თამთა ჩაჩანიძე
17.09.2026

ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე შესაძლოა ახალი პოლიტიკური გაერთიანება გამოჩნდეს - „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან პოლიტიკური ერთობის შესაძლებლობას კვლავ არ გამორიცხავს. ამბობს, რომ შეთავაზება ყოფილი პრემიერის მიმართ კვლავ ძალაშია და მათი პოლიტიკური პლატფორმა პოლიტიკურ ველზე „სერიოზულ სიახლეს" შეიტანს.

ინაშვილის ეს განცხადება იმ ფონზე კეთდება, როდესაც ოპოზიციურ ფლანგზე ახალი პოლიტიკური კონფიგურაციების საკითხი აქტუალურია. ამასთანავე, ინაშვილი ყურადღებას ამახვილებს ღარიბაშვილის მიმართ ტრადიციონალისტურ ამომრჩევლის მხარდაჭერაზე და მისი პოლიტიკური რეიტინგის შენარჩუნებაზე.

მიუხედავად ინაშვილის ოპტიმიზმისა, ასეთ ალიანსში ეჭვი ეპარება ანალიტიკოსთა დიდ ნაწილს, რადგან მიაჩნიათ, რომ არც „პატრიოტთა ალიანსს" აქვს ახლა რეიტინგი და არც ღარიბაშვილს.

შესაძლო ალიანსის პერსპქეტივა

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ირმა ინაშვილის შესაძლო პოლიტიკური ალიანსი ამომრჩევლისთვის სიახლეს ვერ შექმნის, გაერთიანებას ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვების პოტენციალი არ აქვს, რადგან აღარც „პატრიოტთა ალიანსს" აქვს ფართო მხარდაჭერა და აღარ ღარიბაშვილს.

  • პეტრე მამრაძე:„ასეთი ალიანსი რომ შეიქმნას, ვერც ვერანაირ სიახლეს შემოიტანს და ვერც ვერანაირად ვერ მოიპოვებს ამომრჩეველს"

„ასეთი ალიანსი რომ შეიქმნას, ვერც ვერანაირ სიახლეს შემოიტანს და ვერც ვერანაირად ვერ მოიპოვებს ამომრჩეველს. კი, იყო დრო, როდესაც „პატრიოტთა ალიანსს" შეეძლო, ვთქვათ, მიტინგზე ხალხი შეეკრიბა და განსაკუთრებით ის მოქმედებდა მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის" დასჯას, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდნენ და საყვედურობდნენ ამას „ოცნებას". მაგრამ ეს დრო წარსულს ჩაბარდა. გვახსოვს, ჰყავდათ წარმომადგენლები პარლამენტშიც, მაგრამ მერე უარი თქვეს.

„ის აზრი, რომ თურმე ღარიბაშვილს ყავს მხარდამჭერები, რომლებსაც ახსოვთ ვითომ, რომ რამდენი რამე გაუკეთა საქართველოს, როგორც ნამდვილმა პატრიოტმა, ეს რეალობას სრულიად მოწყვეტილია. შეიძლება თვითონ ქალბატონ ირმასაც სჯეროდეს, გარშემო რაღაცა წრეს ასე სჯეროდეს. საქართველოში ბევრჯერ ვარ იმის მოწმე, კონკრეტულ პოლიტიკოსს გულწრფელად სჯეროდა, რომ 85% აქვს მხარდაჭერა და რეალურად 2% ჰქონდა. არც მხარდამჭერები ჰყავთ და, რაც მთავარია, არც პოტენციალი აქვთ. შეიძლება დღეს არ ჰყავდეს მხარდამჭერი და მერე გაგიჩნდეს, ხომ? ამის ალბათობაც მიმაჩნია, რომ ნულის ტოლია."

კითხვაზე, 2028 წლისთვის რომ ღარიბაშვილ-ინაშვილის ერთობა შედგეს, 5%-იან ბარიერუს გადალახვას შეძლებენ თუ არა.

„ძალიან რთულია ამის წარმოდგენა, რა უნდა მოხდეს საქართველოში იმისთანა ცვლილებები, რა ტიპის კრიზისი, რომ ეს მოხდეს. შეიძლება ადამიანს ერთ წელს საერთოდ არ აძლევდნენ ხმას და საერთოდ უარყოფითი რეიტინგი მეტი ჰქონდეს, ვიდრე დადებითი, მაგრამ ქვეყანაში შეიძლება ისე დატრიალდეს ყველაფერი, რომ ეს მონაცემები შეიცვალოს, მაგრამ აგრამ ამ შემთხვევაში ეს ძნელად წარმოსადგენია.

„იტყვიან ადამიანები, რომ, აი, თავის დროზე ღარიბაშვილში ეს მომეწონა, ის მომეწონა, კი. მაგრამ როდესაც დასაბუთებულია კორუფცია და თან ამ მასშტაბის, როდესაც ოჯახიდან ამოღებულია მილიონობით დოლარები და უძვირფასესი ნივთები და ამის შემდეგ ადამიანი ამბობს, რომ „მე უწიკლოდ ვემსახურე ჩემს სამშობლოს"? ამით ნდობა დაკარგულია. მახსოვს რეაქციები, როცა, თვითმფრინავით აშშ-ში მთელი ოჯახი წაიყვანა, მერე დაბრუნდა და მამაჩემმა გადაიხადაო. მახსოვს ცოლისთვის ტყის მიცემა და მერე ფანტასტიკური კომენტარი, - „მე ამით გადავარჩინე ტყეები" და ეს ყველაფერი ანეკდოტის რეჟიმში გადავიდა.

