თამთა ჩაჩანიძე
16.09.2026

"ქართულ ოცნებაში" ბოლო პერიოდში გახშირებულ სამთავრობო და საკადრო ცვლილებებს ოპოზიცია კადრების დეფიციტს, შიდა დაპირისპირებასა და გარკვეულ სხვა პრობლემებს უკავშირებს, ხელისუფლება კი ცვლილებებს მენეჯერული ეფექტიანობისა და კონკრეტული შედეგების საჭიროებით ხსნის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თანამდებობებზე გადაადგილება ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.

უახლოესი საკადრო ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეეხო - 14 სექტემბერს გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა, ხოლო მის შემცვლელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა, რომელიც პარლამენტმა 16 სექტემბრის სხდომაზე დაამტკიცა. ბორაშვილს 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი. კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა, ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევა პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა.

აქვე აღსანიშნავია, რომ გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადავიდა.

15 სექტემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს კულტურის მინისტრად "ქართული ოცნების" დეპუტატი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მაია ბითაძე დანიშნა. ბითაძემ თინათინ რუხაძე შეცვალა, რომელიც მინისტრის პოსტს 2024 წლის 14 ოქტომბრიდან 2026 წლის 28 ივლისამდე იკავებდა.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ბოლოდროინდელ ხშირ საკადრო ცვლილებებს ნორმალური მოვლენა უწოდა.

"სახელმწიფოში საკადრო გადაადგილებები, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ნორმალური მოვლენაა. სწორედ ეს ვიგულისხმე, როდესაც ვთქვი - "ხდება ხოლმე"-მეთქი. სამ თვეში ერთხელ იქნება, ექვს თვეში თუ ათ წელიწადში ერთხელ, ეს ყველა სახელმწიფოში ჩვეულებრივი პროცესია", - განაცხადა მახაშვილმა.

კადრების დეფიციტი, თუ დაგეგმილი როტაცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კადრების დეფიციტია, რასაც, მისი თქმით, შიდა დაპირისპირება, ცალკეული თანამდებობის პირების არაკომპეტენტურობა და პირადი ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე წინ დაყენების და კორუფციის შემთხვევებიც ემატება.

  • ნიკა ჩიტაძე: "ხშირი სამთავრობო ცვლილებები კადრების დეფიციტით არის გამოწვეული - თან უნდა, შეარჩიო რომ რაღაც ცოდნა გააჩნდეს ადამიანს და თან, პარტიის ერთგული უნდა იყოს"

"ხშირი სამთავრობო ცვლილებები გარკვეულწილად კადრების დეფიციტით არის გამოწვეული, იმიტომ, რომ თან უნდა, შეარჩიო რომ რაღაც ცოდნა გააჩნდეს ადამიანს და თან, პარტიის ერთგული უნდა იყოს და აქედან გამომდინარე, ეს დეფიციტი არსებობს. უსაფრთხოების სამსახურის უფროსები იცვლებიან, სხვა მინისტრებიც იცვლებიან ხშირად და აქედან გამომდინარე, ეს არის მთავარი პრობლემა.

"ხშირი ცვლილება გარკვეულწილად შიდა დაპირისპირების გამოძახილიც არის და, ნუ ვთქვათ, კადრების არაკომპეტენტურობაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ხშირ შემთხვევაში ვთქვათ, პირადი ინტერესებია, დავუშვათ, რომელიმე თანამდებობის პირი უფრო მაღლა აყენებს, სახელმწიფო ინტერესებზე. ასევე კორუფციის ნიშნები იყო გამოვლენილი",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" საუბრისას „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე საკადრო ცვლილებებსა და ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველ გუნდში ცვლილებები ძირითადად კონკრეტული შედეგებისა და მაღალჩინოსნების მუშაობის ეფექტიანობას უკავშირდება და მსგავსი პროცესები სამთავრობო სტრუქტურებისთვის უჩვეულო არაა. დასძენს, რომ ხელისუფლებაში არსებული ვითარების შესახებ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული შეფასებები რეალურ სურათს არ ასახავს.

"ბრალდებები ოპოზიციის მხრიდან უცვლელია, ე.წ. დაპირისპირებაზე მმართველ გუნდში, მაგრამ სადაც არის კონფრონტაცია და ერთმანეთისადმი დაუნდობელი დამოკიდებულება, ვხედავთ - ეს რადიკალების ფლანგზეა.

"ამას ვერც მალავენ, ვერც დამალავენ და იმ უიმედო გადაჯგუფების პროცესში არიან, რომლითაც უნდათ 2028 წლის არჩევნებისთვის მოემზადნენ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო უკვე არაერთი პარტიის აკრძალვის საკითხს განიხილავს.

"რაც შეეხება "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე ცვლილებებს, ეს ზოგჯერ ინტენსიურია, ზოგჯერ ნაკლებდ. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ პოლიტიკა შედეგებზეა ორიენტირებული და კონკრეტულ მენეჯერებზე, ანუ მაღალჩინოსან პოლიტიკოსებზე. შესაბამისად, ზოგი სხვა თანამდებობებზე გადავა, ზოგი პოლიტიკას ტოვებს, ზოგი კიდევ ვერ ართმევს თავს იმ ფრონტზე მუშაობას, სადაც დანიშნეს, რადგანაც ვერ ხედავს საკუთარ შესაძლებლობებს. ამაში უჩვეულო ნამდვილად არაფერი არაა, როდესაც სამთავრობო სტრუქტურებში ჩინოსნები იცვლებიან.

