თამთა ჩაჩანიძე
14.09.2026

რუსეთი გერმანულ ქარხნებს დარტყმების პოტენციურ სამიზნეებად განიხილავს, საუბარია საწარმოებზე, რომლებიც უკრაინისთვის შორი მანძილის უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებასა და წარმოებაში მონაწილეობენ. პარალელურად, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დაიხევენ.

აღნიშნულს წინ უძღოდა 13 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მახლობლად, იაგოდინის სადგურზე, სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე დრონებით განხორციელებული დარტყმა. უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის ინფორმაციით, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე დიპლომატიური მატარებელი ყოფილიყო, რომელიც სადგურზე ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდა და რომელშიც ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის უსაფრთხოების მრჩევლები და ყოფილი ლიდერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, იმყოფებოდნენ.

ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგის განცხადებით, მოსკოვმა შესაძლოა გერმანიის ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმების გასამართლებლად გაეროს წესდების ე.წ. „მტრული სახელმწიფოების" შესახებ დებულებების გამოყენება სცადოს.

"რუსეთმა გერმანული ქარხნები დარტყმების პოტენციურ სამიზნეთა სიაში შეიყვანა" - აცხადებს მიხაელ ფონ დერ შულენბურგი. მისი თქმით, საუბარია საწარმოებზე, რომლებიც უკრაინისთვის შორი მანძილის უპილოტო საფრენ აპარატებს ამუშავებენ და აწარმოებენ.

შულენბურგის სიტყვებით, მოსკოვმა შესაძლოა სცადოს გაეროს წესდების დებულებების გამოყენება „მტრული სახელმწიფოების" შესახებ, როგორც გერმანიის ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმების ფორმალური გამართლება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კი აცხადებს, რომ პოლონეთის საზღვართან მატარებელზე დარტყმა ვლადიმერ პუტინის მიერ წინასწარ გათვლილი ესკალაციაა, რომლის მიზანი ევროპაში შიშის დანერგვაა.

„მნიშვნელოვანია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ, რომ პროვოკაციებს ავყვეთ. თუმცა, ამავდროულად, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს იმაში, რომ ჩვენ საკუთარი თავის დაცვა შეგვიძლია და ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ. ის, რასაც პუტინი აკეთებს სახიფათოა. მან ეს იცის და სწორედ ამიტომ აკეთებს ამას", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

თუ რუსეთმა გერმანიის სამხედრო ობიექტებს შეუტია

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის ნაბიჯები სამხედრო მუქარას ჰგავს, თუმცა, თუ მაინცდამაინც გერმანულ ქარხნებს დაარტყა და განაცხადა, რომ ეს ქმედება მიზანმიმართული იყო, მაშინ ეს მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების ტოლფასია.

"ალბათ ეს უფრო სამხედრო მუქარის რაღაც ელემენტია, ვიდრე რეალური დარტყმის ვარიანტი, თუმცა, არ გამოვრიცხავ იგივე, თუნდაც, სადაზვერვო-დივერსიული ტიპის აქტივობები იყოს - ალბათ ეს უფრო ოპტიმალური ვარიანტი იქნება ამჟამად რუსეთისათვის.

"ანალოგიურად, იგივე ბრიტანეთსაც დაემუქრა. ამის გამო, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი მოსკოვში ჩავიდა, რათა გააფრთხილებინა, რომ ბრიტანეთის წინააღმდეგ არ გადაედგა მტრული სამხედრო დემარში და ეს იყო ტრამპის გაფრთხილება, რომ ამერიკა ჩაერეოდა და დაიცავდა ბრიტანეთის სამხედრო უსაფრთხოებას.

  • ვახტანგ მაისაია: "თუ რუსეთმა თქვა, რომ კი, ჩვენ მიზანმიმართულად დავარტყით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო და სხვა ობიექტებზე, ეს ომის გამოცხადებაა პირდაპირი გაგებით"

"ახლაც იგივე ვარიანტია, როგორც ჩანს, რუსეთი აპირებს განახორციელოს გერმანიაზეც ერთგვარი სამხედრო ზეწოლა, სამხედრო მუქარის სახით. არაა გამორიცხული, რომ ადგილობრივმა აგენტურულმა დივერსიულმა ქსელებმა რაღაც ტერორისტული ქმედება განახორციელონ ქარხნების მიმართ, თუნდაც დრონების გამოყენებით.

"რა თქმა უნდა, აშშ-ს გერმანიაზეც იგივე პოზიცია ექნება, როგორც ბრიტანეთზე. ეს არის ნატოს ფორმატი. პუტინი უკვე არაფორმალურად გააფრთხილეს, კრემლის ლიდერმა აშშ-ს წარმომადგენელს შეახვედრა ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორი და საკმაოდ ცხარე და საკმაოდ არაეთიკურ დონეზე წავიდა იქ საუბარი ორ სპეციალურ, სპეცსამსახურის ხელმძღვანელს შორის.

"თუ რუსეთი აპირებს გამოიყენოს გაეროს წესდების 51-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის ფორმატს, რომ ქვეყანას შეუძლია სამხედრო ძალის გამოყენება საკუთარი ტერიტორიის თავდასაცავად, შეიძლება ეს, ეს იგულისხმა ევროპარლამენტარმა",- განაცხადა მაისაიამ.

კითხვაზე, დავუშვათ რუსეთი მართლაც აპირებს სერიოზულ იერიშებს გერმანულ ქარხნებზე, მაშინ რა სცენარით შეიძლება წავიდეს მოვლენები, მაისაიამ გვითხრა:

"შეიძლება ეს იყოს დივერსიული ან ტერორისტული ჯგუფი. შეიძლება სულაც დრონებით დარტყმაზე იყოს საუბარი, ეგეც უკვე ომის გამოცხადების ტოლფასია. მაშინ გამოვა, რომ რუსეთმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ომი გამოუცხადა და აქ უკვე

სულ სხვა მექანიზმები ჩაერთვება.

"აქ უკვე ნატოს ალიანსის მექანიზმი ამოქმედდება და ბუნებრივია, უკვე სულ სხვა ადეკვატური რეაგირება იქნება. ეს ფაქტიურად მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების ტოლფასია, თუ ასეთ ქმედებას ჰქონდა ადგილი.

გააჩნია ვითარებასაც, თუ რუსეთმა თქვა, რომ კი, ჩვენ გავაკეთეთ და მიზანმიმართულად დავარტყით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო და სხვა ობიექტებზე, ეს ომის გამოცხადებაა პირდაპირი გაგებით",- განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×