ახალი ბერკეტი პუტინზე ზეწოლისათვის - როგორ შეიძლება ეს აისახოს რუსეთის ეკონომიკასა და უკრაინის ომზე
ნატალია ჯვარიძე
12.09.2026

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა სენატორ ლინდსი გრემის კანონპროექტს უყრის კენჭს. ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს რუსული ენერგომატარებლების იმპორტიორებისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესების უფლებას ანიჭებს, ხშირად მოიხსენიები, როგორც „ჯოჯოხეთური სანქციების კანონი". ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი საბოლოოდ მიღება რუსეთის ეკონომიკაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება და უკრაინის ომზეც იქონიებს გავლენას.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, კანონპროექტის განხილვა და კენჭისყრა უკვე ორშაბათს, 14 სექტემბერს იგეგმება. გამოცემა „ბლუმბერგი" აღნიშნავს, რომ კანონპროექტი გარკვეული წინააღმდეგობის წინაშეა წარმომადგენელთა პალატაში შიშების გამო, რომ ის ტარიფების შემოღებაზე პრეზიდენტი ტრამპის უფლებამოსილებას გააფართოებს და ნავთობზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

  • კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლი პრეზიდენტ ტრამპს საშუალებას მისცემს, ტარიფები რეალურად კი არ აამოქმედოს, არამედ მხოლოდ მუქარის სახით გამოიყენოს მოლაპარაკებებისას.

„ამ წყაროს თქმით, კანონპროექტი გამოტანილი იქნება განხილვისთვის პროცედურით, რომელიც გადაწყვეტილების მარტივი უმრავლესობით მიღებას ითვალისწინებს", - წერს გამოცემა.

თუმცა, წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობას საბოლოო ჯამში გადაწყვიტა კანონპროექტის განხილვის გაგრძელება, რომელსაც ორივე პარტიისა და თეთრი სახლის მხარდაჭერა გააჩნია.

ცნობისთვის, კანონპროექტი, რომლის ავტორიც სენატორი ლინდსი გრემი იყო (რესპუბლიკური პარტია), საშუალებას მისცემს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი ამ მომენტისთვის რუსული ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან.

კანონპროექტის გარშემო ვაშინგტონში საკმაოდ მწვავე დებატები მიმდინარეობს, თუმცა მისი მიღების შანსი მაინც მაღალია. თეთრი სახლი და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები ინიციატივას აქტიურად უჭერენ მხარს, რადგან დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ კანონში ხედავს დამატებით ძლიერ ბერკეტს ჩინეთზე, ინდოეთსა და რუსული ენერგომატარებლების სხვა იმპორტიორებზე ზეწოლისთვის.

ამის საპირისპიროდ, სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამს ამერიკის სავაჭრო პალატა და მსხვილი ბიზნეს-სექტორი. ისინი კონგრესს მოუწოდებენ, ამოიღონ 100%-იანი ტარიფების პუნქტი, რადგან შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი ამერიკულ კომპანიებსა და მიწოდების ჯაჭვებს დააზარალებს.

  • მნიშვნელოვანია ისიც, რომ სანქციები კანონის დონეზე გამყარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტები ცალმხრივად ვეღარ მოუხსნიან შეზღუდვებს რუსულ ბანკებსა და ენერგოკომპანიებს.

შეშფოთებას გამოთქვამენ დემოკრატებიც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კანონი პრეზიდენტს სატარიფო პოლიტიკაში ზედმეტად ფართო და არაკონტროლირებად უფლებამოსილებას ანიჭებს.

კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში მისი ავტორები - სენატორები ლინსდი გრემი და რიჩარდ ბლუმენტალი ითხოვდნენ რუსული ურანისა და ენერგორესურსების შესყიდვაზე საბაჟო გადასახადის 500%-მდე გაზრდას. პროექტს 85 სენატორმა დაუჭირა მხარი, თუმცა მისი წინსვლა შეფერხდა თეთრი სახლის მხარდაჭერის არარსებობისა და ტრამპის სატარიფო უფლებამოსილებების გაფართოებასთან დაკავშირებით დემოკრატების წინააღმდეგობის გამო.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ამოქმედდა, ექსპერტები პირველ რიგში ნავთობისა და გაზის გლობალური ფასების ზრდას პროგნოზირებენ. რუსული ენერგომატარებლების უმსხვილეს მყიდველებზე, მათ შორის ჩინეთზე, ინდოეთსა და თურქეთზე ტარიფების დაწესებამ შესაძლოა გლობალური სავაჭრო ომი გამოიწვიოს. თუმცა, ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ კანონში დევს სპეციალური მუხლი, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, დროებით შეაჩეროს სანქციების გამოყენება. ეს ტრამპს საშუალებას მისცემს, ტარიფები რეალურად კი არ აამოქმედოს, არამედ მხოლოდ მუქარის სახით გამოიყენოს მოლაპარაკებებისას. ხოლო თუ სანქციები მაინც სრული მასშტაბით ამოქმედდება, ეს რუსეთის ეკონომიკისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება, რადგან ის ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების დიდ ნაწილს დაკარგავს.

რუსეთის ხელისუფლება დასავლურ სანქციებს არაეფექტურსა და არალეგიტიმურს უწოდებს. აშშ-ში რუსეთის საელჩომ გრემის კანონპროექტს ტრამპის ადმინისტრაციისთვის გაწეული „დათვური სამსახური" უწოდა და განაცხადა, რომ შეზღუდვებს შესაძლოა ეკონომიკური შედეგები თავად ვაშინგტონისთვისაც მოჰყვეს.

მოსალოდნელი ეფექტი

საერთაშორისო ექსპერტები და ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედება რუსეთის ეკონომიკისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება. კანონი მიზნად ისახავს ჩინეთის, ინდოეთისა და თურქეთის იძულებას, მკვეთრად შეამცირონ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვები. თუ ეს ქვეყნები ამერიკული ტარიფების შიშით უკან დაიხევენ, კრემლი დაკარგავს ბიუჯეტის შევსების მთავარ წყაროს, რაც რუსეთის ეკონომიკას მძიმე კრიზისში ჩააგდებს.

ამასთანავე, კანონპროექტი ამარტივებს იმ ტანკერების სანქცირებას, რომლებითაც რუსეთი ჯერჯერობით ახერხებს დასავლური შეზღუდვებისთვის გვერდი ავლას, ეს კი საგრძნობლად გააძვირებს რუსული ნავთობის ლოგისტიკას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სანქციები კანონის დონეზე გამყარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტები ცალმხრივად ვეღარ მოუხსნიან შეზღუდვებს რუსულ ბანკებსა და ენერგოკომპანიებს.

რაც შეეხება უკრაინაში ომის დინამიკას, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური წნეხი პირდაპირ აისახება ფრონტის ხაზზე. ნავთობდოლარების შემცირება კრემლს გაურთულებს ახალი შეიარაღების წარმოებისა და ჯარისკაცების ხელფასების დაფინანსებას. ექსპერტების შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაცია ამ კანონს გამოიყენებს როგორც ძლიერ ბერკეტს სამშვიდობო მოლაპარაკებებისას, რათა პუტინი აიძულოს გააცნობიეროს, რომ ომის გაჭიანურება რუსეთის სრულ ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×