
ჩვენ მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ რწმენა უნდა შევქმნათ იმისა, რომ ევროპელები, ერთმანეთს გვერდით ყოველთვის დავუდგებით. საკმარისია ჩვენს საზღვრებს მიღმა გავიხედოთ და დავინახავთ, რომ ეს ევროპული იდეა ჯერ კიდევ ცოცხალია.
საკმარისია, უკრაინასა და მოლდოვას შევხედოთ. შევხედოთ დასავლეთ ბალკანეთს. საკმარისია ყველა იმ ქვეყანას შევხედოთ, რომლებიც ჩვენს კავშირთან ახლოს არიან და რადგან მათი მომავალი ჩვენს კავშირშია, ჩვენ მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ღირებულებების პატივისცემა განხილვის საგანი არ არის. „ეს პროცესი კვლავ დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება. ასევე, ვიმეორებ: ჩვენი ღირებულებების პატივისცემა განხილვას არ ექვემდებარება", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება ანალიტიკურ წრეებში აღიქმება როგორც მკაფიო გეოპოლიტიკური და პრინციპული სიგნალი. ექსპერტების შეფასებით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის გამოყოფა აჩვენებს, რომ რუსეთის აგრესიის ფონზე ევროკავშირის გაფართოება უსაფრთხოების მთავარ ინსტრუმენტად იქცა, თუმცა, ეს არ ნიშნავს სტანდარტების დაწევას.
ანალიტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ „დამსახურებაზე დაფუძნებულ" პრინციპსა და ევროპული ღირებულებების უზენაესობაზე. სამოქმედო გეგმების წარდგენა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც რეალურ პროგრესს მიაღწიეს, პრაქტიკაში ნიშნავს პროცესის დიფერენცირებას - რეფორმატორი ლიდერები მიიღებენ დაჩქარებულ ინტეგრაციასა და კონკრეტულ სარგებელს, ხოლო ის ქვეყნები, სადაც დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნება, პროცესს ჩამოშორდებიან.