„საქართველოში ხშირად ადამიანს რჩება ძმაკაცებისა და ოჯახის წევრების ვიწრო წრე. ეს ჩვენი ძველი ტრადიციაა, რაც უნდა ჩაიდინოს, თუნდაც მკვლელობაზე წავიდეს ციხეში, არ მიატოვებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ფართო მხარდაჭერის აღდგენა არა მგონია",- განაცხადა მამრაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" „პატრიოტთა ალიანსისა" და ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გაერთიანებას სკეპტიკურად აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული ალიანსი ელექტორალურ სურათს არსებითად ვერ შეცვლის, რადგან ინაშვილის პარტიის მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს „ქართული ოცნების" ელექტორატშია გადასული, „ქართული ოცნებიდან" წასული პოლიტიკური ფიგურების მიმართ მხარდაჭერა კი, არც ოპოზიციურ ფლანგზე და არც მმართველი პარტიის ამომრჩეველში მაღალი არ არის.

„არა მგონია, რომ ეს გაერთიანება სერიოზული ფაქტორი გახდეს. იყო დრო, როცა „პატრიოტთა ალიანსს" რაღაც პერსპექტივები ჰქონდა, მაგრამ, ბოლო პერიოდში ისე წავიდა საქმე, რომ „პატრიოტთა ალიანსის" ხმები ძირითადად გადავიდა „ქართული ოცნების" ხმებზე და, პრინციპში, გადავიდა ივანიშვილთან.

„ახლა ღარიბაშვილი დაემატება „პატრიოტთა ალიანსს" თუ არა, ეს ფაქტიურად არაფერს არ შეცვლის. უბრალოდ მგონია, რომ ღარიბაშვილს უფრო მეტი დაფიქრება ჭირდება, სანამ წერილების გამოქვეყნებას დაიწყებს და ამ პოლიტიკურ საქმიანობას, თუ მას უნდა, რომ ის 5 წელი აკმარონ, თორემ ახალი საქმეა აღძრული და კიდევ, შესაძლოა დაემატოს რაღაცეები. იმიტომ, რომ დღეს პოლიტიკურ ველზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია ამ მიმართულებით.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „ბოლო პერიოდში ისე წავიდა საქმე, რომ „პატრიოტთა ალიანსის" ხმები ძირითადად გადავიდა „ქართული ოცნების" ხმებზე და, პრინციპში, გადავიდა ივანიშვილთან"

„ქართული ოცნებიდან" გასულ ხალხს მაინცდამაინც დიდი მოწონება არა აქვს არც ოპოზიციაში და არც თვითონ „ქართული ოცნების" ელექტორატში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილი უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს, სანამ რაღაც პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამს",- განაცხადა ძაბირაძემ.

ვის მოიაზრებს ინაშვილი ერთობაში

„თუ „პატრიოტთა ალიანსის" და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს ძალიან სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე - ისევ ძალაშია ეს პოლიტიკური შეთავაზება ჩვენი მხრიდან", - განაცხადა„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „პალიტრანიუსთან". მისი თქმით, ტრადიციონალისტთა ველში პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ირაკლი კობახიძის.

„ტრადიციონალისტთა ველი რომ ავიღოთ, რომელსაც მე წარმოვადგენ, ამ ველზე, დღესაც კი, ღარიბაშვილს, რომელიც პატიმრობაშია, წაყენებული აქვს ესა თუ ის ბრალი, უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება მის შესახებ, ამ ვითარებაშიც კი გაცილებით მაღალია მისი რეიტინგი, ვიდრე კობახიძის", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის განცხადებით, თვითონ ის ფაქტი, რომ ღარიბაშვილის სახლიდან დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს, კითხვებს აჩენს, რადგან თანამედროვე ეპოქაში, როცა ციფრული ფული არსებობს, დიდი რაოდენობით ნაღდი ფული სახლში არავის აქვს.

„პატარა რამე ხომ არ არის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ადვოკატების პირით საჯაროდ ამბობს, რომ არც ოქროს ზოდები ყოფილა მის სახლში და არც არანაირი ძვირფასი ნივთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ნივთები მჩხრეკავებმა მიიტანეს და დადეს. ეს სს დანაშაულია. იმედი მაქვს, რომ ამაზე უფრო დეტალურად ილაპარაკებენ.

„დღეს უკვე „ქეშ" ფულს აღარ ინახავენ სეიფში, არც ჩინოვნიკები, არც ბიზნესმენები. თანამედროვე ეპოქაა, ციფრული ფული არსებობს, ბიტკოინი. თვითონ ის ფაქტიც, რომ [ფული] დევს იქ, ესეც კითხვებს შეიცავს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კითხვაზე, მოიაზრებთ თუ არა თქვენს პოლიტიკურ გუნდში გრიგოლ ლილუაშვილსაც, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არ მოიაზრებს, რადგან გრიგოლ ლილუაშვილი პოლიტიკური ფიგურა არასდროს ყოფილა.

„ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა მაშინაც კი, როცა ერთად ვიყავით პარლამენტში, თუმცა ეს შარმი ღარიბაშვილს ნამდვილად ჰქონდა, ის პოლიტიკოსი ნამდვილად იყო და არის. საკანშიც კი თავისი წონა აქვს", - განაცხადა ინაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×