
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, ქვეყნის გენერაცია 10 წელიწადში 2.5-ჯერ უნდა გაიზარდოს. ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ მართალია, გეგმა ამბიციურია, თუმცა გეგმა საკმაოდ რეალისტურია. ამის მისაღწევად აუცილებელია იმ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო, ახლა შეჩერებულია.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს მართლაც ამბიციური გეგმაა, მაგრამ მისი განხორციელებაც სავსებით რეალურია, რისთვისაც ქვეყნის მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა.
„პროფესიონალების ცოდნა არის ჩვენი წარსული წარმატების და ჩვენი სამომავლო წარმატების უმთავრესი გარანტი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რაც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გონივრულად და რაციონალურად იყოს გამოყენებული ჩვენი რესურსები, პოტენციალი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მოვიძიოთ ახალი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ამ სფეროში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის პოზიციას სრულად იზიარებენ ენერგეტიკის დარგის პროფესიონალები. ისინი ეთანხმებიან ირაკლი კობახიძეს, რომ ამ მართლაც ამბიციური გეგმის მიღწევა სრულიად შესაძლებელია. პროფესორ გია არაბიძის განცხადებით, ქვეყნის გენერაციის 2.5-ჯერ ზრდა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გამომუშავება უნდა გასცდეს 25 მილიარდ კილოვატ/საათს.
„ახლა ძალიან რთულია იმის თქმა, შევძლებთ თუ არა, მაგრამ თეორიულად ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს. გეგმის მისაღწევად აუცილებელია გაჩერებული ჰესების პროექტების განახლება. თუ ხუდონი, ნენსკრა, ნამოხვანი აშენდება და მათთან ერთად, განახლებადი ენერგიის პროექტებიც ამოქმედდება, მაშინ მართლაც შესაძლებელია გენერაცია 2.5-ჯერ გაიზარდოს. თეორიულად ამის პოტენციალი ქვეყანას ნამდვილად აქვს“, - განუცხადა „რეზონანსს“ გია არაბიძემ.
ამჟამად საქართველოს ენერგიის თითქმის 80% გამომუშავდება ჰიდროელექტროსადგურების მიერ, რაც უხეშად რომ ვიანგარიშოთ, 8-9 მილიარდი კილოვატ/საათია.
„ჩვენ ვამბობთ და ეს ნორვეგიელმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს, რომ ქვეყნის ჰიდრორესურსების მხოლოდ 20-25% გვაქვს ათვისებული, ანუ ორი ამდენი კიდევ გამოსამუშავებელია. ეს ნიშნავს, რომ ამ ენერგიის გამომუშავების თეორიული პოტენციალი ნამდვილად გვაგვაჩნია, როგორც ჰესების განვითარების, ასევე განახლებადი ენერგიების საფუძველზე“, - აღნიშნა გია არაბიძემ.
მთავრობის ამბიციური გეგმის მისაღწევად აუცილებელია იმ ჰესების მშენებლობის განახლება, რომლებიც ახლა შეჩერებულია. ენერგეტიკის ექსმინისტრმა დავით მირცხულავამ არ იცის, ზუსტად რომელი ჰესების მშენებლობის დაწყებას აპირებს მთავრობა, მაგრამ ზუსტად იცის, რომლები უნდა აშენდეს.
„გეტყვით, რომელი ჰესები უნდა აშენდეს აუცილებლად: ხუდონი, ნენსკრა, ნამოხვანის სადგური და პერსპექტივაში, ენგურის ჰიდროაკუმულაცია. მარტო ამათი სიმძლავრე რომ ჩავთვალოთ, ეს არის: 702 მეგავატი - ხუდონი, 450 მეგავატი - ნამოხვანი, 280 მეგავატი - ნენსკრა და 600 მეგავატამდე - ენგურის ჰიდროაკუმულაცია. ასე რომ, ციფრებში მთავრობის გეგმა საკმაოდ რეალურია. უბრალოდ, ის ჰესები ჩამოგითვალეთ, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება საქართველოს ენერგოსისტემისთვის.
ჰესების გარდა, აუცილებელია განახლებადი ენერგიების წყაროების პროექტების განხორციელება, ანუ ქარისა და მზის ენერგიების პროექტები. აქედან გამომდინარე, გეგმა ნამდვილად განხციელებადია და იმედი მაქვს, რომ ის პროექტები, რომლებიც ჩამოვთვალე, აუცილებლად დაიწყება. მათ გარეშე ძალიან რთული იქნება ტექნიკურად საქართველოს ენერგოსისტემის განვითარება“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით მირცხულავამ.
კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტები შეუფერხებლად განხორციელდეს იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აპროტესტებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, მირცხულავამ გვიპასუხა, რომ აუცილებელია კომუნიკაციის გაგრძელება მოსახლეობასთან.
„მოსახლეობას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ასეთი დიდი სადგურები ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სიკეთეს მოგვიტანს. ისიც უნდა იცოდეს ხალხმა, რომ ეს ჰესები გარემოსდაცვითი ყველა თანამედროვე და საერთაშორისო მოთხოვნის დაცვით აშენდება. უამრავი ადამიანი შეგნებულად მონაწილეობდა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხშირად, ადგილობრივი მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდათ. შესაბამისად, გარკვეული სამუშაო იქნება ჩასატარებელი, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე პროექტის დეველოპერების მხრიდან, თანაც ბევრად უფრო აქტიურად, ვიდრე აქამდე ხდებოდა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას დავით მირცხულავამ.