
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიმოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს და ლეგიტიმურობას.
„ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განხორციელების პირობებში, როდესაც რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები უხეშად და სისტემატურად ირღვევა, ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის თავისუფალ ნებას და შესაბამისად, მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს და ლეგიტიმურობას.
საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გაცხადებული პოლიტიკისა და პრინციპების ერთგული რჩება, რომლის განუყოფელი ნაწილია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, რაც კონფლიქტის შედეგად ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.