  • გია აბაშიძე: "ცვლილებები ხშირადაა ევროპაშიც, თუმცა, იქ ოპოზიცია კონკრეტული გადაწყვეტილებების და პროგრამების შესრულების უმწვავეს კრიტიკაზეა ორიენტირებული და არა იმაზე, რომ რაღაცა ჩამოიშალა"

"მერწმუნეთ, რომ ასეთი ცვლილებები ძალიან ხშირად ხდება ევროპაშიც, თუმცა, იქ ოპოზიცია კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების და პროგრამების შესრულების უმწვავეს კრიტიკაზეა ორიენტირებული და არა იმაზე, რომ რაღაცა ჩამოიშალა, რაღაცა დაინგრა და ა.შ.

"კადრების დეფიციტი რომ შეინიშნებოდეს, ასე სწრაფად არ მოხდებოდა ხოლმე გუნდში მაღალჩინოსნების ჩანაცვლება, თანაც ისეთი პირებით, რომლებიც მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

"თუმცა, ზოგიერთი დანიშვნის შემდეგ შესაძლოა ვერ ართმევდეს ვინმე თავს და მისთვის რეალობა სულ სხვა იყოს, ვიდრე მოლოდინი, ამიტომაც ეს ხდება წყნარად, მშვიდად, დემოკრატიულად. მაგრამ ის ინსინუაციები, რომ თითქოს იქ რაღაცა კლანებია, რაღაცა დაპირისპირებაა, ეს ზუსტად ასახავს ოპოზიციის სავალალო მდგომარეობას, რომელიც კიდევ უფრო მძიმდება",- განაცხადა აბაშიძემ.

რას ამბობენ ოპოზიციაში

 „ფედერალისტების" წევრმა თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ "ოცნებაში" კრიზისია.

„აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს პრობლემები და კრიზისი აქვს. უკმაყოფილოა გარემოცვით, რომელიც ჰყავს. რაღაც რისკებს ვერ უზღვევენ, რაღაც ეჭვებიც გაუჩნდა, დრო გადის, რისკები გაიზარდა, რაღაც გავლენები გაჩნდა გუნდის შიგნითაც და ამიტომ მიდის ცვლა.

"როდესაც მის მხარეს თამასა გაიზარდა, მეორე მხარესაც გაიზარდა თამასა. ანუ ეს ხალხი, ვინც მას ემსახურება, გარკვეულ კალკულაციას აკეთებს, რა უღირს და რა - არა. ღარიბაშვილის "ქეისმა" აჩვენა, რომ აბსოლუტური ლოიალობა და მორჩილებაც კი ბიძინა ივანიშვილის კარზე არანაირი გარანტია არ არის, შესაბამისად, ვისაც ოდნავ ჭკუა მაინც აქვს და რაღაც წარმოდგენა საკუთარ თავზე, თუ სამი წლის წინ დათანხმდებოდა რაიმე შემოთავაზებას ბიძინა ივანიშვილისგან, დღეს უკვე ამას აღარ გააკეთებს.

"ახლა უკვე საშიში ხდება [თანამდებობაზე დანიშვნა], თანამდებობაზე მყოფი პირები, როგორ ამთავრებენ, ვნახეთ - ან ძებნილია ან ბიძინა ივანიშვილის კარიდან ისე არის გაგდებული, რომ საჯარო სივრცეში ხმას ვერ იღებს ან კიდევ ციხეში ზის. ესენი მისი უახლოესი კადრები იყვნენ.

"ივანიშვილის რაღაც პერიოდებით მოჰყავს "გუნდები". მის წინა "გუნდებს" თუ დავაკვირდებით, მათ გვერდით ყოველთვის არსებობდა მეორე, "ჯუნიორი გუნდები", ანუ, სათადარიგო სკამები, რომელსაც, დაახლოებით უკვე წარმოგვედგინა", რომ შემდეგ გადააბარებდა [ხელისუფლებას].

"დღევანდელ კადრებს კი რომ შეხედო, ირაკლი კირცხალიას რა უნდა გადააბარო კაცმა, რა ფუნქციაც აქვს, რომ ღილაკზე თითი დააჭიროს სწორად, მაგას ორი ბატიც არ უნდა ჩააბარო.

"ახლა ერთადერთი კობახიძეა დარჩენილი, რომელსაც გუნდის შიგნით არანაირი ავტორიტეტი და ლეგიტიმაცია არ გააჩნდა არასდროს და ახლა ისიც დაზიანდა იმიტომ, რომ ის ყოველთვის არსებობდა პაკეტში, ანუ ის მარტო არასდროს არ იყო. ყოველთვის არსებობდა კობახიძე-მდინარაძე.

"ეს უკანასკნელი მისი შავი საქმეების მეტ-ნაკლებად გამკეთებელი იყო და კობახიძე ცოტა მეტად აკადემიური უნდა გამოჩენილიყო. ეს ფუნქცია ჰქონდათ განაწილებული.

"პრემიერი ჰქვია ადამიანს და ასეთი კადრი ვერ დაიცვა, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორია მისი რეპუტაცია გუნდის შიგნით? მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოიშორებს ბიძინა ივანიშვილი. უბრალოდ ჟანრის ლოგიკაა, რომ ისიც მოიშოროს",- განაცხადა კირთაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×