
საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და სურს, საკითხის განხილვა იანვარში დასრულდეს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ პარტიების აკრძალვა ქვეყანაში პოლიტიკური სივრცის კიდევ უფრო შეზღუდვას ნიშნავს და მიაჩნიათ, რომ ასეთ გადაწყვეტილებას დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვება.
ოპოზიციონერთა თქმით, აშშ-სთან ურთიერთობის დალაგების პარალელურად, პოლიტიკური პარტიების გაუქმება შესაძლოა სწორედ ის საკითხი გახდეს, რომელიც საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
პარტიების აკრძლავის თაობაზე პირველი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის 31 ოქტომბერს შეიტანა და 3 პარტიის აკრძალვა მოითხოვა - ენმ, „ახალი" და „ლელო". სასამართლოს სარჩელის განხილვისთვის 9 თვე ჰქონდა და შესაბამისად, გადაწყვეტილება ამა წლის ივლისის ბოლომდე უნდა გამოცხადებულიყო.
2026 წლის 20 აპრილს მმართველმა პარტიამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და მეორე დღეს სასამართლოში ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას "ფედერალისტები" დაემატა. განხილვის ვადამაც 2027 წლის იანვრამდე გადაიწია. ამჯერად კი "ოცნებას" ისევ გამოაქვს სარჩელი და მასში პარტიას „გახარია საქართველოსთვის" ამატებს, განხილვის ვადა უკვე 2027 წლის ივლისამდე გადაიწევს.
აქვე უნდა ითქვას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%- იანი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა - "ქართული ოცნება" - 54,93%. 89 მანდატი; "კოალიცია ცვლილებისთვის: ახალი, დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება" - 10, 92% 19 მანდატი; ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 10.1% 16 მანდატი; "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - 8.8%. 14 მანდატი; "გახარია საქართველოსთვის" - 7.7%. 12 მანდატი.
"ქართული ოცნება" ახალ საკონსტიტუციო სარჩელში ამატებს "გახარია საქართველოსთვის" და სიაშია ის ოთხივე ოპოზიციური ძალა, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და 150 კაციან პარლამენტში ჯამში 61 მანდატი შეხვდათ. წინა განახლებულ სარჩელზე კი "ფედერალისტებია" დამატებული.
დასავლეთის რეაქცია, თუ პარტიები აკრძალეს
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ რეაქციებზე საუბრისას აცხადებს, რომ სანქციებისა და სხვა სახის რეაგირების რისკი არსებობს, თუმცა, პროცესის უკან დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური ძალები - ე.წ. დიფ სტეიტის წარმომადგენლები დგანან.
გვენეტაძე ასევე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, მოსალოდნელია ქუჩის პროტესტისა და დესტაბილიზაციის მცდელობები.
- ედიშერ გვენეტაძე: "რეაქცია მოსალოდნელია "დიპ სტეიტისგან" - დასავლეთის იმ ჩრდილოვანი მმართველობისგან, რომელმაც ევროპა ომში ჩაითრია"
"რეაქცია მოსალოდნელია "დიპ სტეიტისგან" - დასავლეთის იმ ჩრდილოვანი მმართველობისგან, რომელმაც ევროპა ომში ჩაითრია და რომლის მიზეზითაც დღეს ევროპის ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს. იმ "დიპ სტეიტისგან", რომელმაც ფაქტობრივად უკრაინელი ერი გაჟლიტა და საკუთარი სამშობლოდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლტოლვილად აქცია.
"მათგან რეაგირება მოსალოდნელია იმიტომ, რომ ეს პარტიები, რომელთა აკრძალვაზეც სარჩელია შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, წარმოადგენენ მათ მეხუთე კოლონას საქართველოში. ესენი ჩვეულებრივი პარტიები არ არიან, მათ არაერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის იბრძვიან.
"ამის უკანასკნელი მაგალითი თვალწინ გვქონდა გასული წლის 4 ოქტომბერს - მალე ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს „დიპ სტეიტის" კარნახით მოქმედებენ, მათ შორის ზოგიერთი პრეზიდენტიც, მაგალითად, მაია სანდუ, რომელიც "ტვიტერთან" იყო ჩამჯდარი, ღიად ანონსებდნენ და მხარს უჭერდნენ გადატრიალებას, რომელიც სწორედ ამ მეხუთე კოლონის მიერ იყო დაგეგმილი. ამიტომ ისინი ძალიან შეწუხდებიან, მაგრამ „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის".
"რაც შეეხება ამერიკას, ასეთი ნაბიჯები მოსალოდნელია „დიპ სტეიტისგან" და არა ტრამპისა და ვენსის ხელისუფლებისგან. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, ვინაიდან ისინი ქრისტიანული ღირებულებებისთვის იბრძვიან. ხოლო ისინი, ვინც ანტიქრისტიანული და ანტისაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებას ცდილობენ, სწორედ "დიპ სტეიტელები" არიან. ეს არ არის შეთქმულების თეორია, ეს რეალობაა, რომელზეც თავად ამერიკის პრეზიდენტიც ლაპარაკობს.
"მათგან კვლავ მოსალოდნელია ქუჩაში „ნაცაკაცუკებისა" და სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების გამოყვანა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა ვფიქრობ, ამას ვერ მიაღწევენ.
