 1-ელ ოქტომბერს დაანონსებული აქცია, ოპოზიციურ ძალებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე მიუთითებს.
გვენეტაძის თქმით, კობახიძის გამოსვლაში მთავარი აქცენტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნებაზე გაკეთდა. ამავე დროს, პრემიერის მხრიდან ევროინტეგრაციის საკითხის არგაჟღერება შემთხვევითი არ ყოფილა და ამას ევროკავშირის მოქმედი ლიდერების პოლიტიკასთან აკავშირებს.
ინტერვიუში გვენეტაძე ასევე შეეხო ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „ქართულ ოცნებაში" არსებული ვითარებაზე. ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზეც და თარიღის სიმბოლურ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
ანალიტიკოსმა ასევე შეაფასა ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოჩენა და აღნიშნა, რომ მისი გამოჩენა „ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის მნიშვნელოვანი იყო.
„რეზონანსი": ოპოზიციის შეფასებით, გაეროში ირაკლი კობახიძის გამოსვლამ მოლოდინი ვერ გაამართლა, რომ პრემიერმა რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე სათქმელი არ თქვა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის არსებითი თემები, მათ შორის ევროინტეგრაციის დღის წესრიგი, სათანადოდ არ წარმოაჩინა. შედეგად, ოპოზიციას დარჩა განცდა, რომ გამოსვლაში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეგნებულად გამოტოვებული იყო. თავად როგორ შეაფასებთ კობახიძის გამოსვლას?
ედიშერ გვენეტაძე: ირაკლი კობახიძემ თქვა ის, რაც რეალობაა, რაც სინამდვილეშია. ოპოზიციას რომ სურს, ვითომდა წარმოადგინოს ის, რომ მთელი მსოფლიო საქართველოს გარშემო ტრიალებს და საქართველო გმირულად უნდა ჩაებას ომში რუსეთის წინააღმდეგ, ეს არარეალურია, ეს ქვეყნისთვის დამღუპველია. ოპოზიციას ეს დავალებული აქვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ასე იაზროვნოს და ასე ილაპარაკოს. კობახიძემ თქვა ის, რაც სინამდვილეა, მისი სიტყვიდან ქვეცნობიერში იგრძნობოდა, რომ საქართველოს მთავარი ამოცანა ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენა და ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაა.
„რ": და მაინც, თქვენი აზრით, რატომ არ ახსენა ევროინტეგრაციის საკითხი?
ე.გ: რატომ უნდა ეხსენებინა ევროინტეგრაცია მაშინ, როდესაც დღევანდელ ბრიუსელში ისეთი ლიდერები სხედან, როგორებიცაა ურსულა ფონ დერ ლაიენი, კოსი, კალასი და სხვები, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები, მხარს უჭერენ ექსტრემისტებს?! მაგალითად, ბოლო ამბები რომ მოვიყვანოთ - ვიღაც ე.წ. მომღერალ კორძის მხარდაჭერა, რომელიც ლანძღავს და აგინებს უშვერი და ბოლო სიტყვებით 1,2 მილიონ კაცს.
ეს ის ევროლიდერებია, რომლებიც ერთი წლის უკან, სოციალურ ქსელებთან ისხდნენ და და მხარს უჭერდნენ საქართველოში მოსალოდნელ გადატრიალებას. ესენი აქებდნენ და ზუსტად იმ წუთებში მხარს უჭერდნენ ამას. აი, ამის შემდეგ როგორ შეიძლება რაიმე ევროინტეგრაციაზე საუბარი, როცა დღევანდელი ევრო-ლიდერები დაცლილილები არიან იმ ღირებულებებისაგან, რომლებზეც დაფუძნებული იყო ევროკავშირი. ახლა ღირებულებების გარეშე ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი, ეს არის აბსურდის თეატრი.
„რ": რას იტყვით ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც თქვა, რომ „ოცნებაში" არის პარანოია, ერთმანეთის უნდობლობა, რაც სექტანტობის ნიშანია?
ე.გ: მხოლოდ და მხოლოდ მოკლედ: „ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო". რაც არიან თვითონ, აი ის უნდათ დააბრალონ სხვებს. მისი პატრონები ცდილობენ პოლიტიკურად გაააქტიურონ, სალომე ზურაბიშვილზე ძალიან დიდი თანხები აქვთ დახარჯული, ამიტომ არ უნდათ უკვალოდ ჩაიაროს ამან. იმათ ტვინში ჩამახედა, ვინც სალომე ზურაბიშვილში, როგორც ეროვნული მოძრაობის, თუ გადატრიალების ლიდერში ფულს დებს.
„რ": „ნაციონალური მოძრაობა" 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას აანონსებს, რას ელოდებით?
ე.გ: ხომ გახსოვთ 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, როცა დაიწყო მათი დასასრულის დასაწყისი. ეტყობა პანაშვიდს იხდიან იმ უმძიმესი სიტუაციისა, რომელშიც ისინი არიან მოქცეული.
- ედიშერ გვენეტაძე: „ხომ გახსოვთ 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, როცა დაიწყო მათი დასასრულის დასაწყისი. ეტყობა პანაშვიდს იხდიან იმ უმძიმესი სიტუაციისა, რომელშიც ისინი არიან მოქცეული"
საინტერესოა ვინ ატარებს, მიტინგებზე ვინ გამოდის? ანთილიყო მარიზი და მელობიე ნანულა? ამით, მე მგონი, ყველაფერია ნათქვამი.
„რ": „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდა, რაც მედიამ აქტიურად გააშუქა. ზოგადად რას ნიშნავს მხარდამჭერებისთვის ბიძინა ივანიშვილის ასე პერიოდულად გამოჩენა?
ე.გ: ივანიშვილი რომ არის პარტიის ლიდერი, ამას თქმა არ უნდა. ივანიშვილი რომ არის „ოცნების" ძალის წარმმართველი, ამას თქმა არ უნდა და რა თქმა უნდა, ტელევიზორში ვინც დაინახავდა, მხარდამჭერებს გაუხარდებოდათ, მოეწონებოდათ, მაგრამ ეს იყო თანაგრძნობის გამოხატვა ოჯახის მიმართ ამ მძიმე დანაკლისის გამო.
„რ": ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან კვლავ მოუწოდებს ოპოზიციას გააქტიურდეს...
ე.გ: ერთხელ ასეთი საოცარი რამ თქვა ცხონებულმა ეროსი მანჯგალაძემ, თბილისის „დინამო" რომელიღაცა გუნდთან აგებდა ძალიან დიდი ანგარიშით, ბოლოს დაინიშნა ჯარიმა და ფეხბურთელებმა აღმართეს ცოცხალი კედელი და ცხონებულმა ეროსიმ თქვა ასეთი სიტყვები: „შეხედეთ, შეხედეთ, მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელიო". აი, ამ სიტუაციას გულისხმობს ალბათ „ნაცების" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.