რეზონანსი
17.09.2026

შეგიძლიათ გადახედოთ სიას, 16 ადამიანის სახელებს და გვარებს, მათი ინერციით დადებითი პოზიციის დაფიქსირება საზოგადოებისთვის დაუჯერებელია , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ფარულავამ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივის კენჭისყრისას მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე რომ აღნიშნულ კანონპროექტს საერთაშორისო დონის გამოხმაურება ჰქონდა, არ გამორიცხავს, რომ კონკრეტულმა დეპუტატებმა შემთხვევით არ დაუფიქსირებიათ დადებითად.

„საინტერესოა, ვის ეშლება. საინტერესოა გვარები. შეიძლება მომავალშიც მოხდეს მსგავსი ფაქტები, მაგრამ როდესაც 16 დეპუტატი აძლევს დადებით ხმას, ეს არ იყო რიგითი კანონპროექტი, ეს იყო კანონპროექტი, რომელიც ეხება შეკრებისა და მანიფესტაციის რეპრესიული ნორმების გაუქმებას. ეს იყო საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელსაც ზოგი აკრიტიკებდა, ვინაიდან, საერთაშორისო დონის გამოხმაურებიდან გამომდინარე ეს კანონპროექტი არის რეზონანსული, არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულ პირებს, ინდივიდებს საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით ჰქონოდათ კონკრეტული გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში დადებითად დაეფიქსირებინათ. შეგიძლიათ გადახედოთ სიას, 16 ადამიანის სახელებს და გვარებს, მათი ინერციით დადებითი პოზიციის დაფიქსირება საზოგადოებისთვის დაუჯერებელია“,- განაცხადა გიგა ფარულავამ.

ფარულავას თქმით, თუ სისტემას ჰქონდა ხარვეზი და კონკრეტული შედეგი არ ასახავს დეპუტატების რეალურ ნებას, მაშინ საკითხი ხელახალ კენჭისყრაზე უნდა დადგეს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესში უნდა იყოს ხელახალი კენჭისყრა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ზოგმა ინერციით, ზოგმა ტექნიკური ხარვეზით, ისიც თქვეს, რომ სისტემამ აურია და „სისტემის ბრალი არისო“ შედეგები, რაც დადგა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუ თავად ამბობენ, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო, გამოდის, რომ კონკრეტული შედეგი, რაც დადგა, რეგლამენტი ითვალისწინებს იმას, რომ ჩატარდეს ხელახალი კენჭისყრა. მათივე ინტერესში უნდა იყოს ხელახალი კენჭისყრა. თუ თავად თვლიან, რომ სისტემური ხარვეზი იყო, გამოასწორონ ხარვეზი.

თუ ვინმე არის სასაცილო და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავად ალუდა ღუდუშაურია, რაც არ უნდა განმარტებები აკეთოს. ჩვენ, როდესაც ვაყენებთ შედეგების ხელახალი კენჭისყრაზე გატანას, მათი სიტყვებიდან და განმარტებებიდან გამომდინარე ვამბობთ. ჩვენ, ჩვენ მიერ დაფიქსირებულ პოზიციაში ეჭვი არ გვეპარება.

ჩვენ ვიყავით ინიციატორები და ბუნებრივია, მომხრეები და ამას დაემატა „ოცნების“ 16 დეპუტატის ხმა. აღსანიშნავია ის, რომ მხოლოდ 16 იყო წინააღმდეგი ამ სამართლებრივი ნორმის მიღების, დანარჩენმა დეპუტატმა წინააღმდეგაც არ მისცა ხმა. როდესაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ კენჭისყრის შედეგები დადგა იმიტომ, რომ სისტემური ხარვეზი იყო, ბუნებრივია ჩნდება კითხვა: თუ სისტემას ჰქონდა ხარვეზი და კონკრეტული შედეგი არ ასახავს დეპუტატების რეალურ ნებას, მაშინ ბუნებრივია საკითხი ხელახალ კენჭისყრაზე უნდა დადგეს. არიან თუ არა წინააღმდეგი გაუქმდეს ეს რეპრესიული კანონები და დააფიქსირონ პოზიცია“,- განაცხადა გიგა ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×