
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებას იურისტთა ნაწილი სამართლებრივ ნონსენსად მიიჩნევს, ოპოზიცია კი - პოლიტიკურ დევნად. მათი შეფასებით, საჯაროდ გაკეთებული უკიდურესად უპასუხისმგებლო განცხადების გამო ბარამიძე მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა და არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
გიორგი ბარამიძე 11 სექტემბერს, საღამოს თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურამ მას სახელმწიფო ღალატისა და საბოტაჟის მუხლით წაუყენა ბრალი. ამ ბრალდების საფუძველი გახდა ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიას გადაცემაში („საქართველოს დაბადება") გაკეთებულ განცხადება, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ტყვეებს არ იყვანდნენ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ.
ბარამიძის დაკავების პროცესი მისმა მეუღლემ „ფეისბუქ ლაივით" გაავრცელა. როდესაც სამართალდამცველებმა მას განუცხადეს, რომ დაკავებული იყო სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, ბარამიძემ პოლიციელებს მიმართა: „არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?" მან იქვე აღნიშნა, რომ საკუთარი ხალხის წინაშე სინდისი აბსოლუტურად სუფთა აქვს და სამშობლოსთვის არასდროს უღალატია.
უშუალოდ დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც შეიტყო, რომ პროკურატურამ იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო ძიება დაიწყო, ბარამიძემ ვიდეომიმართვაც გავრცელა, სადაც ამბობს, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი - მას არ უთქვამს, რომ ქართულ არმიას ტყვეების დახვრეტის პოლიტიკა ან ბრძანება ჰქონდა, არამედ საუბრობდა ომის საწყის ეტაპზე ცალკეული, ემოციურ ფონზე ჩადენილი შურისძიების ფაქტებზე.
- გიგა ბოკერია: „გია ბარამიძემ, ჩემი აზრით, გაუაზრებლად, კატასტროფულად უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა, რის გამოც მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა და არა სისხლის სამართლებრივ დევნას".
გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ბარამიძის განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.
„გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას.
„გიორგი ბარამიძის განცხადებით, შეილახა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი, აგრეთვე შეიქმნა სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის და იურიდიული პროცედურების გაძლიერებისა და გამოყენებისათვის. მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.
„ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
როგორც გულუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ოპოზიციის შეფასება
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბარამიძის ეს განცხადება ვერანაირად ვერ შეიძლება ჩაითვალოს სამშბლოს ღალატად, თუმცა უპასუხისმგებლო ქცევა ნამდვილად იყო.
„ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია წერს, რომ თუ უპასუხისმგებლო კომენტარები და გამონათქვამები შეიძლება სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, „მაშინ ივანიშვილის რეჟიმის უამრავი წარმომადგენელი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია ციხეში უნდა იჯდეს".
„სიტყვის თავისუფლება იცავს სრულიად უპასუხისმგებლო, ბრიყვულ და თუნდაც მავნებლურ კომენტარებსა და გამონათქვამებსაც. გია ბარამიძემ, ჩემი აზრით, გაუაზრებლად, კატასტროფულად უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა, რის გამოც მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა და არა სისხლის სამართლებრივ დევნას", - თქვა ბოკერიამ.
- იაგო ხვიჩია: „ვერცერთი პროკურორი ვერ ამიხსნის, რაც ბარამიძემ ჩემს გადაცემაში თქვა, იმას რა კავშირი აქვს სამშობლოს ღალატთან".
ბარამიძის დაკავებას იაგო ხვიჩიაც ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ სურს საჯაროდ გაირჩეს, თუ რას ედავებიან ოპოზიციის წარმომადგენელს.
„ვერცერთი პროკურორი ვერ ამიხსნის, რაც ბარამიძემ ჩემს გადაცემაში თქვა, იმას რა კავშირი აქვს სამშობლოს ღალატთან?!
„მინდა ბარამიძის საქმის პროკურორი გამოვიდეს და თქვას რას ედავება, მინდა საჯაროდ გაირჩეს ყველაფერი!
„მთელი თქვენი პროპაგანდა სამართლიანობის აღდგენაზე იყო. რას არ აბრალებდით ბარამიძეს და ბოლოს ჩემი გადაცემის გამო დაიჭირეს?" - წერს ხვიჩია.
ასევე არის შეფასება, რომ „ოცნება" აპატიმრებს ყველა იმ ქართველ პოლიტიკოსს, რომლებზეც რუსეთში საქმეებია აღძრული უკრაინის ომში მონაწილეობის გამო:
„დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება" - უკრაინის სასარგებლოდ და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისა და ომში ჩართულობისთვის რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ირაკლი ოქრუაშვილი და ახლა ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული ალეკო ელისაშვილი და ახლა ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ახლა ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული კობა ხაბაზი, რომელსაც სასტიკად დაესხნენ თავს სპეცრაზმელები და ისე გაუსწორდნენ ფიზიკურად, რომ ამ ადამიანის ამოცნობა შეუძლებელი იყო. დავით ქაცარავა რუსეთში ძებნილია და „ქართულ ოცნების" სპეცრაზმელები ფიზიკურად ისე გაუსწორდნენ, რომ „ქართული ოცნების" წევრებიც კი აღშფოთებულები იყვნენ იმის გამო, დათოს თავს რაც მოხდა".
რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ბრალდებას
კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე ვერ ხედავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საფუძველს, რომ ბარამიძის განცხადება „სამშობლოს ღალატია".
„საერთოდ, ეს ცნება -„სამშობლოს ღალატი" - თავის დროზე, რამდენადაც მახსოვს, ამოღებული იყო სისხლის სამართლის კოდექსიდან. შემდგომ ისევ არის შეტანილი, ოღონდ როგორც რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის დანაშაულის გამაერთიანებელი. თვითონ ცალკეულ მუხლებში ეს არ წერია.
„თავის დროზე ამოღებული იყო იმიტომ, რომ ეს, ძალიან ბევრი სპეციალისტის შეფასებით, უფრო მორალური კატეგორიაა, ვიდრე სისხლის სამართლის კატეგორია. ჩემი აზრით, ასეთი ბრალდება - „სამშობლოს ღალატი" - საერთოდ არ უნდა არსებობდეს.
- ვახტანგ ხმალაძე: „იმაში, რაც მოვისმინე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მე იქ ვერ ვხედავ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საფუძველს."
„სხვა საქმეა, ვთქვათ, კონკრეტული შემადგენლობა დანაშაულისა. ახლა იმაში, რაც მოვისმინე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მე იქ ვერ ვხედავ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საფუძველს. ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილ საფუძველს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რა თქვა გია ბარამიძემ და იმასაც, თუ შემდგომ როგორი კომენტარი გააკეთა ამ თავისი ნათქვამის გამო. ასე რომ, მე იქ რაიმე საფუძველს ვერ ვხედავ", - აღნიშნა ხმალაძემ.
კითხვაზე, რა ითვლება სამშობლოს ღალატად, ხმალაძე პასუხობს:
„სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე მუხლია, რომლებსაც საერთო სათაურად აქვს „სამშობლოს ღალატი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედება" - მგონი, ასე ჰქვია ამ თავს. თორემ ცალკეულ მუხლში, დანაშაულის შემადგენლობაში, „სამშობლოს ღალატი" დასახელებული საერთოდ არ არის. მაგრამ იმის გამო, რომ საერთო სათაურშია „სამშობლოს ღალატი", ნებისმიერს, ვისაც ამ მუხლით წაუყენებენ ბრალდებას, შეუძლიათ დაუმატონ „სამშობლოს ღალატიც", რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორია",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „