
ამერიკის შეერთებულ შტატები „ფარას“ გამკაცრების ფაქტს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
„რასაკვირველია, საქართველო და ბევრი სხვა ქვეყანა გაცილებით უფრო მოწყვლადია ასეთი საშიშროების თვალსაზრისით. სამწუხარო არაერთი მაგალითი ვიხილეთ. ხუთი რევოლუცია ვიხილეთ, სადაც ადამიანები პირდაპირ იყვნენ ჩართული, რომლებიც ფინანსდებოდნენ რაღაც გარკვეული უცხოური რესურსებით. დაიძლია ეს საფრთხეები, მაგრამ არ განელებულა და არ გამქრალა. ასე, რომ აშშ-ში აღნიშნულის გამკაცრება გვესმის, საჭიროება გვესმის და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს დესტრუქციული გავლენა, საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.