
აშშ-ში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. მსოფლიოს ორი ყველაზე მდიდარი ქვეყნის ლიდერმა გლობალურ პასუხისმგებლობასა და პარტნიორობაზე ისაუბრა. ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევების ცენტრის დირექტორ ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, მხარეებს შორის დახურულ კარს მიღმა გამართულ მოლაპარაკებებზე მთავარი თემები უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების დარეგულირება, ტარიფები და ტაივანის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების საკითხები იქნება, სადაც ორივე ქვეყანას დათმობებზე წასვლა მოუწევს.
სი ძინპინის ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი ვაშინგტონში დღეს სრულდება. ის აშშ-ში ბოლოს 2023 წლის ნოემბერში იმყოფებოდა.
ოფიციალურ ვახშამზე სი ძინპინმა განაცხადა, რომ „ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა იმოქმედონ როგორც პასუხისმგებლობის მქონე დიდმა სახელმწიფოებმა, გაამართლონ ჩვენი ხალხების მოლოდინები, ფეხი აუწყონ ჩვენი დროის ტენდენციებს და მოძებნონ დიდ სახელმწიფოთა თანაარსებობის ახალი გზა."
მისი თქმით, ტრამპმა პირობა დადო, ამერიკა კვლავ დიდებულ ქვეყნად აქციოს, მაშინ როცა ჩინეთი ეროვნული აღორძინების მიღწევისკენ ისწრაფვის.
„ორივე მიზანი ამბიციურია და, უდავოდ, მათ შეუძლიათ ერთმანეთის გაძლიერება", - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
- ბექა ნაცვლიშვილი: „ჩინეთსაც აწყობს გარკვეული თვალსაზრისით ირანის კონფლიქტის დარეგულირება, მაგრამ ხელს არ აძლევს მისი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის ინტერესების გათვალისწინებით დასრულება"
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ვახშამზე წარმოთქმულ სადღეგრძელოში აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი კარგი: „ორივეს გვესმის, რომ განსხვავებულ სისტემებს წარმოვადგენთ, თუმცა ჩვენს ხალხებს შორის კავშირები მტკიცეა და ჩვენი ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი კარგი."
ვახშამს ასევე დაესწრნენ ამერიკული ბიზნეს და ტექნოლოგიური კომპანიების დირექტორები და პოლიტიკოსები, მათ შორის „ფეისბუქის" (ოფიციალური დასახელება „მეტა") ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი, OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ოლტმენი, ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გიგანტის, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, ილონ მასკი.
მანამდე, ტრამპი და სი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ორმხრივი მოლაპარაკებებისას სი ძინპინმა აშშ-ს მოუწოდა, წინ აღუდგეს „ტაივანის დამოუკიდებლობას". თეთრ სახლს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. ტრამპმა სი ძინპინს თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე თეთრთავა არწივის ქანდაკება გადასცა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 90 სმ სიმაღლის ქანდაკება ამერიკელმა მხატვარმა მასთან და პირველ ლედისთან, მელანიასთან თანამშრომლობით შექმნა.
„თეთრთავა არწივი შეერთებული შტატების ეროვნული სიმბოლო და ამერიკის თავისუფალი და ამაღლებული სულის განსახიერებაა. ვიმედოვნებთ, რომ იგი პეკინში კარგ, შესანიშნავ ადგილს დაიკავებს", - თქვა ტრამპმა.
ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევების ცენტრის დირექტორი, ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ლიდერებს კომპრომისის გამონახვა მოუწევთ.
„სი ძინპინის ჩასვლას ის მნიშვნელობა აქვს, რომ დღეს ეს ორი სახელმწიფოა, რომლებსაც კონფლიქტების დასრულებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ - იგივე ახლო აღმოსავლეთისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტებში. აქედან გამომდინარე ცხადია, ამ შეხვედრის შემდეგ ფორმალურად რა განცხადებებიც გაკეთდა, ეხებოდა ტარიფებსა და იმ შეთანხმების გაგრძელებას, რომელიც ამერიკასა და ჩინეთს შორის ვაჭრობის თვალსაზრისით დაიდო. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ამ ორ კონფლიქტთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები და მოლაპარაკება, რომელიც აუცილებლად შედგება.
პირველი, ეს არის უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტი. აქ, რა თქმა უნდა, ტრამპი ცდილობს, რომ რამენაირად არჩევნებამდე - ნოემბრის არჩევნებამდე გარდატეხა შეიტანოს ამ კონფლიქტში. მან იცის, რომ ჩინეთს აქვს გავლენა რუსეთზე გარკვეული თვალსაზრისით და ამაზე იქნება საუბარი.
აგრეთვე, ტრამპს სჭირდება არა მხოლოდ ზოგადად ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა, არამედ მანამდე არსებული სავაჭრო წესრიგის აღდგენა, იგივე ჰორმუზის სრუტესთან მიმართებით. გარდა ამისა, ეს საკითხი არჩევნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - იგივე კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის. ამის გამო ტრამპი, მგონი, რაღაც დათმობებზე წავა.
„ეს გულისხმობს არა იმას, რომ ჩინეთმა მთლიანად შეწყვიტოს ირანთან სავაჭრო ურთიერთობა, რადგან ჩინეთმა განაცხადა ტრამპის „გრემის აქტის" შემდეგ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაემორჩილებოდა ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებას - ანუ ამერიკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ შეწყვიტოს ვაჭრობა მთლიანად ირანთან. ჩინეთის პოზიცია ზოგადად ყოველთვის არის მულტილატერალური პოლიტიკით პრობლემების გადაწყვეტა. აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი - ჩინეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ნავთობი, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან მიეწოდება.
აქედან გამომდინარე, ჩინეთსაც აწყობს გარკვეული თვალსაზრისით ირანის კონფლიქტის დარეგულირება, მაგრამ ხელს არ აძლევს მისი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის ინტერესების გათვალისწინებით დასრულება.
მოლაპარაკება სწორედ ამ საკითხების ირგვლივ იქნება: ვინ რას დათმობს და რას მიიღებს. გასათვალისწინებელია, რომ ორივე სახელმწიფო - რუსეთი იქნება თუ ირანი - დიდწილად ჩინეთზეა დამოკიდებული. ამიტომ ჩინეთს აქვს მათზე ზემოქმედების დიდი ბერკეტები, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება ტრამპის პოზიცია იგივე ტაივანთან მიმართებაში. პრინციპში, არამხოლოდ ტაივანთან, არამედ მთლიანად ჩინეთის ზღვაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით, რადგან ტაივანის გარდა დღეს პრობლემაა იაპონიის შეიარაღების, სამხედრო ბიუჯეტის ზრდისა და ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნების მიერ ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსების სურვილი.
სწორედ ამაზე, რას შესთავაზებს ტრამპი, იქნება დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს პეკინი უკრაინისა და ირანის კონფლიქტებთან მიმართებაში. აი, ამაზე იქნება ძირითადად საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ამ შედეგებს უნდა ველოდოთ შეხვედრიდან", - უთხრა ბექა ნაცვლიშვილმა „რეზონანსს".