"რაც შეეხება სანქციებს, ვფიქრობ, ესეც შესაძლებელია, განსაკუთრებით ბრიუსელის ევრობიუროკრატიის მხრიდან. თუმცა, უარესებისთვისაც გაგვიძლია და ამასაც გავუძლებთ, ოღონდ ეს ძალები ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ველს",- განაცხადა გვენეტაძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას საქართველოს დემოკრატიული პროცესებისა და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს.
მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყნის იზოლაციასა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას გამოიწვევს, რასაც, მისი ვარაუდით, შესაძლოა ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან პერსონალური სანქციებიც მოჰყვეს.
- ნიკა ჩიტაძე: " შესაძლებელია, ევროკავშირის, აშშ-ის და ბრიტანეთის მხრიდან დაწესდეს პერსონალური სანქციები სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწისა, თუ იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ"
"ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა საქართველოს იზოლაციას შეუწყობს ხელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველო ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ავტორიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება.
"რაც შეეხება მოსალოდნელ რეაქციას, შესაძლებელია, როგორც ევროკავშირისა და აშშ-ის, ისე დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაწესდეს პერსონალური სანქციები სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწისა, თუ იმ მოსამართლეების მიმართ (მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების), რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"პარტიების აკრძალვის შემთხვევაში მივიღებთ ტიპურ ავტორიტარულ სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველობით, სადაც ფორმალურად, შესაძლოა, იფუნქციონირონ გარკვეულმა ჯგუფებმა, თუმცა მთავარი ოპოზიციური ძალები გაუქმებული იქნება.
"ეს მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების" ლეგიტიმურობის ხარისხი ძალიან დაბალია და მათ ეშინიათ, რომ დემოკრატიული არჩევნების პირობებში შესაძლოა დამარცხდნენ. სწორედ ამიტომ სურთ წამყვანი ოპოზიციური პარტიების ჩამოშორება.
"დემოკრატიულ სამყაროში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. პარტიის აკრძალვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება - მაგალითად, ესპანეთში აიკრძალა ბასკური პარტია, რომელიც ექსტრემისტულ საქმიანობას ეწეოდა.
"თუმცა, მსგავსი მასშტაბით ოპოზიციის აკრძალვა მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებდათ - ასე მოხდა საბჭოთა რუსეთში ბოლშევიკების მიერ ლენინის დეკრეტით, ან 1930-იან წლებში ნაცისტურ გერმანიაში. შესაბამისად, თუ ეს პროცესი ბოლომდე მივიდა, თანამედროვე დემოკრატიულ მსოფლიოში ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება",- განაცხადა ჩიტაძემ.
რას ამბობენ ოპოზიციაში
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე აღნიშნავს, რომ "ივანიშვილი ბოლომდე ვერ ბედავს ამის გაკეთებას და სულ ვადის გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული ამიტომ ჩემთვის ესეც იმის მანიშნებელია რომ მას აქვს გარკვეულწილად შიში".
"როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დალაგებაზეა საუბარი (გუშინ ჩვენ ვიხილეთ ახალი პროექტი „"ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული, პრეზიდენტ ტრამპის ორგანიზაციასთან სამშენებლო დეველოპერულ კომპანიასთან), აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რას ამბობენ აშშ და თეთრი სახლი.
"ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გაუქმდება საბოლოოდ ყველანაირი პოლიტიკური პარტია ან ორგანიზაცია და აღარ იქნება ქართველი ხალხის გამომხატველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსებს ისევ დაიჭერენ და გააგრძელებენ მათ ციხეში ჩასმას, იქნება მათთვის წითელი ხაზი.
"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხან ერთხელ შეიტანეს სარჩელი, ხან მეორეჯერ და მესამეჯერ სულ განადგურებით ემუქრებიან ამ პარტიებს, მაგრამ მაინც ვხედავთ, რომ ივანიშვილი ბოლომდე ვერ ბედავს ამის გაკეთებას და სულ ვადის გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩემთვის ესეც იმის მანიშნებელია, რომ მას აქვს გარკვეულწილად შიში.
"საკონსტიტუციო სასამართლო "ქართული ოცნების" გავლენის ქვეშ არის, მითითებებს იძლევიან კობახიძე და პაპუაშვილი ივანიშვილთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით, რომ აკრძალოს პარტიები.
"ეს მაინც ვერ მოსპობს იმ იდეას, რის გარშემოც შემოკრებილები არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს არის თავისუფალი საქართველოს იდეა, რუსეთისგან თავისუფალი, დემოკრატიული, კეთილდღეობით, მშვიდობიანი, განვითარებული. ამიტომ ვწვალობთ ძალიან. ვხედავთ, ამ ვადის გახანგრძლივებაც ამის მანიშნებელია, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ამას ექნება ძალიან სერიოზული შედეგები, რომლებიც აისახება იმ პირობებზე, რა პირობებსაც ის უყენებს ქართველ ხალხს.
"პარტიების ფურცელზე აკრძალვა „ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რაც არ უნდა მოიგონონ და გააფორმონ ფურცელზე, ვერ შეცვლის იმ იდეას, რის გარშემოც ვართ გაერთიანებულები და ეს ძალიან კარგად იცის" - განაცხადა დეკანოიძემ.