
თურქეთის ხელისუფლებამ LGBTQ+ თემის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდებისა და დაკავებების ტალღა დაიწყო. ხელისუფლება ოპერაციების გასამართლებლად „უხამსობის“ ბრალდებებს იყენებს, იუწყება The Guardian-ი.
გამოცემის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც, ასევე 150-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც რეიდების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.
კვირას თურქეთის პოლიციამ ერთდროულად ჩაატარა რეიდები LGBTQ+ უფლებადამცველი და აივ-ინფექციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ოფისებში სტამბოლში, დედაქალაქ ანკარასა და სანაპირო ქალაქ იზმირში, ასევე აიდინსა და მერსინში.
„ეს ბოლო წლებში LGBTQ+ ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური რეპრესიული კამპანიაა“, - განაცხადა Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა ემა სინკლერ-უებმა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ჩხრეკენ პოლიციელები კარადებს, ართმევენ ადამიანებს ცისარტყელას დროშებს და ხელბორკილდადებულები მიჰყავთ, ასევე როგორ მიმდინარეობს რეიდები ღამის კლუბებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში.
სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, რეიდების დროს სამართალდამცველებმა ციფრული მოწყობილობები, ნარკოტიკები და ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და ათობით ადამიანი დააკავეს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებებს აკვირდებიან, აცხადებენ, რომ წინასწარ პატიმრობაში 62 ადამიანი იმყოფება, თუმცა დაკავებულთა საერთო რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.
სინკლერ-უებმა თურქეთის ხელისუფლება LGBTQ+ უფლებების დამცველი საქმიანობის დისკრედიტაციისა და კრიმინალიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაკავებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებსაც LGBTQ+ ორგანიზაციებთან კავშირი არ აქვთ და ისინი ნარკოტიკებთან ან პროსტიტუციასთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს“, - განაცხადა მან.
თურქეთში ჰომოსექსუალობა აკრძალული არ არის, თუმცა ანკარის პროკურატურამ LGBTQ+ უფლებადამცველი ორგანიზაციები „უხამსობის“ ამკრძალავი კანონებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა. ამ ეტაპზე ოფიციალური ბრალდებების დეტალები ბოლომდე არ არის ცნობილი, წერს The Guardian-ი.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აქინ გიურლეკმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეიდები და დაკავებები ოპერაციის - „ჩემი ოჯახი უსაფრთხოდ არის“ - ფარგლებში განხორციელდა. მისი თქმით, მიზანი იყო „ბავშვების, ოჯახის ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა“.