რეზონანსი
25.09.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა თანამოაზრეებთან ერთად, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისი ნაცნობი მოტყუებით წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს, ასევე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს არასრულწლოვნის მიმართ.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ 2025 წელს, ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას, ასევე, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცნობილი ხდება, რომ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, ასევე, ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულის თანამოაზრეებმა მობილური ტელეფონითაც გადაიღეს ინტერნეტსივრცეში განთავსების მიზნით.

სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

აღნიშნულ დანაშაულებში მონაწილე პირთა ნაწილი სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია და 25-144-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×